Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს, ახალგაზრდებს კითხვა...

2568b00ebe14

დაიბეჭდა ”ახალ 7 დღეში”

1 უფლება - არ წავიკითხოთ.

2 უფლება - გამოვტოვოთ გვერდები.

3 უფლება - ბოლომდე არ წავიკითხოთ.

4 უფლება - ხელახლა წავიკითხოთ.

5 უფლება - რაც გვინდა, ის წავიკითხოთ.

6 უფლება - ბოვარიზმი (ტექსტუალური გზით გადამდები დაავადება).

7 უფლება - სადაც გვინდა, იქ წავიკითხოთ.

8 უფლება - საიდანაც გვინდა, იქიდან დავიწყოთ კითხვა.

9 უფლება - ხმამაღლა წავიკითხოთ.

10 უფლება - არ ვილაპარაკოთ წაკითხულზე.

ეს ის უფლებებია, რომლითაც, ალბათ თითოეული ჩვენგანი სარგებლობს. მათ ცოტა ვრცელ განმარტებას კი თანამედროვე ფრანგი მწერლის დანიელ პენაკის წიგნში ”რომანივით საკითხავი”აღმოვაჩენთ, სადაც მწერალი გვირჩევს მსგავსი უფლებები ბავშვებსაც მივანიჭოთ და გვიხსნის, როგორ შეიძლება შევაყვაროთ კითხვა შვილებს და მოსწავლეებს.

წიგნის პრეზენტაცია და მის მთარგმნელთან ია ბერსენიძესთან შეხვედრა, გამომცემლობა ”დიოგენეს” წიგნის მაღაზიაში რამდენიმე დღის წინ გაიმართა. 

უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ დანიელ პენაკის წიგნი არ არის კითხვის შესაყვარებელი მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო. იგი მწერლისა და პედაგოგის დაკვირვებების და ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე აგებული ნაწარმოებია, რომელიც რომანივით მსუბუქად იკითხება ,და არა დიდაქტიკური შეგონებებით სავსე ოპუსი, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. წიგნი ”რომანივით საკითხავი”, უბრალოდ, საუკეთესო მრჩეველი და მეგობარია მათთვის, ვისაც ნამდვილად აწუხებს, რომ ახალგაზრდა თაობისთვის უცხოა ის ბედნიერება, რასაც წიგნის სამყარო ჰქვია.

წიგნის ქართულ ენაზე თარგმნამდე ია ბერსენაძემ პენაკის ნაწარმოების ზემოქმედება პირველად თვითონ განიცადა: ”ისევე, როგორც ყველა პირველი კლასელის მშობელს, საკუთარ შვილთან საბედისწერო ჭიდილი მეც მქონდა - მკაცრი მზერით ყოველდღე ვეუბნებოდი ჩემს შვილს, - უნდა იკითხო, შვილო! ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, კი პენაკის რჩევებს მივყევი და შედეგიც მივიღე. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მივხვდი, რომ მშობლები შვილებთან ურთიერთობაში დიდ შეცდომებს ვუშვებთ. მწერალი გვიხსნის, რომ ”კითხვა”, ისე, როგორც ”სიყვარული”, ან ”ოცნება” ბრძანებით კილოს ვერ ჰგუობს. როგორი მოწადინებულებიც არ უნდა ვიყოთ, შეგონებებით ვერავის დავაწყებინებთ ვერც სიყვარულს და ვერც ოცნებას. ზუსტად ასეა წიგნის კითხვის შემთხვევაშიც. სწორედ, ამიტომ, იმაზე საუბარი, რომ წიგნის კითხვა სასიამოვნო, საჭირო, სასარგებლო და აუცილებელია, მიზანს არასდროს აღწევს. დანიელ პენაკი მშობლებისა და შვილების ამ ორთაბრძოლას დახვეწილი იუმორით აღწერს და შეგვახსენებს იმ პაწია არსებებს, ახალნასწავლი ანბანით მარტივი წინადადებების შედგენაც რომ უჭირთ, ჩვენ კი ამ დროს მძიმეტანიან სათავგადასავლო-სამოგზაურო წიგნების კითხვას ვაიძულებთ. თან იქვე დავძენთ: ასეთი უინტერესო, როგორ ხარ, როგორ არ გინდა სამყაროს შეცნობაო.

დანიელ პენაკის სახელი გაგებულიც არ მქონდა, როცა დაახლოებით 14-15 წლის წინ ერთ ცნობილ ქალბატონთან ინტერვიუზე ვიყავი. მის ვაჟზე ვისაუბრებთ და მითხრა, რომ ძალიან დიდხანს თავის შვილს თვითონ უკითხავდა არათუ ბაღის, სკოლის მაღალ კლასებშიც კი. პენაკი სწორედ ამას ამბობს, რომ შვილებს წიგნები მშობლებმა უნდა წავუკითხოთ და თანაც უანგაროდ. სანაცვლოდ არაფერი არ მოვითხოვოთ, რადგან წიგნის კითხვა არც პრიზია და არც ჯილდო, აქ ყველაფერი უსასყიდლოდ უნდა ხდებოდეს, სწორედ ეს არის, ხელოვნების ერთადერთი საზღაური. და კიდევ, არ მოვთხოვოთ აგვიხსნან, რა გაიგო წაკითხულიდან. აცალეთ იოცნებოს, დარჩეს საკუთარ შეგრძნებებთან, ის საიდუმლო, რაც მას წიგნში აღწერილ ახალ სამყაროსთან შეხებით გადაეცა, მასთან უნდა დარჩეს.” - ამბობს ია ბერსენაძე.

გარდა ამისა, დენიელ პენაკი კითხვის სიყვარულს ზოგადად სიყვარულს ადარებს, რომლის დროსაც არასდროს ვსვამთ კითხვას: გვაქვს თუ არა ამის დრო. ამიტომ იგი ამბობს: ”კითხვის დრო მოპარული დროა”, რომელსაც ცხოვრებისეულ ვალდებულებებს ვპარავთ და ”კითხვის დრო არასდროს მქონია, მაგრამ თუ რომანმა დამაინტერესა, ვერაფერი შემიშლის ხელს მის დამთავრებაში”.

”მთავარია, ბავშვში მკითხველი გააღვიძოთ და ის საკუთარ თავს თვითონ გაუძღვება, თვითონ გაიკვლევს გზას წიგნების ლაბირინთებში და გემოვნებაც ნელ-ნელა დაიხვეწება, წიგნზე მსჯელობაც თვითონ მოუნდება და აზრის გამოსახატავად კალამს თვითონ აიღებს ხელში. პენაკის ეს რჩევა სკოლის მასწავლებვლებსაც ეხებათ, რომლებიც განუწყვეტლივ ჩივიან მოსწავლეთა გაუნათლებლობაზე. თუკი მასწავლებლები ცოტა ხნით სასკოლო პროგრამას დაივიწყებენ და რამდენიმე გაკვეთილს წიგნის ხმამაღალ კითხვას მიუძღვნიან, შედეგი უფრო ეფექტური იქნება. მას დანიელ პენაკი ფრანგი მასწავლებლების გამოცდილების საფუძველზე გვიჩვენებს.” - ამბობს ია ბერსენაძე.

წიგნი, რომელშიც მარტივად არის გადმოცემული, როგორ შევაყვაროთ ბავშვებს, ახალგაზრდებს კითხვა. კი არ ვაიძულოთ, ძალა დავატანოთ, არამედ შევაყვაროთ. უნატიფესი ლიტერატურული გემოვნებით და დახვეწილი ფრანგული იუმორით დაწერილი ამბავი იმაზე, რომელ ასაკში როგორ უნდა მივუდგეთ ჩვენს შვილებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, რათა ის ”უკურნებელი სენი” შევყაროთ, რასაც ლიტერატურის და ზოგადად კითხვის სიყვარული ჰქვია. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ეს მეცნიერული ენით დაწერილი მეთოდოლოგიაა. ეს ”რომანივით საკითხავია”, რომელშიც თითოეული ჩვენგანი აუცილებლად იპოვის საკუთარ თავს, გამომცემლობა ”დიოგენეს” წიგნის მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ.