Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

კოსტიუმირებული დღესასწაული „მუზეუმთან ახლოს“

1ac2a7510fe1

 

დაიბეჭდა გაზეთ „ახალ 7 დღეში“


საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა  და საქართველოს შოთა რუსთველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ „საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის“ ფარგლებში, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სტუნდენტური პროექტი „მუზეუმთან ახლოს“ წარმოადგინა. გაზეთი „ახალი 7 დღე“ პროექტის „მუზეუმთან ახლოს“ ხელმძღვანელს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროექტის მენეჯერს, დოქტორს, პროფესორს ნინო სანადირაძეს ესაუბრა.


– როგორ და რატომ დაიბადა პროექტის „მუზეუმთან ახლოს“ იდეა?


– პროექტის იდეა ოქტომბრის თვეში  ერთ–ერთ ლექციაზე დაიბადა, და იგი კულტურის პროექტების სალექციო ფარგლებში შედიოდა, რადგან, როგორც ექიმი ვერ ისწავლის პრაქტიკის გარეშე თავის საქმეს, ისე კულტურული პროექტების გარეშე შეუძლებელია კულტურის მენეჯმენტის სწავლა. ამიტომ, თეატრალურ უნივერსიტეტში რამდენიმე ჯგუფში მოხალისეები გამოჩნდნენ. კერძოდ, პროექტში მონაწილეობას იღებდნენ: რეჟისურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიის, ხელოვნებათმცოდნეობისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტები. ეროვნული მუზეუმის დირექტორის დავით ლორთქიფანიძისა და თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის გოგი მარგველაშვილის ხელშეწყობით ეს პროექტი განვახორციელეთ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის, თეატრალური უნვერსიტეტის  სტუდენტების თანამშრომლობით განხორციელებული პროექტი ეს არის გზა – საზოგადოებისა და ისტორიული მასალის დიალოგის მცდელობა და მნახველის თანამონაწილეობის პროცესის განცდა.


– რა იყო პროექტის მიზანი?


– პროექტის „მუზეუმთან ახლოს“ მიზანი იყო – დავიწყებული ისტორიული სანახაობითი კულტურისა და დღესასწაულების აღდგენა და სანახაობითი ღონისძიების გზით სხვადასხვა თაობის დამთვალიერებლის ჩართულობა. პროექტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა საზოგადოებამდე უნდა მიეტანა და საგანმანათლებლო ურთიერთობებისა და საზოგადოებისა და მუზეუმის დიალოგისთვის ხელი უნდა შეეწყო. ეს პროექტი იყო, სანახაობითი დღესასწაულების გაცოცხლების მცდელობა, რომლის საშუალებითაც მნახველები და კოსტუმირებული მონაწილეები დავიწყებულ დღესასწაულებსა და რწმენა–წარმოდგენებს გაეცნენ, რომლებიც ფართო მასებისათვის დღემდე უცნობია.


პროექტი თავისი ხასიათითა და თემატიკით სიახლეს წარმოადგენს და გულისხმობს ინტეგრაციას, ერთის მხრივ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და ახალგაზრდა მკვლევარებს შორის, რაც ახალგაზრდა თაობის დაინტერსებასა და მაყურებელთა ჩართულობას, ტრადიციების აღდგენის მცდელობასა და შემეცნებასაც გულისხმობს. საქართველოში ეს იყო პირველი მცდელობა, საზოგადოების ფართო მასებისთვის გაგვეცნო, ახალი ტიპის ღონისძიება – საექსპოზიციო სივრცეში, სამუზეუმო ექსპონატებისა და კოლექციების მონაწილეობით თეატრალიზირებულად, სინთეზური ხელოვნების გამოყენებით.


– კერძოდ, რომელი დღესასწაულები და წეს–ჩვეულებები გაცოცხლდა?


– გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე მნახველი მოკლებულია ისტორიულ ტრადიციული კულტურისა და  მუზეუმის დიალოგში ჩართულობას, თანდათანობით დავიწყებას ეძლევა ქართული კულტურისა და ეთნოგრაფიის საგანძური – ძველი ქართული დღესასწაულები, როგორიცაა გაზაფხულზე გამართული ღონისძიებების ციკლი: „ყვავილთა დღესასწაული“, „ნადი“, „ჭონა“, „შუამთობა“, „ყეენობა“, „ლამპრობა“ და სხვა. მაგალითად, ყვავილთა დღესასწაული – „არიფანა“ კახეთში იმართებოდა. ბავშვებს სახლებიდან მიჰქონდათ სანოვაგე, უმეტესად ტკბილეული, ტკბილ სასმელები და ბუნებაში  სუფრას შლიდნენ, რომელსაც ვარდებით, ზიზილებითა  და სხვა ყვავილებით ამშვენებდნენ. ბავშვებს თავზე ყვავილთა გვირგვინები ედგათ, მღეროდნენ, ლექსებს ამბობდნენ, ცეკვავდნენ და თამაშობდნენ. „ნადი“ – წარმოადგენდა თანასოფლელთა ურთიერთდახმარების ფორმას, როცა ერთი გლეხის ყანას მეზობლები და ახლობლები ერთად ამუშავებდნენ. თან ამ დროს დართული იყო შრომის სიმღერები და მოძახილები. „გონჯაობა-ლაზარობა“ – მიმართული იყო, გვალვის დროს წვიმის მოსაყვან წეს-ჩვეულებასთან. ამ დროს იკრიბებოდნენ, სოფლის მცხოვრებნი და სიმღერით შესთხოვდნენ ღმერთს უხვ ნალექს. იგი საქართველოს ყველა კუთხეში სხვადასხვა სახით არის გავრცელებული. ძლიერი გვალვის დროს ქალები ამზადებდნენ თიხის თოჯინას, სოფელ–სოფელ დაატარებდნენ, და ლაზარეს საგალობელს მღეროდნენ. დამხვდურები ჩამომვლელებს წყალს გადაასხამდნენ ან ნაცარს მიაყრიდნენ, იმის მიხედვით, თუ, როგორი ამინდის გამოთხოვა უნდოდათ. ამინდის გამოთხოვის რიტუალი ძველი მსოფლიოს მრავალი ხალხის ყოფაში გვხვდება. ამავე დროს ლაზარობაში შემორჩენილია ძველი აგრარული ღვთაების კულტმსახურების ელემენტები, რომელთა ანალოგები მრავლად არის დამოწმებული ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის ზღვის ძველ კულტურებშიც. რაც მთავარია, პროექტის განსახორციელებლად გამოყენებული იყო, ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორის ექსპოზიციის შვიდი სახლი – მეგრული, აფხაზური, კახური, გურული, იმერული, რაჭული და ქართლის.

– რატომ შეარჩიეთ პროექტის განსახორციელებლად ეთნოგრაფიული მუზეუმი?


– გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, როგორც საქართველოს ეთნოგრაფიული მატერიალური კულტურის საცავი, საუკეთესო გარემოს ქმნის პროექტის განსახორციელებლად, რაც ხელს უწყობს, მკაფიოდ და თვალსაჩინოდ წარმოადგინოს, დღესასწაულების სიუჟეტები და გააცოცხლოს, ძველი კულტურა XXI საუკუნეში. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მომავალმა კულტურის მენეჯერებმა უნდა იცოდნენ, როგორ გამოიყენონ ეს სივრცე, ტრადიციების შენახვისა და მატერიალიზაციისთვის.


– შენი აზრით პროექტი შედგა?


– მე ვფიქრობ, რომ პროექტი შედგა, რადგან გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზი და შემოქმედებითი სანახაობა იყო, სტუდენტებმა ამ სივრცეში ყოფის გაცოცხლება შესძლეს. ინსცენირებული დღესასწაულების გარდა, მოხდა იქვე დაბადებული იდეების გაცოცხლება. მაგალითად, ჩატარდა მოპატიჟების დღესასწაული, ქათმების დაპურების სცენა იმერულ ეზოში და სხვა. ეს ყველაფერი კი მოულოდნელი სიურპრიზი იყო, როგორც უცხოელი დამთვალიერებლისთვის, ასევე ქართველებისთვის. ბავშვებმა სტუმრების გაოცება ნამდვილად შესძლეს, ამიტომ ვთვლი, რომ ეს ამ პროექტის დიდი წარმატება იყო. თუმცა, ჩემთვის, როგორც პროექტის ხელმძღვანელისთვის მნიშვნელოვანი ამ ბავშვების მუზეუმთან სიახლოვე იყო, რადგან მათ მე ვასწავლი მენეჯმენტს კულტურის სფეროში.


– მხარდაჭერა გქონდათ?


– დიახ. ეროვნული მუზეუმი, რომელმაც სამუზეუმო სივრცე დაგვითმო; თეატრალური უნივერსიტეტი, რომელმაც სტუდენტები ლექციებიდან გაათავისუფლა; ფინანსური მხარდაჭერა გაგვიწია „ფარმადეპომ“; „Kula“–მ ნატურალური პროდუქტით მოგვამარაგა, „ნაბეღლაბი“; ქალაქის მერია; გამწვანების სამსახური, რომელმაც იმერული ეზო მთლიანად გაგვიმწვანა „ყვავილების დღესასწაულის“ მოსაწყობად.

– პროექტი გაგრძელდება?


– ვფიქრობთ, რომ პროექტი ყოველწლიური გახდეს. იმ შემთხვევაში თუ პროექტი სასწავლო პროცესის ნაწილი გახდება, ალბათ, წელიწადში ორჯერ განხორციელდება. იმედი მაქვს, რომ მხარდამჭერები გვეყოლება, რადგან ამ პროექტის არსებობა ფაკულტეტის არსებობისთვისაც არის მნიშვნელოვანი. იმედი გვაქვს, საერთაშორისო მხარდამჭერისაც.