Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

დანაშაული, ძალადობა თუ „როცა ჰორმონები გითამაშებს...“

7ac44cef9af5

 1988 წელი... ისრაელი...


ზაფხულის ერთ საღამოს კიბუც შამერეთში 14 წლის გოგონას შვიდი 17 წლის ბიჭი რიგრიგობით აუპატიურებს. მათ გოგონა, როგორც ფიზიკურად ასევე მორალურად შეურაცხყვეს. მაშინ, 90-იან წლებში ძალადობის ამ ისტორიამ არა მხოლოდ ისრაელი, არამედ მთელი მსოფლიო შეძრა. ძალადობის მუხლით ბიჭების წინააღმდეგ პროცესი დაიწყო, საზოგადოების დიდი მცდელობისა და ძალისხმევის მიუხედავად, რომ „დამნაშავეები“ დასჯილიყვნენ, 1992 წლის ნოემბერში, საოლქო სასამართლოს მოსამართლემ სარჩელის უსაფუძვლობის გამო ბიჭები გაამართლა.  ბიჭების გათავისუფლებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მოსამართლე კი ამტკიცებდა, რომ: „გოგონას სექსუალურ ურთიერთობაზე უარი არ უთქვამს. გარდა ამისა, გოგონას ჩვენებაში ურთიერთგამომრიცხავი პოზიციებია და ვფიქრობ იგი საკუთარი სურვილით ახორციელებდა, ინტიმურ ურთიერთობას.“ მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საზოგადოების პროტესტი არ წყდებოდა და ოთხი ბიჭის წინააღმდეგ სააპელაციო საჩივარი იქნა შეტანილი.

პიესა „აკრძალული თამაშები“

ებრაელი დრამატურგი ედნა მაზია იხსენებს: „თეატრის დირექტორმა, ოდედ კოტლერმა მთხოვა, პროცესს დავსწრებოდი და პიესა დამეწერა. სასამართლოში, რომ მივედი და ის ბიჭები ვნახე - პირუტყვები, უგრძნობელნი და გულგრილნი, იცინოდნენ, თითქოს მათ ეს არ ეხებოდათ, ამან თავზარი დამცა. ვფიქრობ საზოგადოება დიდი კულტურული პრობლემის წინაშე დგას. ადამიანები ფიქრობენ, რომ სუსტებს, ინვალიდებს, საცოდავი გარეგნობის, სოციალურად დაბალი ფენის ადამიანებს, როგორც უნდათ ისე მოექცევიან. როგორც საავადმყოფოში სჩვევიათ - ხმამაღლა ელაპარაკონ ავადმყოფებს, თითქოს ისინი ყრუებიც არიან. ადამიანებს გრძნობები აღარ გააჩნიათ...


სასამართლოზე გოგონას პროკურორმა მკითხა, იქ რას ვაკეთებდი, ვუთხარი, რომ პიესას ვწერდი. მან პიესის წაკითხვა ისურვა, და ის ბოლო გვერდები ჩაიკითხა, სადაც მოძალადეებს პატიმრობა მიესჯებათ. „ღმერთმა ქნას, ეს იყოს სასჯელი...“ მითხრა პროკურორმა. ასეც მოხდა, სამ მოძალადეს პატიმრობა მიესაჯა... პიესას  კი „აკრძალული თამაშები“  ვუწოდე...“

პიესა „აკრძალული თამაშები“ პირველად 1993 წელს ხაიფას თეატრში დაიდგა და ყველა დროის ყველაზე წარმატებულ ნაწარმოებად იქცა. მხოლოდ რეალური ფაქტისგან განსხვავებით, დრამატურგმა პერსონაჟთა რაოდენობა შეამცირა, პიესაში მხოლოდ ხუთი მონაწილეა და ფაქტიც ცალკე მოვლენად წარმოადგინა, რომელიც კიბუცის სათამაშო მოედანზე ზაფხულის ერთ საღამოს ვითრადება. „მინდოდა პიესა ჩვეულებრივ ბიჭებზე დამეწერა, რომლებიც საზღვრებს სინჯავენ, და მერე ექსტაზში ანგარიშმიუცემლად კვეთენ მათ. მინდოდა ახლაგზრდობას დაენახა, პროცესი, სადაც საგნების დამახნიჯება ხდება, საბედისწერო წამი, როდესაც პროვოკაციული და ჰორმონალური თამაში ძალადობაში იზრდება, და ბიჭი უხეშ პირუტყვად იქცევა...


ეს სპექტაკლი ადვოკატებსა და მოსამართლეებსაც აჩვენეს. იმედი მაქვს, იგი ცოტათი მაინც დაეხმარა მათ, დაენახათ მგრძნობელობითი პროცესი. თუ ეს ასეა, მაშინ რაღაც, თუნდაც სულ მცირედი მაინც გამიკეთებია, კაცობრიობისთვის...“ - ამბობს დრამატურგი.

„უკანა ეზოს თამაშები“

17 წლის ბიჭისა და 14 წლის გოგონას ურთიერთობის გახმაურებული ამბავი, სკანდალი, რომელმაც იმ დროს დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მსოფლიოს მრავალს სცენაზე დიდი წარმატებით დაიდგა. რეალურ ამბავზე დაწერილი პიესა და აგებული სპექტაკლი 23 წლის შემდეგ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში რეჟისორმა მანანა ბერიკაშვილმა გააცოცხლა. სცენოგრაფი მერაბ მოისწრაფიშვილი, კოსტუმების მხატვარი ელენე მალაზონია, ქორეოგრაფი არჩილ სოლოღაშვილი, განათების მხატვარი ია ნადირაძე, მუსიკალური გაფორმება მარიამ ლოლაძე, ფოტო & ვიდეო ინსტალაციები ნიკუშა მდივანი, ხმის რეჟისორი ემზარ ბეგიაშვილი, პიესა თარგმნა მამუკა ბუცხრიკიძემ. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები, დვორი მიხნასი - ნანა ბუთხუზი, ანა ალექსიშვილი, ასაფ სახაროვი - ვექილი - გიორგი ვარდოსანიძე, შმუელ კუპერი - ვექილი - თორნიკე გოგრიჭიანი, ალექსანდრე დავითაშვილი, გიდი ბაცარი - ვექილი - დევი ბიბილეიშვილი, გიორგი მახარაძე, სელა ბოროხოვი - ვექილი - კახა კინწურაშვილი. სპექტაკლის პრემიერა 25, 26 და 27 თებერვალს გაიმართა.

დვორი ერთი უბრალო სკოლის მოსწავლეა. თოჯინებით თამაშს თავი არც ისე დიდი ხნის წინ დაანება, თუმცა ოთხი მოზარდი ბიჭის გარემოცვაში სახიფათო თამაშში ერთვება. საქანელაზე დაწყებული თამაში კი გოგონას ცხოვრებისეულ ტრაგედიად იქცა, რადგან მას ყოველთვის გულუბრყვილოდ სჯეროდა დაპირებების „წამიყვანე ტბაზე, შენ ხომ შემპირდი...“ მოქმედება ნებით თუ უნებლიეთ ძალადობაში გადაიზრდება. გოგონას აუპატიურებენ და იგი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდება, ბიჭების პასუხისმგებლობის საკითხს კი ორი წლის შემდეგ სასამართლო განიხილავს.


„პიესა მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია, რადგან რეალურ ფაქტზე შეიქმნა. ასეთი რამ ისრაელში ნამდვილად მოხდა. შვიდმა ბიჭმა 14 წლის გოგონა გააუპატიურა, რომელიც უკანა ეზოებში თამაშობდა, რადგან თავისი ადგილი საზოგადოებაში ვერ დაიმკვიდრა - „დორი ცუდი გოგოა, უკანა ეზოებში უყვარს თამაში...“ მსგავსი პრობლემები ალბათ, ჩვენთანაც არსებობს. ახალგაზრდული შეცდომები, რომელშიც კაცმა არ იცის, ვინ არის დამნაშავე... შეიძლება, არც არავინ არ არის, ან ყველა დამნაშავეა. ყველაზე საინტერესო კი ის, არის, რომ მოქმედება თამაშ-თამაშით ხდება. ჩვენი, შემოქმედებითი ჯგუფის მიზანია, რომ ამ სპექტაკლიდან გასული მაყურებელი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობა დააფიქროს, რადგან ამ წარმოდგენაში მთავარი მსაჯული სწორედ მაყურებელი, თავად საზოგადოება არის...“ - ამბობს რეჟისორი მანანა ბერიკაშვილი.

P.S. სპექტაკლის ნახვა მაყურებელს ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში 3, 4 და 5 მარტს ისევ შეუძლია. სპექტაკლის, სადაც მთავარი მსაჯული მაყურებელი, საზოგადოება არის... სპექტაკლი, რომელიც სვამს კითხვას - ვინ არის მოზარდების შემზარავ ისტორიაში მთავარი დამნაშავე? ან იქნებ დამნაშავე არც არავინ არ არის და ყველაფერი მაშინ ხდება, „როცა ჰორმონები გითამაშებს...“