Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ყოფილი თეატრთმცოდნის თამამი ექსპერიმენტები რეჟისურაში

93541876c961


დაიბეჭდა „ახალ 7 დღეში“

ცნობილი იტალიელი დრამატურგის ალდო ნიკოლაის პიესაზე „რკინის ბიჭები“ დადგმული სპექტაკლი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრისა და თელავის თეატრის ერთობლივი ნამუშევარია. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და სცენური ვერსიის ავტორი რეჟისორი კოტე აბაშიძეა, მხატვარი მაია სხირტლაძე, მუსიკალური გაფორმება კი ლეონ მანველს ეკუთვნის. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ლუიჯი პალია - გია აბესალაშვილი, ლიბერო ბოკა - ვანო იანტბელიძე, ამბრა - სოფო გურგენიძე. სპექტაკლი მიხეილ თუმანიშვილის 90 წლისთავს მიეძღვნა, მისი თანადამფინანსებელი „თელავის ღვინის მარანია“.

„ახალი 7 დღე“ რეჟისორ კოტე აბაშიძეს ესაუბრა.

სპექტაკლი „რკინის ბიჭები“

-გამომდინარე სპექტაკლის კონცეფციიდან, ჩვენი სათქმელიდან და სატკივარიდან, პიესაში კორექტივები შევიტანეთ, რაც რეჟისორის და მსახიობების ერთობლივი თანათხზვადობის შედეგია. მაგალითად, მთლიანად არის შეცვლილი სპექტაკლის ფინალი. პიესაში, როდესაც ლიბერო ბოკა კვდება, ლუიჯი პალიას ბუნებრივი რეაქცია აქვს, რაც დატირება-ისტერიკაში გადადის, მაგრამ ეს ისტერიკა შემდეგ ვითარდება და ის სხვა ფორმის ისტერიკაში გადადის, ანუ „ზეიმობს“, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები აქვს, ის ცოცხალი დარჩა. სპექტაკლში კი მსგავსი არაფერი ხდება. ლუიჯი პალიას თეატრალურად მიჰყავს იმ სოფელში, სადაც ისინი მიდიოდნენ, ჯდება ზღვის პირას და  თავისუფალი კვდება, ან არ კვდება. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი ის არის, რომ ლუიჯი პალია  მოცემულ პირობას, იმ ექსტრემალურ სიტუაციას არ ეპუება და აკეთებს იმას, რასაც მთელი სპექტაკლის განმავლობაში მისგან ლიბერო ბოკა ქაჩავდა. ანუ, პალია ბრძოლისუნარიანი და თავისუფალი ხდება.

ამ ცვლილების მიზეზი კონკრეტულად ჩვენი სპექტაკლის სათქმელიდან გამოდის  და ჩვენი პოზიცია არის ასეთი: მიუხედავად უამრავი სიძნელისა და პრობლემისა, ადამიანმა, თუ ის უფალმა „თავის სახედ და ხატად“ შექმნა, უნდა შეინარჩუნოს ყველა ის თვისება, რაც ამისთვის არის საჭირო. უნდა იყოს ამაყი, ბრძოლისუნარიანი და თვითონ უნდა იყოს თავისი ცხოვრების შემოქმედი. ჩემთვის პირადად ეს ნიშნავს უფლის „სახედ და ხატად“ ყოფნად. ამ შემთხვევაში შემოქმედება იგულისხმება, როგორც შემოქმედებითი ასევე ცხოვრებისეული. მართალია, ყველა რეჟისორი, მხატვარი და კომპოზიტორი არ არის, მაგრამ ყველა თავისი ცხოვრების შემოქმედია. სწორედ, ეს არის სპექტაკლის სათქმელი და ვფიქრობ ძალიან აქტუალური, რადგან ჩვენ ყველა ძალიან რთულ, სასტიკ და დაუნდობელ დროში ვცხოვრობთ, მუდმივი სტრესის და პრესის ქვეშ ვართ, მუდმივად ვიმყოფებით ექსტრემალურ სიტუაციაში. სწორედ ამ დროს არის საჭირო ყველა იმ ღირსების შენარჩუნება, რაც უფალმა თავიდანვე ჩადო ჩვენში და ადამიანებად გვაქცია - სიამაყის, მეგობრობის, თავისუფლებისკენ სწრაფვის, საკუთარი სახის არ დაკარგვის, არ შეგუების, თავის არ მოდრეკვის და არ დანებების იმ პრობლემებთან ურთიერთობაში, რომლებიც ჩვენ მუდმივად გვაქვს. ვფიქრობ, ამ ფინალის შეცვლით სპექტაკლი ბრძოლისუნარიანი და ოპტიმისტური გახდა.

გარდა ამისა, პიესაში ცვლილებების შეტანის მიზეზი იყო: ჩვენ ბაბუების სახელების მატარებელი, მამების ღირსების კოდექსზე გაზრდილი და ოთხ ომგამოვლილი თაობა ვართ. ჩვენ ბრძოლის ველზე დაცემულ, დაღუპულ მეგობრებს და ძმაკაცებს არ ვტოვებთ, რა ფასადაც უნდა დაჯდეს ეს. რადგან, ის, რის გამოც ჩვენ ვიბრძვით იმდენად მნიშვნელოვანია, მისი გულისთვის ნებისმიერი საფასურის გაღება შეიძლება. ეს არის საკუთარი თავის, მეობის და იმ ფასეულობების შენარჩუნება, რასაც სიყვარული, მეგობრობა, მოყვასისთვის თავდადება ჰქვია. სანამ ეს ჩვენ თაობაში დევს, ვერ გადაგვაჯიშებენ, ვერ მოგვსპობენ, ვერ ჩაგვითრევენ გლობალიზაცია–ინტეგრაციის პროცესში, იმ კუთხით, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი დევალვირებული იქნება და ეს მოისპობა. მიუხედავად იმისა, რომ მართლა ოთხი ომი გამოვიარეთ და ვმონაწილეობდით კიდეც მასში, მე ვთვლი, რომ ჩვენს თაობაში და არა მხოლოდ, საერთოდ ერში ვერ მოკლეს. ამიტომ სპექტაკლი სხვადასხვა ომებში დარჩენილ ჩვენს ბიჭებს და ცოცხლებსაც ეძღვნებათ, ვინც მიუხედავად უამრავი პრობლემისა იბრძვის, რაღაცას ქმნის და ყველა იმ ფასეულობას ინარჩუნებს, რომლებზეც ჩვენ გავიზარდეთ და რაც ჩვენთვის ძვირფასი არის.

სპექტაკლში კიდევ არის ცვლილებები. ბევრი რამ, რაც მაყურებელმა სპექტაკლში ნახა, პიესაში არ არის, თუმცა ეს უკვე შემოქმდებითია. სპექტაკლი უფრო ქართული და ჩვენთვის ახლობელი გავხადეთ, მაგრამ ისე, რომ პიესის შემოქმედებითი ქსოვილი და გრძნობათა ბუნება არ დაგვირღვევია. 

მსახიობები შეირჩა...

მსახიობები ნიჭის, პროფესიონალიზმის თანამოაზრეობის და ზნეობრივი პრინციპით შევარჩიე. ამ სპექტაკლში თამაშის უფლება ყველას არ აქვს. ის, რაც სპექტაკლში ხდება, მაღალადამინურ კრიტერიუმებზეა დაყრდნობილი და მას ბევრი ვერ ითამაშებს. როდესაც ამ ტიპის სპექტაკლს დგამ, სადაც ზნეობრიობის თემა მძაფრია და გმირთა საქციელთა ლოგიკის ლამის ერთადერთი განმსაზღვრავი, მსახიობებიც უნდა შეეფერებოდნენ თავიაანთი განვლილი ცხოვრებით და ბუნებით ახლოს უნდა იყვნენ ყველაფერ ამასთან. მართალია, ნიჭიერი არტისტი ყველაფერს ითამაშებს, მაგრამ არის კიდევ რაღაც საკუთარი, რაც ამას ამდიდრებს, რასაც რეჟისორის და მსახიობის მენტალური თანამოაზრეობა ჰქვია. ამ კომპონენტებით ბევრი ნიჭიერი არტისტია, მაგრამ შეირჩა ის ხალხი, ვინც ყველაზე ახლოს არის თავისი ყოველდღიური ცხოვრებით სპექტაკლის კონცეფციასთან და სათქმელთან. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ცხოვრებაშიც ისეთივე თანამოაზრეები ვართ, როგორც სპექტაკლის კონცეფციის და სათქმელის ერთობრივი ჩამოყალიბების დროს.

რაც შეეხება ახალგაზრდა სოფო გურგენიძეს, (ახლაგაზრდაა, მაგრამ მოხუცი ქალის თამაში უწევს) მიუხედავად, მისი ასაკობრივი განსხვავებისა, ისიც ამ ნიშნით არის შერჩეული. ჩვენ მხოლოდ ერთ რამეზე ვკამათობდით, რა ფორმით მიგვეტანა მაყურებლამდე, რომ სპექტაკლი, კარგი გაგებით, ემოციურად დამთრგუნველი ყოფილიყო. როგორ გაგვეკეთებინა ის, რაც შეიძლება მაღალმხატვრულ ხარისხში.

ძალიან რთულია ორი საათი სცენიდან არ გახვიდე. შეიძლება ლირს თამაშობდე, მაგრამ ასეთი რთული არ იყოს, რადგან იქ სცენიდან გადიხარ, შემოდიხარ, დაფიქრების, გაანალიზების საშუალება გაქვს, შეგიძლია კულისებიდან შემოსულმა რაღაც შეცვალო, იქ არის ამოსუნთქვის საშუალება, მაგრამ კამერული ტიპის სპექტაკლები, როდესაც მსახიობები სცენიდან არ გადიან, ეს შეიძლება ითქვას, სამსახიობო ხელოვნების ჰაი კლასია. საკმარისია ერთი რამ გაფუჭდეს, მერე უკან მობრუნება შეუძლებელია. ვერც პარტნიორი გიშველის, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ხარ. 

სპექტაკლი შედგა...

საზოგადოების აზრის ჩემი მხრიდან გამეორება უხერხულია, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ბევრი კომპლიმენტი მივიღეთ.

არ ვიცი კარგია თუ ცუდი, მაგრამ მე ასეთი თვისება მაქვს, როდესაც ჩემს სპეტაკლს ვუყურებ ჩემზე ემოციურ გავლენას არაფერი არ ახდენს. რაზეც მაყურებელს ეცინება, მე არ მეცინება, რაზეც მაყურებელს ეტირება მე არ მეტირება, ყოველთვის წუნს ვხედავ. საკუთარი სპექტაკლის შეფასებას 14–15 სპექტაკლზე ვიწყებ, როდესაც მეტ–ნაკლებად მშვიდად ვარ და სპექტაკლიც მყარად დგას სცენაზე. მსახიობებს მე კომპილმენტებს არ ვეუბნები, მე მათთან ვმუშაობ. ერთადერთი, რაც ახლა ნათელია და ვერ ვიკეკლუცებ, თავისი პლიუსებით და მინუსებით, სპექტაკლს ემოციური ზემოქმედების ძალა აქვს მაყურებელზე და ყველა ასაკის ადამიანს აფიქრებს, რაც სერიოზული გამარჯვება არის.  ეს რა თქმა უნდა, მსახიობების დამსახურება არის და ცოტა ჩემიც, რომ მათ პირობები შევუქმენი. 

სპექტაკლი მიხეილ თუმანიშვილის 90 წლისთავს მიეძღვნა...

სპექტაკლი ორი თეატრის პროდუქტია: თელავის თეატრის და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის. უნდა ითქვას, რომ სპექტაკლი თელავის თეატრმა მიუძღვნა მიშა თუმანიშვილის 90 წლისთავს, თორემ ჩვენი, მისი მოწაფეების ყველა სპექტაკლი მის ხსოვნას ეძღვნება. რატომ ეს სპექტაკლი? იმიტომ, რომ ბევრი ის პრობლემა ომის თემა, სიკეთის მუდმივი მოთხოვნილება, ძიება, სიყვარული მოყვასისადმი ბატონ მიშას ყოველთვის აღელვებდა. მე ვერ გავკადნიერდები და ვერ ვიტყვი, რომ ჩემი სპექტაკლი ბატონი მიშას სპექტაკლებს გავს, მაგრამ ჩვენ მისი მოწაფეები ვართ და ჩვენთვის კარგად არის ცნობილი და ახლობელი ყველა ის პრობლემა, რაც ბატონ მიშას აწუხებდა. ყველაზე დიდი კომპლიმენტი რეჟისორმა ნუგზარ ბაგრატიონმა მითხრა: ”ბატონ მიშას ეს სპექტაკლი რომ ენახა, ბედნიერი იქნებოდა”. 

რეჟისორი კოტე აბაშიძე...

დავამთავრე თეატრთმცოდნეობის ფაკულტეტი ბატონ ვასო კიკნაძის კლასი. მესამე კურსზე გამოვთქვი სურვილი, რომ სარეჟისოროზე მინდოდა გადასვლა. მაშინ, ბატონმა ვასომ მითხრა, - „19 წლის ასაკში ჯერ კიდევ კაცმა არ იცის, ეს სურვილი რეალურია თუ არა. რეჟისურაში მისვლა  გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილებით, ინტელექტით არის საჭირო. და თუ ეს სურვილი ნამდვილია, იგი 10 წელიწადში რეალურად იჩენს თავს.“ მაშინ მეგონა, რომ 10 წელი ბევრი იყო, მაგრამ ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ... 

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თეატრთმცოდნეს თავბრუდამხვევი წარმატებული კარიერა მქონდა, ვწერდი, ვიბეჭდებოდი, გადაცემას ვაკეთებდი, 25 წლის ასაკში უკვე გამომცემლობა „ქართული თეატრის“ დირექტორი ვიყავი, რაც შეიძლება თეორეტიკოსმა აკეთოს, ყველაფერს ვაკეთებდი, დისერტაციას ვიცავდი, მშვიდი პოლიტიკური და სოციალური ფონი იყო, სულ მქონდა შეგრძნება რომ მთავარს და მნიშვნელოვანს არ ვაკეთებდი, სადაც მთლიანად ვიქნებოდი რეალიზებული. მერე აფხაზეთის ომი დაიწყო, სადაც სამხედრო კორესპოდენტი ვიყავი. ომის შემდეგ 10 წელიც გავიდა და სერიოზულად დავსვი საკითხი. ბატონმა ვასომ ინერვიულა. ყველაფერი რაც იმ წლებში შეიქმნა, რისკის ქვეშ დგებოდა. გარდა ამისა, არანაირი გარანტია არ იყო, რომ რეჟისურაშიც ყველფერი ასევე კარგად იქნებოდა. ბატონმა მიშამ პირდაპირ მითხრა: „ბნელ ტყეში შემოდიხარ და რომელი ტოტი გამოგთხრის თვალს კაცმა არ იცის. მერე უკან დაბრუნება გამორიცხულია.“ საკმაოდ დიდი და სერიოზული არჩევანის წინაშე ვიდექი, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე გავრისკე. როგორც კი პირველ კურსზე ბატონ მიშასთან მივედი, იმ ყველაფერმა აზრი დაკარგა და ახალი ცხოვრება დავიწყე. შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრებაში ორი კაცის „ვალი“ მაქვს - ვასო კიკნაძის და მიშა თუმანიშვილის.

ძალიან ადრე დავიწყე სპექტაკლების დადგმა. მეორე კურსზე გამოვაცხადე, რომ  სპექტაკლის დადგმა მინდოდა, მაშინ როცა სტუდენტებისგან მხოლოდ ნაწყვეტებს ითხოვენ. ამ შემთხვევაშიც გავრისკე და პირველი სპექტაკლი სოხუმის თეატრში „დარისპანის გასაჭირი“ დავდგი. ამიტომ, სოხუმის თეატრი განსაკუთრებული ფენომენია ჩემს ცხოვრებაში. მასთან არის დაკავშირებული ჩემი პირველი პროფესიის ბოლო პერიოდი - ომის დროს სოხუმის თეატრი უფრო ახლოს იყო, რადგან მებრძოლებზე ვწერდი, ახალი პროფესიის პირველი ნაბიჯიც. ერთი წამით თვალი არ დაუხამხამებია დიმა ჯაიანს, რაც დღეს ახლა ახალგაზრდა რეჟისორებისთვის დიდი პრობლემა არის. არადა სპექტაკლი თუ არ დადგა როგორ გაიზრდება? მითუმეტეს ამ ეკონომიკურ კრიზისში, ყველაფერი პიარზე და რეკლმაზე, რომ არის მიბმული. ინსტიტუტი, რომ დავამთავრე ხუთი სპექტაკლი მქონდა დადგმული. მათგან ორი სპექტაკლი პეტერბურგში საერთაშორისო ფესტივალეზე ითამაშეს. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სარეჟისორო კარიერაც ძალიან სწრაფად დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თაობის რეჟისურა აბსოლუტური ნგრევისა და სრულიად მოშლილ სამყაროში აღმოცენდა. დრო იყო დედაჩემი კიოდა, - „სახლში არაფერი არ დამიტოვე...“ იმიტომ, რომ დრო იყო ასეთი და რეკვიზიტები სახლიდან მიგვქონდა. 1995 წელს დავდგი პირველი სპექტაკლი, დედა არ ჰყავდა ირგვლივ არაფერს, თუმცა ვერ დავიწუწუნებ. უზნეობაა, უხერხულია და უმადურობაა ღვთის წინაშე, რადგან 1995 წლიდან დღემდე არ გავჩერებულვარ და წლების განმავლობაში სხვადსხვა თეატრებთან ვთანამშრომლობ: სოხუმის თეატრში დავდგი „დარისპანის გასაჭირი“, რუსთავის დრამატულ თეატრში ირაკლი სამსონაძის „იქ, სადაც ღვარად მოედინება“, ჩეხოვის „დათვი და ხელის თხოვნა“, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში „თქვენო უდიდებულესობავ“, თელავის თეატრში „ცხოვრება და სიკვდილი გრიგოლ იგორინის“, თეატრალურ სარდაფში „ორნი საქანელაზე“, კოტე მარჯანიშვილი სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში ჩეხოვის „სიყვარულის ანატომია“ და ა.შ.

მადლობელი ვარ რუსთავის დრამატული თეატრის, სადაც ძალიან რთულ პერიოდში ორი წელი ვიმუშავე. ოთხი სეპქტაკლი გავაკეთე სხვადსხვა ჟანრში. მერე წამოვედი. ის, რაც მე შემეძლო მივეცი თეატრს, რაც თეატრს შეეძლო მომცა.

წელიწადში ერთ სპექტაკლს რომ ვდგამ უკმაყოფილო ვარ. წელს უკვე მესამე სპექტაკლზე ვმუშაობ...


თეატრი...

ჩემთვის მნიშვნელოვანია სპექტაკლს  სათქმელი, კონცეფცია ჰქონდეს. ბიჭებმა, ჩემმა კოლეგებმა თავი დაიღუპეს, რომ  დროისა და კონექტურის მოთხოვნებს აყვნენ. ეს შეგნებულად გააკეთა ძალიან ნიჭიერმა ხალხმა და დღეს უზარმაზრი ტკივილით დადიან. მე ამას ვერ ვიზამ და არ ვიზამ. მე თუ რაღაც არ მტკივა, სპექტაკლს ვერ დავდგამ. მე ვდგამ: ალდო ნიკოლაის, ჩეხოვს, კლდიაშვილს, პუშკინს და ა.შ. ისეთი დრამატურგების შემოქმედებას, სადაც მაღალ და მარადიულ ფასეულობებზეა ლაპარაკი. მე არ ვდგამ შოუებს და არ ვეკარები შოუბიზნეს. ერთადერთი, რაც ამ თვალსაზრისით მაქვს გაკეთებული ეს არის ევტუშენკოს შემოქმედებითი საღამო, თუმცა ამ შემთხვევაშიც პოეტის საღამო დავდგი და არა შოუ. როგორც კი ამ გზას გადავუხვევ, აღარ მექნება „რკინის ბიჭების“ დადგმის მორალური უფლება. ამიტომ თეატრიც, სპექტაკლიც მარადიულ ფასეულობებზე, სატკივარზე უნდა იყოს, მსახიობები კი ამ კონცეფციის გამტარები. ამიტომ შეიძლება ძალიან მომწონდეს მსახიობი, მაგრამ სპექტაკლში არ დავუძახო, რადგან მისი მსოფლმხედველობა, მენტალიტეტი ამ პრობლემატიკასთან კონფლიქტში იყოს. 

რაც შეეხება რეკლამას, ის საჭიროა, მაგრამ არ უნდა გაგისწროს, თორემ დაიღუპები. 

საქართველოს ფარგლებს გარეთ...

ერთადერთი ქვეყანა, სადაც გასვლა და  სპექტაკლების დადგმა რეალურია, არის რუსეთი, რადგან სხვა ქვეყნის თეატრალური სამყაროს რეჟისორები მაინცდამაინც თავს არ იკლავენ. სამწუხაროდ, აღარ არის არც კავშირები და არც თვითრეალიზაციის საშუალება. რა თქმა უნდა, მე არ მაქვს ლაპარაკი რობერტ სტუარაზე და თემურ ჩხეიძეზე, რომელთა განკარგულებაშიც მსოფლიოს ერთი მეექვსედი ქვეყანაა. 

ჩემი სტუდენტები...

მიშა თუმანიშვილმა ჩვენ ხელობა გვასწავლა, რაც არის ფუნდამენტი და ყველამ უნდა იცოდეს. მერე უკვე შენობას როგორ ააგებ, შენზეა დამოკიდებული. ბატონი მიშა ჩვენგან არ ითხოვდა, რომ პატარ-პატარა თუმანიშვილები გავზრდილიყავით, ის პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა ამ პროცესს. კატეგორიულად მოითხოვდა ჩვენს ხელწერას. ახლა ვცდილობ მეც ასე მოვიქცე. ჩემს სტუდენტებს ვასწავლი ხელობას და ვცდილობ სწორი მსოფლმხედველობა ჩამოვუყალიბო, იცოდნენ რაზე გაიყიდონ და რაზე არა. სამწუხაროდ, ბავშვები მოდიან სრულიად არაფრისგან, ირგვლივ მხოლოდ ჭრელა-ჭრულა, უხარისხო, უგემვნო, იაფფასიან სიმახინჯეს უყურებენ. საბედნიეროდ, ჯერჯერობით ჩემი გაზრდილი სტუდენტები არ იქაჩებიან ტელევიზიისკენ, შოუბიზნესისკენ. შეიძლება ვღუპავ, არ ვიქცევი სწორად, მაგრამ მე ვთვლი, რომ ადამიანი ყველანაირ პრობლემას გაუძლებს, თუ ის, რასაც აკეთებს სწორი და ფასეულია. 

დღევანდელი ახალგაზრდობა...

საერთოდ, ზოგადად თაობას ინტელექტი აკლია, რაც კატასტროფაა. არ არის ინტელექტი, არ არის გემოვნების კრიტერიუმები. სიცრუეა, ტყუილია რომ გემოვნებაზე არ დაობენ. არ არის ინტელექტი და ძალიან ძნელია ეროვნული იდელოგიის ცნობიერების გამომუშავება. არ არის ეროვნული იდეოლოგია და ცნობიერება და არ არის ფუნდამენტი, რაზეც ადამიანი დგას და მისი არსებობის პირველ წყაროა. შებამისად არ არის მოთხოვნაც და „კომედი კლაბის“ პასაჟირი და კლიენტი ხდები, რაც უგემოვნო პროვინციალიზმია. ბავშვი კი პირდაპირ ამ უნიჭო სამყაროში ხვდება. აქედან გამომდინარე არ არის ზნეობრივი კრიტერიუმები და მერე გარესამყაროსთან ურთიერთობა რთულია. იწყება ინდივიდის მოსპობა და მასად ქცევა. მე არ მინდა პოლიტიზირებული ვიყო, მაგრამ, რატომ ემტერბა იდეოლოგია თეატრს? იმიტომ, რომ ის მოაზროვნე პროდუქტს, ეროვნულ იდეოლოგიას, ეროვნულ ცნობიერებას, ინტელექტს ქმნის და  პიროვნებას ნელ-ნელა აყალიბებს, მაგრამ ჯიუტად. ასეთი პიროვნებებისგან შემდგარი სამყარო და ქვეყანა ძალიან რთული სამართავია. ამიტომ ჯობია სერიალებზე გაზრდილი ცხვრის ფარა იყოს. დედა ენა აღარ არის, წერა-კითხვის კულტურა არ არსებობს. აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანი ვარ, არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და არც ვარ, მაგრამ ეს მაწუხებს. კომპიუტერით როგორ უნდა დაწერო სიტყვა „სამშობლო“. რატომ კეთდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მასაში რაც შეიძლება ნაკლები ინდივიდი, პიროვნება იყოს. ვისაც  ეს ყველაფერი ესმის, ამ პრობლემებს სახლში აგვარებს. ეს რა თქმა უნდა ახალგაზრდების დანაშაული არ არის, ირგვლივ ასეთი ფონია შექმნილი.

მე რომ თინეიჯერის ასაკში ვიყავი, მოპასანი, ბლოკი... ვაჟა-ფშაველაზე, ილია ჭავჭავაძეზე... ლაპარაკი აღარ იყო, თუ წაკითხული არ გქონდა, ისე ვერ იკოცნავებდი. ნორმალური გოგო არ დაგელაპარაკებოდა. შეკვეთა იყო ასეთი. გარკვეული ინტელექტუალური პოტენციალი უნდა გქონოდა, რომ მდედრის ყურადღება მიგექცია. საზოგადოება ამ კრიტერიუმებით და თვალსაზრისით ცხოვრობდა. 

მე ვიცი თაობის ის ნაწილი, რომელიც ოთხ-ხუთ ენაზე ლაპარაკობს, ძალიან განათლებულია, მაგრამ ეს ნაწილი, სამწუხაროდ, კატასტროფულად მცირეა. ბალანსიც კი არ ქვია ამას. არადა ქვეყანას სახელმწიფოდ განათლებული, მოაზროვნე ადამიანები აქცევენ. პირადად მე საგანმანათლებლო სისტემასთან მაქვს პრეტენზია და არა პოლიტიკოსებთან. პოლიტიკოსები საერთოდ არ მიყვარს. ვთვლი, რომ ეს არის ხალხი, რომელიც უფალმა დაივიწყა, რომლებსაც არაფრის შექმნა არ შეუძლიათ. აბსოლუტურად ბერწია შემოქმედებითად. პოლიტიკა პროფესიად აქციეს და თავის სპეციალობაში აბსოლუტურად არ შემდგარი ადამიანების ბრბოა. რა უნდა მოთხოვო მათ. ერთადერთი, რასაც ვითხოვ ნუ მოსპობენ საგანმანათლებლო სისტემას.
ათას პოლიტიკოსს ერთი დურგალი მირჩევნია, იმიტომ, რომ მისი ხელიდან კონკრეტული და ღირებული რამ იქმნება. 

მსგავსი პრობლემა არსებობს სამსახიობო სივრცეშიც. სასურველია რომ ჩვენი სამსახიობო სპექტრი ბევრად უფრო განათლებული იყოს. მათი შემოქმედება შემოქმედებითად უფრო საინტერესო გახდება. ეს სერიოზული პრობლემა არის და თავს ვერ მოვიტყუებ, რადგან მუშაობაში მიშლის ხელს. სპექტაკლის შექმნის დროს ასოციციაციურად პროცესები კლასიკასთან არის დაკავშირებული. კლასიკოსები, რომლებიც აუცილებლად წაკითხული უნდა ჰქონდეს მსახიობს, მაგრამ არ აქვს, ძალიან რთულია გააგებინო რას და როგორ ითხოვ. როდესაც ეს პრობლემა არ არის უფრო მეტი გარანტი გაქვს ფასეული რამ შეიქმნას. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ჩემი თაობის მსახიობებს. ჩვენ დროს სკოლა მუშაობდა. ინტელექტი ყველაფერს ერევა, ყველაფერს უგებს, ფულსაც კი.  ჩვენ თაობაში რომ ინტელექტს უწუნებდნენ ვინმეს, ნეტავ, იმ ინტელექტის ნახევარი ჰქონდეთ დღეს. სამწუხაროდ, ინტელექტის და განათლების პრობლემა, ყველა პროფესიაში ერთნაირად არსებობს.

„ჩაგდებული“ სპექტაკლები...

ობიექტურად ასეთი რამ არსებობს. როდესაც წლები გადის, სპექტაკლებს შორის განსხვავებას ხედავ. არის სპექტაკლები რომელიც არც ისე წარმატებულია, მაგრამ მე ის უფრო მეტად მიყვარს. ის სპექტაკლები, ანუ შემოქმედებითი ექსპერიმენტები რომ არ ყოფილიყო, შემდეგი სპექტაკლები წარმატებული არ იქნებოდა. ერთხელ მიშა თუმანიშვილმა თქვა, - „ჩაგდებულ სპექტაკლებზე ბევრად უფრო მეტი ისწავლება“. თუმანიშვილს, სტურუას, ჩხეიძეს, საერთოდ, იმ თაობას იმის საშუალება ჰქონდათ, რომ 7 თვის განმავლობაში სპექტაკლზე ლაბორატორიულად ემუშავათ და მერე სპექტაკლი არ გაეშვათ. სამაგიეროდ, იმ სპექტაკლებიდან მიღებული დასკვნებით უკვე შედევრებს ქმნიდნენ. მოგეხსენებათ მაშინ სხვა სოციალური და ეკონომიკური ფონი იყო. ჩვენ ამ ფუფუნებას მოკლებულები ვართ, რადგან სპონსორი კისერზე გვაზის, ერთი  სპექტაკლის წარმატება, მეორე სპექტაკლის დაფინანსებასთან არის დაკავშირებული. მე მაინც სულ ვრისკავ, სხვანაირად არ შემიძლია.

ამჟამად ვმუშაობ...

ამჟამად თამარ ბართაიას „სათამაშო პისტოლეტზე“ ვმუშაობ, რომლის პრემიერა მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში დეკემბერში იქნება. 

მინდა, რომ...

ნორმალურ, დემოკრატიულ, კულტურულ ქვეყანაში მინდა ჩვენი შვილების და შვილიშვილების თაობა გაიზარდოს, სადაც პრიორიტეტი ჭეშმარიტი და მარადიული ფასეულობები იქნება; მინდა ქვეყანა  სახელმწიფოებრივად ძლიერი იყოს. დიდი ილია ამას გადაჰყვა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ნომერ პირველ ამოცანად თითოეულ ქართველში სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბება მიაჩნდა, რომ ადამიანებისთვის პრიორიტეტი  სახელმწიფო უნდა იყოს და არა საკუთარი კეთილდღეობა, რომ „შენი ეზოს იქითაც საქართველოა...“ ამას მინდა მოვესწრო. თუ მეც ცოტა წვლილს შევიტან, ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრება შემქომედებითად შედგა. დრო მიდის და თუ ჩვენ ეს ვერ მოვასწარით ქვეყანას ვერ შევინარჩუნებთ. ელემენტარულად კაცი ვერ ომობს, თუ ის ეროვნულ ღირებულებეზე, იდეოლოგიაზე არ არის აღზრდილი. მე მინახავს ბოტასებში, მაისურებში ჩაცმული მათემატიკოსი ბიჭები, როგორ იბრძოდნენ აფხაზეთში ერთი წლის განმავლობაში. აგრეთვე მინახავს კბილებამდე შეიარაღებული, ფანტასტიურად, ნატოს პარამეტრებით  ჩაცმულ-დახურული ჯარისკაცები ბრძოლის ველიდან გამოქცეულები, ბავშვები, რომ ჰყავდათ მიტოვებული. იმიტომ, რომ ისინი ეროვნულ ფასეულობებზე არ არიან აღზრდილები. ძალიან კარგია, როცა კარგად აცვია ჯარისკაცს, მაგრამ ომის მოსაგებად ეს საკმარისი არ არის...