Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ბიბლიოთეკის წესდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება № 999
2006 წლის ”-14---” ”--12--------”
ქ. თბილისი



საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის 
წესდების დამტკიცების შესახებ


„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 ივნისის #390 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის  „ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის“ თანდართული წესდება.
2.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
   


მინისტრის მოვალეობის                                  
შემსრულებელი
ბელა წიფურია



საჯარო სამართლის იურიდიული პირის  „ეროვნული სამეცნიერო
ბიბლიოთეკის“   წესდება


მუხლი 1.  იურიდიული სტატუსი და ადგილსამყოფელი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი  ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა (შემდგომში ბიბლიოთეკა) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონის და, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 ივნისის #390 ბრძანებულების შესაბამისად შექმნილი დაწესებულება.
2. ბიბლიოთეკას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, შტამპი, ბეჭედი, ვებგვერდი, საბანკო ანგარიში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
3. ბიბლიოთეკა საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.


მუხლი 2. ბიბლიოთეკის მიზნები
ბიბლიოთეკის ძირითადი მიზნებია:
ა) საქართველოში მეცნიერების, განათლებისა და ტექნოლოგიების განვითარება, მათი წინსვლისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვების, დაცვის, ანალიტიკური–სამეცნიერო დამუშავებისა და გავრცელების, ოპტიმალური სამეცნიერო–საკომუნიკაციო გარემოს ჩამოყალიბების გზით;
ბ) მკითხველთათვის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის და ბიბლიოთეკის სამეცნიერო პროდუქციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა (ბეჭდური, ხელნაწერი, ელექტრონული და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალებით);      
გ)  ბიბლიოთეკის მომხმარებელთა მოთხოვნების, ინტერესებისა და პროფესიული მოთხოვნილების შესწავლა და ანალიზი, მათი მომსახურებისათვის სათანადო პირობების შექმნა და ინტერესების სრულად და ოპერატიულად დაკმაყოფილება; 
დ) თანამშრომლობა, როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის  სამეცნიერო, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ბიბლიოთეკებთან, საინფორმაციო ცენტრებთან და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან; 
ე) სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის რესურსების მიღება, შეგროვება, დაცვა, დამუშავება, პოპულარიზაცია და გამოცემა;
ვ) საინფორმაციო ნაკადების სამეცნიერო ანალიზი.


მუხლი 3. ბიბლიოთეკის ფუნქციები

1.  დასახული მიზნების მისაღწევად ბიბლიოთეკა:
ა) ქმნის და იძენს საბიბლიოთეკო რესურსების (ერთჯერადი და პერიოდული სამეცნიერო და ტექნიკური გამოცემების, პატენტების, სტანდარტების, ტექნიკური დოკუმენტების, მონაცემთა ბაზების, ბეჭდური, ელექტრონული, მულტიმედიის ან ნებისმიერი სხვა ფორმით) ფონდებს;
ბ) განსაზღვრავს თუ რა ფორმატით (ბეჭდური, ელექტრონული, მულტიმედიის და სხვა), მოცულობით და პერიოდულობით არის მიზანშეწონილი ეროვნული სამეცნიერო ფონდის შევსება და იძენს შესაბამის საინფორმაციო რესურსებს ყველა ხელმისაწვდომი წყაროდან (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ);
გ) იცავს, ორგანიზებას უკეთებს და მართავს საინფორმაციო ფონდს;
დ) აწარმოებს სამეცნიერო–ტექნიკური ინფორმაციის ნაკადების სამეცნიერო ანალიზს, აქვეყნებს სხვადასხვა ფორმით  და შემცველობით, როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტექნიკური ინფორმაციის კატალოგებს, ბიბლიოგრაფიებს, ინდექსებსა და სხვა საძიებლებს;
ე) აწარმოებს კვლევებს სამეცნიერო–ტექნიკური ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, ჩაწერის, დაცვისა და გავრცელების სფეროში;
ვ) ავრცელებს სამეცნიერო–ტექნიკურ ინფორმაციას, საკუთარ სამეცნიერო პროდუქციას და უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული პირისათვის მათ ხელმისაწვდომობას ყველა შესაძლებელი მედიისა და ტექნოლოგიის გამოყენებით (მათ შორის ელექტრონული და ქსელური საშუალებებით), ზუსტი ინფორმაციის დროული მიწოდებით;
ზ) ქმნის საბიბლიოთეკო სფეროს საინფორმაციო ბანკს პროფილის მიხედვით.
2. ბიბლიოთეკა უფლებამოსილია:
ა) განაგოს საკუთარი სახსრები საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების საფუძველზე. გადაწყვიტოს მის გამგებლობას მიკუთვნებული მართვის საკითხები;
ბ) გაუწიოს საბიბლიოთეკო მომსახურება მეცნიერებს, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს და სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, უზრუნველყოს ისინი შესაბამისი ინფორმაციით;
გ) თავის კომპეტენციის ფარგლებში გააფორმოს ხელშეკრულებები საქართველოს ან უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ითანამშრომლოს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ქვეყნების ბიბლიოთეკებთან, გახდეს საერთაშორისო პროფესიულ ორგანიზაციათა წევრი;
დ) მიიღოს შესაბამისი ზომები იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს ან მატერიალურ ზარალს აყენებენ ბიბლიოთეკას; 
ე) განავითაროს საქართველოს სამეცნიერო–ტექნიკური სფეროს სამუშაო და სასწავლო გარემო, კომუნიკაციის ქსელი. ხელი შეუწყოს სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის მართვის სისტემებისა და სამსახურების განვითარებას. დანერგოს ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები სამეცნიერო კომუნიკაციისა და საბიბლიოთეკო საქმის სფეროში;
ვ) მონაწილეობა მიიღოს ინფორმაციისა და ცოდნის გავრცელების ეროვნულ და საერთაშორისო ინფრასტრუქტურებში. ითანამშრომლოს საქართველოსა და უცხოურ ბიბლიოთეკებთან და საინფორმაციო ცენტრებთან. მიაწოდოს ინფორმაცია და გაუწიოს მომსახურება მათი მოთხოვნილებების შესაბამისად. ხელი  შეუწყოს საქართველოში საბიბლიოთეკო-საინფორმაციო სფეროში სამეცნიერო კვლევების წარმოებასა და მათ პრაქტიკულ დანერგვას;
ზ) ხელი შეუწყოს კომუნიკაციის, საბიბლიოთეკო საქმის, ინფორმატიკისა და დოკუმენტაციის დარგებში კვალიფიციური სპეციალისტების ზრდას, ჩაატაროს დარგის სპეციალისტთა და ბიბლიოთეკართა ტრენინგ–სწავლება. საჭიროებების მიხედვით ასწავლოს მომხმარებელს ბიბლიოთეკის ყოველი რესურსის გამოყენების ეფექტიანი გზები;
თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
2. ბიბლიოთეკა ვალდებულია:
ა) თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები;
გ) დაიცვას საბიბლიოთეკო სფეროში დადგენილი სახელმწიფო სტანდარტები;
დ) იზრუნოს პროფილის შესაბამისად საბიბლიოთეკო ფონდების დაკომპლექტებასა და ბიბლიოთეკებთან წიგნთგაცვლითი ურთიერთობების დამყარებაზე;
ე) უზრუნველყოს მკითხველთა დიფერენცირებული მომსახურება სტაციონარული და არასტაციონარული მუშაობის ფორმების გამოყენებით, გაითვალისწინოს მკითხველთა შეხედულებები, ინტერესები, მოთხოვნები და წინადადებები. გამოიყენოს მომხმარებელზე და მოთხოვნილებაზე ორიენტირებული მეთოდები;
ვ) დაეხმაროს მომხმარებელს უფლებების დაცვასა და რეალიზაციაში. მომხმარებელთან  მუდმივ დიალოგში გააუმჯობესოს და დახვეწოს მომსახურება;
ზ) დროულად, ხარისხიანად და შეუფერხებლად მიიღოს, დაამუშავოს და მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია და საკონსულტაციო მომსახურება;
თ) აწარმოოს საბიბლიოთეკო ფონდების სრული აღრიცხვა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად და პერიოდულად მისი გამოთავისუფლება შინაარსობრივად მოძველებული და ფიზიკურად უვარგისი საბიბლიოთეკო დოკუმენტებისაგან მოქმედი სტანდარტების შესაბამისად;
ი) სისტემატურად დააკომპლექტოს ფონდები პროფილის შესაბამისი საბიბლიოთეკო დოკუმენტებით და ოპერატიულად უზრუნველყოს მათი ასახვა ბიბლიოთეკის საცნობო-საძიებო საშუალებებში;  
კ) შეადგინოს და გააცნოს მკითხველს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები; 
ლ) აწარმოოს საბიბლიოთეკო სტატისტიკა საქართველოში დადგენილი წესით;
მ) ჩაატაროს კვლევები მომსახურების გაუმჯობესებისა და ახალი მეთოდების თუ ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით;
ნ) უზრუნველყოს თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის ოპტიმალური გარემოს შექმნა ინფორმაციის აქტიური გაცვლისა და სამუშაო პროცესების მიზანდასახული ოპტიმიზაციის გზით, თანამშრომელთა ტრენინგებით.

მუხლი 4. ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება
საბიბლიოთეკო დოკუმენტებით სარგებლობა შეუზღუდავია. შეზღუდვა ხდება მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოებისა და მოქალაქეთა კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის მიზნით კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 5. მომხმარებელთა უფლება-მოვალეობანი
1.  მკითხველი უფლებამოსილია:
ა) მიიღოს ბიბლიოთეკაში დაცული საბიბლიოთეკო დოკუმენტები ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების შესაბამისად; 
ბ)  მიიღოს სრული ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ;
გ) ისარგებლოს ბიბლიოთეკის საძიებო საშუალებებით; 
დ) მოითხოვოს მისთვის საჭირო დოკუმენტის ასლის გადაღება ბიბლიოთეკაში დადგენილი ნიხრის მიხედვით;
ე) ბიბლიოთეკასთან შეთანხმებით გამოაქვეყნოს ან სხვა საშუალებებით გააცნოს საზოგადოებას საბიბლიოთეკო დოკუმენტი, თუ ის არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო საიდუმლოებისა და საავტორო უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობას;
ვ) მონაწილეობა მიიღოს ბიბლიოთეკართა და ბიბლიოთეკის მკითხველთა საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობაში ან ბიბლიოთეკის საჭირბოროტო საკითხების განხილვაში.
2. მკითხველი ვალდებულია გაეცნოს და დაიცვას ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები.
3. მკითხველი, რომელიც დაარღვევს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს, აანაზღაურებს ზარალს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებით დადგენილი ნორმის შესაბამისად. მას ეკისრება აგრეთვე სხვაგვარი პასუხისმგებლობაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
  

მუხლი 6. ბიბლიოთეკის მართვა
1. ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომში - მინისტრი).
2. ბიბლიოთეკის დირექტორი:        
ა) საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად, მასვე ეკისრება ბიბლიოთეკის წარმომადგენლობა და პასუხისმგებლობა მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე; 
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან (შემდგომში - სამინისტრო) შეთანხმებით ამტკიცებს  ბიბლიოთეკის საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს; 
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განაგებს ბიბლიოთეკის ფინანსურ და მატერიალურ საშუალებებს, ეკისრება პასუხისმგებლობა ბიბლიოთეკის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
დ) კომპეტენციის ფარგლებში დებს გარიგებებს და აფორმებს ხელშეკრულებებს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ე) დადგენილი წესით ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში;
ვ) „საქართველოს შრომის კოდექსის“ შესაბამისად წარმართავს ბიბლიოთეკის შრომით ურთიერთობებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან, იცავს მათ უფლებებს. საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მუშაკთა მიმართ იღებს დისციპლინარულ და წამახალისებელ ზომებს;     
ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებს, ამტკიცებს ბიბლიოთეკის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ბიბლიოთეკის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელ, კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობას;
თ) ბიბლიოთეკის წინაშე მდგარი რიგი საკითხების გადასაწყვეტად ქმნის დროებით სამუშაო ჯგუფებს, კომისიებს;
ი) შეიმუშავებს ბიბლიოთეკის შინაგანაწესს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით;
კ) უზრუნველყოფს თანამშრომელთათვის მისაღები და ხელშემწყობი სამუშაო და საკომუნიკაციო გარემოს შექმნასა და განვითარებას, კადრების მართვის დემოკრატიული მეთოდების გამოყენებასა და მასში ყოველი თანამშრომლის თანამონაწილეობას. თანამშრომელთა ინოვაციისა და პროდუქტიული შრომის დაფასებასა და წახალისებას;
ლ) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ბიბლიოთეკის წლიურ ბიუჯეტს და წინა წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს. გადაუდებელი აუცილებლობისას შეუძლია გადაანაწილოს ბიუჯეტის ასიგნებანი არა უმეტეს 10%-ის ფარგლებში;
მ) შეიმუშავებს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 7. სამეთვალყურეო საბჭო
1. ბიბლიოთეკის მართვის კოლეგიური ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება 15 წევრისაგან.
2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 3 წელი.
3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) გარდაცვალება;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;
დ) სასამართლოს მიერ მისი ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
ე) დაკისრებულ მოვალეობათა სისტემატიური შეუსრულებლობა;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემთხვევა.
4. სამეთვალყურეო საბჭო:
ა) განსაზღვრავს ბიბლიოთეკის მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებს;
ბ) ზედამხედველობას უწევს ბიბლიოთეკის საქმიანობას;
გ)  ამტკიცებს ბიბლიოთეკის ბიუჯეტს და მისი შესრულების ანგარიშს;
დ) ამტკიცებს ბიბლიოთეკის სარგებლობის წესებს.
5. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი შემდეგი პრინციპების დაცვით:
ა) საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კვოტით;
ბ) საბჭოს შემადგენლობის 1/3 განსაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირების - მეცნიერებათა აკადემიების კვოტით, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისათვის ერთი კვოტით;
გ) საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვოტით.
6. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარი მაინც. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. 
7. საბჭოს სხდომებს უძღვება საბჭოს თავჯდომარე, რომელიც აირჩევა საბჭოს წევრთაგან საკუთარი უფლებამოსილების ვადით საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
8. საბჭოს სხდომებს ესწრება ბიბლიოთეკის დირექტორი სათათბირო ხმის უფლებით.
9. საბჭოს ყოველ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
10. საბჭო იკრიბება წელიწადში 4-ჯერ მაინც, რაც განისაზღვრება საბჭოს მიერ დადგენილი რეგლამენტის შესაბამისად. საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს ბიბლიოთეკის დირექტორის, საბჭოს თავჯდომარის ან საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის წერილობითი განცხადების საფუძველზე, განცხადების რეგისტრაციიდან ერთი თვის განმავლობაში.

      
მუხლი 8. ბიბლიოთეკის ქონება
ბიბლიოთეკას დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც ბიბლიოთეკის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ წესდებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.

მუხლი 9. ბიბლიოთეკის ფინანსური სახსრები და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება
1. ბიბლიოთეკის ფინანსური სახსრებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
გ) საჩუქრად, გრანტისა და შემოწირულობების სახით მიღებული შემოსავალი;
დ) ბიბლიოთეკით სარგებლობის საფასურისაგან მიღებული შემოსავლები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ბიბლიოთეკის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური სახსრები გამოიყენება მხოლოდ ბიბლიოთეკის წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის.
4. ბიბლიოთეკა დამოუკიდებლად ანაწილებს და იყენებს ფინანსურ რესურსებს.    
5 ბიბლიოთეკა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დადგენილ ვადაში წარუდგინოს იგი დასამტკიცებლად სამინისტროს.  
6. ბიბლიოთეკის  წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

 

მუხლი 10. ბიბლიოთეკის სახელმწიფო კონტროლი
1. ბიბლიოთეკის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ბიბლიოთეკის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
3. სამინისტროს თანხმობით ბიბლიოთეკა უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: 
ა) უძრავი ქონების მიღება, შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა; 
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ბიბლიოთეკის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. ბიბლიოთეკას არ აქვს უფლება მიღებული სახელმწიფო ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად. 

     
მუხლი 11. ბიბლიოთეკის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია 
ბიბლიოთეკის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
     
მუხლი 12. წესდებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის წესი
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.