Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ცხოვრება „ხმელეთის 0,047%-ზე“

e77a2a79ad8b

ევროპულ სახლში, ეროვნული კინოცენტრისა და ევროპული სახლის ორგანიზებით გელა კანდელაკის დოკუმენტური ფილმის „ხმელეთის 0,047%“ პრემიერა შედგა. დოკუმენტური ფილმი „სოფელი“, რომლის შესაქმნელადაც რეჟისორმა გადამღებ ჯგუფთან ერთად თითქმის მთელი საქართველო მოიარა, მოგვითხრობს, იმ საქართველოზე და ქართველებზე, რომელსაც თუ ესტუმრებით მასპინძლობაც უნდა დააცადოთ, რადგან ჩვენთან ჯერ კიდევ სირცხვილია, თუ ოჯახის უფროსი შეგიპატიჟებთ და მასთან სახლში არ შეხვალთ. ავტორის მთავარი სათქმელიც სწორედ ქართველი ადამიანი, ქართული სამყარო და ღირებულებები - ქართველი გლეხი, ხოლო მიზანი ქართული კულტურის შეცნობა და მისი, როგორც ევროპული კულტურის ორგანული ნაწილის წარმოჩენა აღმოჩნდა. „ამ ფილმში ის საქართველო აღვწერე და იმ ადამიანებს მოვუყარე თავი, ვინც მიყვარს. იმედი მაქვს, ჩემს ფილმში ნანახ ადამიანებს გულით მიიღებთ...“ - გვითხრა ფილმის დაწყებამდე რეჟისორმა გელა კანდელაკმა.


ფილმის სცენების ძირითადი ნაწილი ავტომანქანიდან არის გადაღებული. თითქოს რეჟისორი შორიდან უთვალთავლებს, სოფლად მცხოვრებ გლეხებს, რომ მათ მყუდროებას ხელი არ შეუშალოს, და თავისი მოულოდნელი სტუმრობით დღის განრიგი არ დაარღვიოს. ვინც ცოტათი მაინც იცნობს სოფელს კარგად მოეხსენება, რომ სოფლად გლეხის ყოველდღიური ცხოვრება, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე იწყება და გვიან ღამით მთავრდება. ასეთ ადამიანებს ფილმი ნოსტალგიებს გაუღვიძებს და ჩემსავით აუცილებლად გაახსენებს, არც ისე შორეულ წარსულს - დილის 6 საათზე ბებიას ხმაურიანი შეძახილებით გაღვიძება - „გიჩო, გიჩო...“, მერე კი ვინ მოთვლის დღის განმავლობაში რამდენი საქმე კეთდება, რაც ჩვენთვის ხშირად წარმოუდგენელიც არის.


„სოფლის“ გმირების ძირითადი ნაწილი მოხუცი ან შუა ხანს გადაცილებული ადამიანები არიან, მხოლოდ ერთგან ჩანს პატარა ბიჭუნა, ახალგაზრდები კი საერთოდ არ ჩანან. ქართველი გლეხები თავისუფლებაზე, ტრადიციებზე, წინაპრებზე საუბრობენ. ყველას საკუთარი შეხედულება გააჩნია, თუმცა მთავარი ყველასთვის ერთია - ადამიანი სამშობლოს უნდა ემსახუროს, ტრადიციები არ დაივიწყოს და მომავალი გააგრძელოს. ალბათ, ამიტომ რეჟისორი ფილმში არ ასახელებს კუთხეებს, სოფლებს, პერსონაჟების სახელებს და გვარებს, ყველაფერი განზოგადოებულია, მან ხომ ფილმი საქართველოზე და აქ მცხოვრებ ადამიანებზე გადაიღო. ამ ადამინებთან სულ მცირე ურთიერთობით კი ეკრანზე არაერთი საინტერესო პერსონაჟი ჩნდება - 81 წლის ქალბატონი სამეგრელოდან, რომელიც მგზავრებს საკუთარ ცხოვრებასაც კი უყვება, რაც ჩემთვის აგრეთვე ძალიან ახლობელი აღმოჩნდა და გამახსენდა, სოფელში ჩემი სახლის წინ სკამი, რომელზეც დღის ნებისმიერ მონაკვეთში ისხდნენ მოხუცები და ალბათ, უკვე რამდენჯერ მოყოლილ საკუთარ ისტორიებს იხსენებდნენ. ფილმში ჩანს შუა ხსნის ქალბატონიც, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ძროხას ეხმარებოდა ხბოს მოგებაში და ძალიან წუხს, რომ სტუმრების წინაშე საშინაო ფორმაში წარსდგა - „ამ ძროხასაც მაინც და მაინც ახლა მოუნდა მშობიარობა...“ შემდეგ შინ მიპატიჟების რიტუალი იწყება, სტუმრები უარს ამბობენ, მეგრელი ქალი ბრაზობს - „სირცხვილია, ბატონო უნდა მობრძანდეთ... დამაცადეთ მასპინძლობა...“ „მათი რეაქციები სრულიად გულწრფელი იყო. მთელი გულით გვეპატიჟებოდნენ შინ იმ შემთხვევაშიც, სუფრის გასაშლელად, რომ არაფერი ჰქონოდათ. შეიძლება, გულში შიშობდნენ კიდეც, რომ შემოვიდნენ, რა ვქნათო, მაგრამ ამაყად იყვნენ და იმეორებდნენ - ტრადიცია არის, სტუმარი შინ უნდა შევიპატიჟოთო...“ - გვითხრა გელა კანდელაკმა.


ეროვნული კინოცენტრის გამარჯვებული და ნაწილობრივ დაფინანსებული პროექტი სტუდია „კვალი XXI“-ის მიერ არის გადაღებული. ფილმმა 2010 წელს საფრანგეთში სორეზის კინოფესტივალზე გრან-პრი აიღო, მისი საპრემიერო ჩვენებები ბერლინსა და ლიტვაში შედგა. „ევროპელი მაყურებლისთვის ფილმის ჩვენებისას ამაყი ვიყავი, ბევრმა იტირა კიდეც. გერმანელებმა, იტალიელებმა, ფრანგებმა აღნიშნეს, რომ მათთან ასეთი ფილმის გადაღება შეუძლებელია, სოფლად ადამიანები აღარ დარჩნენო. სამწუხაროდ, არც ჩვენთან არის ამ მხრივ საქმე კარგად, 106 საათიანი მასალიდან ორ საათიანი ფილმი ძლივს გავაკეთე. სოფლები თითქმის დაცლილია, ახალგაზრდებთან საუბრისას საინტერესოს ვერაფერს მოისმენ. ამიტომ, ვფიქრობ, ამ ადამიანებს გაფრთხილება და მოსმენა სჭირდებათ...“ - ამბობს რეჟისორი.


უნდა ითქვას, ისიც, რომ „სოფელი“ გელა კანდელაკის ორნაწილიანი ფილმის მხოლოდ პირველი ნაწილია. მეორე ნაწილს სახელწოდებით „ფიქრი“ რეჟისორი 2011 წელს გადაიღებს.


„მეორე ფილმი „ფიქრი“ ჩემი ფიქრების მხატვრული გადმოცემა იქნება. ეს იქნება იმ ადამიანის ფიქრები, ვინც „სოფელში“ აღწერილ კუთხეებში იმოგზაურა, შეხვდა ამ ადამიანებს და შინ დაბრუნების შემდეგ საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩა. შეუძლებელია ასეთ ადამიანებთან გატარებულმა თუნდაც რამდენიმე წუთმა რამე არ დაგიტოვოს. ფილმში „ფიქრი“ შევიტან სცენას - გერმანულის მასწავლებელი მეგრელი ქალბატონი უცხოელების გასაგონად გერმანულად „მშვიდობას“ ომახიანად ამბობს, შემდეგ კი ჩვენ გვიბრუნდება და ჩურჩულით გვეუბნება, ახლა ქართველებს ძალიან გვიჭირსო, მერე კი ისევ აქტიურად გვეპატიჟება სახლში. ამ სცენაში კარგად ჩანს, რომ ის უცხოელებთან საკუთარ ტკივილს და გაჭირვებას მალავს, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი დეტალია. „ფიქრი“ იქნება ჩემი, თქვენი, ყველას ფიქრისა და ტკივილის აღწერა. ამ ფილმით ბევრ მწარე სიმართლეს ვიტყვი ქართველებზეც, რუსეთზეც, ევროპაზეც, თუმცა ვიტყვი მადლობასაც...“ - ამბობს რეჟისორი.