ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი -სასტიპენდიო პროგრამა
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი -სასტიპენდიო პროგრამა -
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო აცხადებს კონკურსს რეგიონალური სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.
რეგიონალური სასტიპენდიო პროგრამის მიზანი: სასტიპენდიო პროგრამის მიზანია მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში აკადემიური კვლევების ჩატარებას.
პროგრამის ამოცანები:
* ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერების მიერ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სოციალურ მეცნიერებათა განვითარების ხელშემწყობი ინდივიდუალური და ინტერდისციპლინარული კვლევების ჩატარებას;
* ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სოციალურ მეცნიერებათა სფეროში მოღვაწე პროფესიონალების რეგიონალური ქსელის განვითარებას.
კონკურსის პირობები:
განაცხადის შემოტანა შეუძლიათ 1977-1990 წლებში დაბადებულ ახალგაზრდა მკვლევარებს, რომლებსაც გააჩნიათ სრული უმაღლესი განათლება და ამავე დროს მუდმივად ცხოვრობენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. სავალდებულოა ინგლისური ან/და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა. პრიორიტეტი მიენიჭება განაცხადებს, რომლებიც თემატურ სიახლეს, ზეპირი ისტორიის, სოციოლოგიური და თვისობრივი კვლევის ინოვაციური მეთოდებს გვთავაზობენ.
ფონდი აფინანსებს აკადემიურ კვლევებს შემდეგი მიმართულებებით:
* სახელმწიფო და საზოგადოება: სოციალური სტრუქტურები, პოლიტიკური კულტურა და ინსტიტუტები;
* ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტები: კოლექტიური და ინდივიდუალური მეხსიერება - განსხვავებული ხედვები;
* უთანასწორობასა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული პრობლემები: მარგინალობის განმსაზღვრელი ფაქტორები;
* ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები: ადაპტაციისა და ინტეგრაციის ფორმები;
* სოციალური სქესის მიმართ მგრძნობელობა და გენდერული როლები პოსტსაბჭოთა საზოგადოებებში;
* საბჭოთა წარსულის გააზრება: მაკრო და მიკროისტორია;
* ურბანული განვითარების პოლიტიკური და სოციალური ასპექტები;
* გარემო და განვითარება: კონსერვაციისა და ტრანსფორმაციის პრობლემები;
** მიგრაცია: სტრუქტურებისა და ტენდენციების მრავალფეროვნება.
სტიპენდიის ხანგრძლივობა და მოცულობა:
სტიპენდიის ხანგრძლივობა განისაზღვრება თორმეტი თვით (01.01.2013 - 31.12.2013). სტიპენდიის მოცულობა ყოველთვიურად 250.00 ევროს შეადგენს. პროგრამა ასევე მოიცავს ფონდის მიერ ორგანიზებულ თანმდევ სემინარებს, საზაფხულო სკოლას და პუბლიკაციებით მხარდაჭერას.
ზოგადი მითითებები:
* სტიპენდია წარმოადგენს ინდივიდუალურ დახმარებას და არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებს გარეთ მიმდინარე სხვა პროექტების დასაფინანსებლად.
* არ არის სავალდებულო სამეცნიერო ხარისხის ქონა, ან სამეცნიერო დაწესებულებასთან თანამშრომლობა.
საკონკურსო განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2012 წლის 17 ოქტომბრის 18:00 სთ.
განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ საბუთებს:
* თავფურცელი შემდეგი მონაცემების მითითებით: სახელი და გვარი; დაბადების წელი; ქვეყანა; სამეცნიერო დისციპლინა; საკონკურსო თემა; კვლევის სათაური (საკონკურსო თემა და კვლევის სათაურის ფორმულირება არ უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს)
* განაცხადის ანკეტა (ჩამოტვირთეთ ინგლისური/რუსული ვერსია ვებ-გვერდიდან http://www.ge.boell.org).
* ტაბელარული ავტობიოგრაფია (CV).
* ესსე (5-8 გვერდის მოცულობით), რომელიც უნდა შეიცავდეს პროფესიულ და პირად მოტივაციას: 1. რატომ მაინტერესებს ეს თემა; 2. რა ვიცი თემის შესახებ; 3. რა მეთოდებით ვაპირებ თემის კვლევას; 4. წლიური სამუშაო გეგმა.
** სამეცნიერო დაწესებულების მიერ ან აპლიკანტის ამჟამინდელი სასახურიდან ხელმძღვანელი პირის მიერ წარმოდგენილი ორი სარეკომენდაციო წერილი (რა კონკრეტულ გამოცდილებას ან სამეცნიერო ნაშრომს ეფუძნება რეკომენდატორი აპლიკანტთან მიმართებაში).
* უმაღლესი განათლების (ბაკალავრის, მაგისტრის ან 5-წლიანი სწავლების) დიპლომი ნიშნების ფურცლებითურთ.
* არჩევითია: სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი და მათი ასლები (მაქსიმუმ 20 გვერდი).
ზემოთ ჩამოთვლილი საბუთები (სამეცნიერო ნაშრომთა ასლების გარდა) წარმოდგენილ უნდა იქნას ინგლისურ ან რუსულ ენაზე, 3 ეგზემპლარად; აგრეთვე, დისკზე ჩაწერილი ელექტრონული სახით (2 ეგზ.). არასრული, დაგვიანებული ან ელექტრონული ფოსტით შემოსული განაცხადები არ განიხილება.
საკონკურსო განაცხადი გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო
ზოვრეთის ქ. 38, თბილისი, 0160
ვებ-გვერდი: http://www.ge.boell.org
[განცხადებები ; სასწავლო პროგრამები : საიტიდან edu-guide.ge]
- Irakli-ს ბლოგი
- Login to post comments