Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მიხაი ზიჩის ნამუშევრების გამოფენა

594e6371c65c

1 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ცნობილი უნგრელი მხატვრის, „ვეფხისტყაოსნის“ ერთადერთი უცხოელი ილუსტრატორის, მიხაი ზიჩის, ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. საგანგებოდ ამ გამოფენისთვის ნამუშევრები თავისი პირადი კოლექციიდან თბილისში მიხაი ზიჩის შვილთაშვილმა, ელიზაბეთ მარია ჩიჩერი-რონაი-სმიტმა, პირადად ჩამოიტანა. ცნობილი უნგრელი მხატვარი, რომელმაც ცხოვრების ნაწილი საქართველოში დაჰყო და ქართულ ხელოვნებაში თავისი მნიშვნელოვანი კვალი დატოვა, თბილისში ამ მასშტაბით პირველად არის გამოფენილი. ასამდე ასლთან ერთად გამოფენაზე წარმოდგენილია თბილისის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში დაცული ორიგინალური ნამუშევრები და ის ნახატები, რომლებიც ამჟამად მხატვრის ოჯახში ინახება. მათი ნახვა კი 2 მარტიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს აგრეთვე შეუძლია ნახოს, როგორ იქმნებოდა „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილი ილუსტრაციები, რომლებიც ზიჩის იმდროინდელმა მოწინავე ქართველმა ინტელიგენციამ შეუკვეთა. კერძოდ, იდგმებოდა „ვეფხისტყაოსნის“ ცოცხალი სურათები, რომლებიც მხატვარს ტილოზე უნდა გადაეტანა (გამოფენაზე წარმოდგენილია მასალები „ვეფხისტყაოსნის“ გმირების პროტოტიპების მემკვიდრეების კოლექციებიდან). მხატვარმა 34 სურათი დახატა. აქედან კომისიამ 27 სურათი შეარჩია. თავისი ნამუშევრები კი ზიჩიმ ქართველ ხალხს უსასყიდლოდ გადასცა.

პოემის გმირების პროტოტიპების მემკვიდრეების კოლექციის ნაწილია ნინო წერეთლის პორტრეტი, რომელიც მიხაი ზიჩიმ დახატა და თამარ დედოფლის პროტოტიპს აჩუქა. „ნინო წერეთელი, გენერალ ბიძინა ჩოლოყაშვილის მეუღლე, ჩემი დიდი ბებიის და იყო. ის ცნობილი პიროვნება და იმ დროის უალმაზესი ქალბატონი გახლდათ. იმ პერიოდში, როდესაც ზიჩი საქართველოში ჩამოვიდა, ბიძინა ჩოლოყაშვილი ქუთაისში მსახურობდა. გაიცნო თუ არა ზიჩიმ ნინო წერეთელი, გადაწყვიტა, რომ ის თამარ მეფისა და ნესტან-დარეჯანის პროტოტიპი უნდა ყოფილიყო. მერე მისი პორტრეტიც დახატა და მასვე უსახსოვრა. ნინო ზიჩის ილუსტრაციებზე მუშაობისას ეხმარებოდა. როგორც ვიცი, ქუთაისში აშენებულ სახელოსნოში, სადაც მხატვარი „ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობდა. როდესაც მიხაი ზიჩის მიერ  დასურათებული პირველი ეგზემპლარი გამოიცა, ზიჩმა ის სწორედ ნინო წერეთელს აჩუქა. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ცოცხალი სურათებისთვის გამოყენებულ კოსტიუმებსაც პერსონაჟებს ნინო წერეთელი უკერავდა.“ - ამბობს ნინო წერეთლის შვილთაშვილი მარინა ელიოზიშვილი.

„ეს პროექტი უნგრეთსა და საქართველოს შორის არსებული კულტურული ურთიერთობის მანიშნებელია. ვფიქრობ, მიხაი ზიჩი ამის საუკეთესო მაგალითია. მას ქართველები კარგად იცნობენ, რადგან შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებზე მუშაობდა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ზიჩი იმაზე მეტია, ვიდრე ილუსტრატორი - ის იყო ინტელიგენტი და ძალიან მგრძნობიარე მხატვარი. მას სძულდა ომი და დიდი სიმპატიებით იყო განწყობილი ქართული ნაციონალური გრძნობებისადმი. ზიჩი იცნობდა ილია ჭავჭავაძეს, სხვა გამოჩენილ ქართველებს და მათთან მეგობრობდა. ეს გამოფენა არის, პირველი ღონისძიება, რომელიც ჩვენი მონაწილეობით მოეწყო. გავაკეთებთ კიდევ ორ გამოფენას, რომელთაგან ერთი საქართველოში აგრეთვე კარგად ცნობილ და ქართულ ენაზე თარგმნილ შანდორ პეტეფს მიეძღვნება, ხოლო მეორე ფრანც ლისტს, რომლის დაბადებიდან 200 წლისთავის აღნიშვნა გვინდა“, - ამბობს უნგრეთის რესპუბლიკის ელჩი გალორ შაგმა.

ელიზაბეთ მარია ჩიჩერი-რონაი-სმიტი თბილისს მეოთხედ ესტუმრა. პირველად იგი საქართველოში 1988 წელს ჩამოვიდა და მხოლოდ ოთხი დღით დარჩა. „თქვენი ქვეყანა და ხალხი ძალიან მიყვარს. პირველი განშორებისას ბავშვივით ვტიროდი... რაც შეეხება ამ გამოფენას, მე ორი ნამუშევარი ჩამოგიტანეთ. ისინი რუსთაველის პოემის თემას არ უკავშირდება, მაგრამ კავკასიას და იმ რეგიონზეა, რომელიც ჩემს წინაპარს განსაკუთრებით აინტერესებდა. კავკასიური სცენებიდან ერთი ძალადობაზეა, ხოლო მეორე უფრო მშვიდია და მისი სახელწოდებაა „შეთავაზება“. გარდა ამისა, თან წამოვიღე ფოტოები, სადაც მე, ჩემი მეუღლე, ძმა, დედა, მამა, ბებია და ბაბუა ვართ. ზიჩი მართლაც არაჩეულებრივი ილუსტრატორი იყო. მასზე ბევრ ისტორიას გვიყვებოდნენ...“ -  ამბობს ელიზაბეთ მარია ჩიჩერი-რონაი-სმიტი, რომელიც ბუდაპეშტში ცხოვრობს.

გამოფენის ორგანიზატორები არიან უნგრეთის რესპუბლიკის საელჩო, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი. გამოფენა 6 მარტამდე გაგრძელდება.