Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

დასავლეთ ევროპის ფერწერა

e4ebc0fdc506

დასავლეთ ევროპის ფერწერა

სიღნაღის მუზეუმში, გამოფენა პირობითი სახელწოდებით  „დასავლეთ ევროპის ფერწერა XVI–XIX საუკუნეები“ მიმდინარეობს, სადაც ხელოვნების მუზეუმში დაცული XVI–XIX საუკუნეების იტალიის, გერმანიის, ჰოლანდიის, ფლანდრიისა და საფრანგეთის ფერწერულ სკოლათა ნამუშევრებია წარმოდგენილი, ქრონოლოგიურ-გეოგრაფიული და მხატვრული-სტილური მრავალფეროვნების გათვალისწინებით.
როგორც ცნობილია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგანძურში ამ კოლექციას გამორჩეული ადგილი უჭირავს. მის შექმნას საფუძველი, 1920-იან წლებში დიმიტრი შევარდნაძემ  ჩაუყარა. 1954 წელს ეროვნული გალერეის, მუზეუმ  მეტეხის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების, თბილისის უნივერსიტეტის მუზეუმის დასავლეთ ევროპულ ექსპონატთა კოლექციები  გაერთიანდა და საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ცალკე განყოფილება შეიქმნა. მისი ფონდები წლების მანძილზე მდიდრდებოდა შემოწირული და კერძო პირებისგან შესყიდული ფერწერული და გრაფიკული შედევრებით. ეს ნამუშევრები ასახავენ ევროპული ხელოვნების განვითარების ძირითად ტენდენციებს XVI საუკუნიდან XX საუკუნემდე, რომელიც 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. გამოფენას თან ერთვის საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ლექციების კურსი. როგორც დავით ლორთქიფანიძე აღნიშნავს: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ თბილისში არ არის ამ ტიპის გამოფენები. ამჯერად, საზოგადოებას საშუალება ეძლევა სიღნაღში ნახოს ნამდვილი შედევრები“.
XVI საუკუნის იტალიური რენესანსის ფერწერა ტიციანის (1487/90–1576)  სკოლის უცნობი მხატვრის ნიმუშით არის წარმოდგენილი. ხოლო იტალიურ მანიერიზმს გვიდო რენის ფერწერით ვეცნობით. მის ნამუშევრებში შერწყმულია მიქელანჯელო და კარავაჯოს ნოვატორული, კონტრასტული შუქჩრდილის დრამატული ეფექტები და ბოლონიის სკოლის აკადემიზმი. ფერწერული ტილო  „მიქაელ მთავარანგელოზი“ გვიდო რენის მიერ 1636 წელს რომის სანტა მარია დელა კონჩენციონეს ეკლესიისთვის შესრულებული იმავე სახელწოდების მონუმენტური ფერწერული ნამუშევრის  დაზგური ვარიანტია.
გერმანული რენესანსის ყველაზე ორიგინალური შემოქმედის, ლუკას კრანახ უფროსის (1472–1553)  „მაჭანკალი“ ეროვნული მუზეუმის კოლექციის უძვირფასესი ექსპონატია. „მაჭანკლის“ ბედი მართლაც რომ ტრაგიკულია. სურათმა ქართული საგანძურის სხვა ძეგლების მსგავსად ათეულობით წელი ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად ემიგრაციაში დაჰყო. 1990-იან წლებში იგი მუზეუმიდან გაიტაცეს და მხოლოდ რამდენიმე წლის წინ დაუბრუნდა ეროვნულ საგანძურს.
განსაკუთრებული სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით XVII საუკუნის ჰოლანდიური და ფლამანდიური ფერწერის ნიმუშთა კოლექცია გამოირჩევა. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჰოლანდიის_ევროპაში ბურჟუაზიულ-რესპუბლიკური წყობის პირველი ქვეყნის  ხელოვნება განსაკუთრებული დემოკრატიულობით ხასიათდება. ჰოლანდიური ხელოვნების  უდიდეს შემოქმედთა, ჰარმენს ვან რეინ რემბრანდტის, პიტერ ჰალსისა და იან ვერმეერის გვერდით, რომელთა შემოქმედებამ გარკვეულწილად განსაზღვრა მომდევნო პერიოდის ევროპული ხელოვნების განვითარება, ჰოლანდიაში  „მცირე ჰოლანდიელების“  ფერწერული სკოლა ჩამოაყალიბა. ეს სახელი ამ მხატვრებს მცირე ზომის ნამუშევრებისთვის (პეიზაჟი, ინტერიერი, ყოფითი თემა) შეარქვეს. მათი ფერწერა ხასიათდება წერის დახვეწილობით, მცირე დეტალების გამოსახვის სიზუსტით, შუქჩრდილოვანი და კოლორისტული ნიუანსების იუველირული დამუშავებით, რაც მნახველში სიმყუდროვის განწყობას ბადებს. ამ ნამუშევართა შესრულების მინიატურული ტექნიკა ითხოვს ახლოდან აუჩქარებელ დათვალიერებას და გვაოცებს კომპოზიციისა თუ სახვით სახეთა გამომსახველობით. ანტონ პალამედესი (1601–1673), ფილიპს ვოუვერმანი (1619–1668), ალბერტ კეიპი (1620–1691), იან სტენი (1626–1679), ეგბერტ ვან  ჰემსკერკი  (1634/35–1704) ამ სკოლის შესანიშნავი წარმომადგენლები არიან. იაკობ ვან რეისდალი (1628–1682) ჰოლანდიური პეიზაჟის ყველაზე დიდი ოსტატია. „ჩანჩქერი“ ამ თემაზე შესრულებული ციკლის ერთ-ერთი ნიმუშია. ყოფითი და ნატურმორტის ჟანრთა დამაჯერებელი სინთეზი განახორციელა იოახიმ ბეიკელარის (1533–1573) სკოლის  უცნობმა  მხატვარმა გამოფენაზე წარმოდგენილ ფერწერულ ნამუშევარში „ნატურმორტი ფიგურებით“.
XVII საუკუნის ფლამანდიური ფერწერის სკოლის წამყვანი მხატვრული სტილია ბაროკო. მის სათავეში გენიალური რუბენსი (1577–1640) დგას. ეპოქის ძირითადმა ტენდენციებმა- სივრცის, დროის, სიცოცხლის დინამიკური რიტმის ახლებურმა გააზრებამ ფლამანდიურ ხელოვნებაში მკაფიო და თვითმყოფადი გამოხატულება  ჰპოვა. ფლამანდიელმა ოსტატებმა აღბეჭდეს სამყაროს გრძნობადი სილამაზე და  შექმნეს სიცოცხლით სავსე ადამიანების მხატვრული სახეები. გამოფენაზე იხილავთ პიტერ პაულ რუბენსის სახელოსნოს უცნობი მხატვრის მიერ შესრულებულ „სასიყვარულო სცენას“, იორის ვან სონის (1623–1667) ნატურმორტს ყვავილებითა და ლობსტერით, რომელიც ფლამანდიური ნატურმორტებისთვის დამახასიათებელი სადღესასწაულო განწყობითა და დეკორატიულობით გამოირჩევა. პიტერ სნეიერსის (1681–1752) შესანიშნავი პეიზაჟი გვხიბლავს ბუნების აღქმის უშუალობით, პეიზაჟური მოტივების განსაკუთრებული გამომსახველობით.  ვალიორთა რთულ სისტემაზე აგებული კოლორიტი და სრულყოფილი შუქჩრდილოვანი დამუშავება ამ პეიზაჟს პიტერ სნეიერსის საუკეთესო ნამუშევართა რიგში აყენებს. ყოფითი ჟანრისაა იან ბატისტ ლამბრეხტის (1680–1731) მცირე ზომის სურათი.
ფრანგული ფერწერა XVII–XIX საუკუნეების მხატვრულ სტილთა უდიდეს შემოქმედთა და მათი სკოლების მხატვართა ფერწერული სურათებით არის წარმოდგენილი. ნიკოლა პუსენი (1594–1665) ფრანგული კლასიციზმის ფუძემდებელია. მისი ხელოვნება მთავარ იდეას – ადამიანისა და საზოგადოების ჰარმონიულ ურთიერთდამოკიდებულებას გადმოსცემს. მხატვარი სიუჟეტებს ანტიკური და ბიბლიური თემებიდან იღებს და მათი საშუალებით თანამედროვე ეპოქის სულისკვეთებას გამოხატავს. გამოფენაზე იხილავთ დიდი მხატვრის ნამუშევარს  - „პროზერპინას მოტაცება პლუტონის მიერ“. კლოდ ლორენის (ჟელე. 1600–1682) პეიზაჟური სკოლის უცნობი მხატვრის ნამუშევარს ელეგიურ-მეოცნებე განწყობა ახასიათებს. კლასიციზმის სტილის დრამატულობას ცვლის როკოკოს დეკორატიულ -კამერული სტილის მომხიბვლელობა და დახვეწილობა, რომელსაც ანტუან ვატოს (1684–1721) სკოლის უცნობი მხატვრის მცირე ზომის ფერწერით ვეცნობით. შარლ ფრანსუა ლაკრუა (1700–1782) ფრანგული რომანტიზმის ერთ-ერთი წინამორბედია. გამოფენაზე წარმოდგენილი მისი პეიზაჟის რომანტიკულ-დრამატულ ხასიათში აშკარად იჩენს თავს იტალიური ხელოვნების გავლენა. ჟან ბატისტ გრიოზის (1725–1805) შემოქმედების მორალისტური განწყობა და სენტიმენტალიზმი ახასიათებს მისი სკოლის უცნობი მხატვრის ნამუშევარს  - „მთვრალი მამა“. XIX საუკუნის 50-60-იან წლებს მიეკუთვნება ფრანგული კრიტიკული რეალიზმის უდიდესი შემოქმედის, ონორე დომიეს (1808–1879) ფერწერული ნამუშევრები, რომელთა თემას მხატვარი უბრალო ხალხის ცხოვრებიდან იღებს. ექსპონირებული ფერწერული სურათი „ვაგონში“  მხატვრის ცნობილი ტილოს  - „მესამე კლასის ვაგონის“ ერთ-ერთი ვარიანტია.