Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

გია დვალის ლექცია

გია დვალი: „ქვეყნისთვის, თუ ის ქვეყანას წარმოადგენს, მეცნიერება არის მთავარი ინგრედიენტი“

1282838360_dvaliiiii

გუშინ, 19:59

მზევინარ ხუციშვილი


ფიზიკის ინსტიტუტის დიდ აუდიტორიაში ქართველმა მეცნიერმა გია დვალმა წაიკითხა ლექცია თემაზე „დიდი აფეთქება და კოსმოლოგიური სინგულარობა”. ლექციას 30-მდე ახალგაზრდა დაესწრო. გია დვალს მიაჩნია, რომ ეს კარგი ტენდენციაა, რადგან მეცნიერებას ეკუთვნის სამყაროს მომავალი. მეცნიერება კი ახალგაზრდებმა უნდა განავითარონ. მისი ვიზიტი და საუბარი კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ მცდარია ყველა ის ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის განათლებისა და განვითარებისთვის არ ირჩევს მეცნიერული სკოლების ხელშეწყობას, პირიქით - ზღუდავს მათ ფუნქციებს.

ჟენევის ატომური კვლევების ცენტრის „CERN-ის“ თანამშრომელი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და მიუნხენის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი გია დვალი საქართველოს ფარგლებს გარეთ 1992 წლიდან მოღვაწეობს. მისი სამეცნიერო საქმიანობა ცოტა ხნის წინ ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის პრემიით აღინიშნა. პრემიით, რომელიც ნობელის პრემიის ანალოგიურია და რომლითაც გერმანიის განათლების სამინისტრო წამყვან მეცნიერებს აჯილდოვებს. გია დვალის კანდიდატურა მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. ქართველი ფიზიკოსის კვლევები ფუნდამენტურ მეცნიერებებს განეკუთვნება. გია დვალი კოლეგებთან ერთად ცდილობს, პასუხი გასცეს კითხვებს სამყაროს აგებულებისა და მისი ისტორიის შესახებ. რა არის ბუნების ის კანონები, რომლებიც სამყაროს ყველაზე ფუნდამენტურ ნაწილაკებს შორის მოქმედებს? რა კანონები მოქმედებდა ადრეულ სამყაროში დიდი აფეთქების მომენტში, საერთოდ, არსებობდა თუ არა იმ დროს დრო და რა იყო მანამდე? რა არის სამყაროს მომავალი, არის თუ არა იგი სამგანზომილებიანი? ამისთვის ქართველი მეცნიერი კვლევების მთელ სპექტრს აწარმოებს, ხოლო შემდეგ სხვადასხვა შედეგს თეორიულად და ექსპერიმენტულად ერთმანეთს უთავსებს, ეს ყველაფერი კი კვლევების ფართო დიაპაზონს ნიშნავს და ძალიან ფართო მეცნიერულ კვლევას მოითხოვს. ჰუმბოლტის პირველი პრემია გია დვალს შვიდ მეცნიერთან ერთად მიუნხენში საზეიმოდ გადაეცა. 3 მილიონ–ნახევარ ევროს ქართველი მეცნიერი სამეცნიერო კვლევებისთვის და იმ ექსპერიმენტისთვის იყენებს, რომლითაც მან პარალელური სამყაროს არსებობა უნდა დაადასტუროს. ჰუმბოლტის პრემია პირველად გაიცა და ის, რომ მსოფლიო დონის რვა მეცნიერს შორის ქართველი ფიზიკოსიც მოხვდა, მისთვის, პრესტიჟულთან ერთად, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოც არის. საერთოდ, ჰუმბოლტის ფონდი საკმაოდ ცნობილი ორგანიზაცია არის, რომელიც დაკავებულია მეცნიერების წახალისებით, დახმარებითა და მათი პრემია თეორიულ კვლევებზეა გათვლილი.

ქართველი მეცნიერი პერიოდულად ჩამოდის საქართველოში და ლექციებს კითხულობს. ამ ლექციების მიზანი ის არის, რომ ახალგაზრდობა და საქართელოში მოღვაწე პროფესორ–მასწავლებლები თანამედროვე მეცნიერების მიღწევებს არ ჩამორჩნენ. ეს არ არის სასწავლო ლექციები, არის სამეცნიერო-მიმოხილვითი, რომ ზოგადმა აუდიტორიამ, ექსპერტებმა და, უბრალოდ, დაინტერესებულმა პირებმა გარკვეული ინფორმაცია მიიღონ თანამედროვე მეცნიერების განვითარების შესახებ.

–დღევანდელი ლექციის თემა არის „დიდი აფეთქება და კოსმოლოგიური სინგულარობა”...

–კოსმოლოგია შეისწავლის წარსულს, თანამედროვე სამყაროსა და მომავალს. როგორც ისტორიული მეცნირება არის იმისთვის აუცილებელი, რომ ჩვენს მომავალზე წარმოდგენა გვქონდეს, ასეა კოსმოლოგიაც. მაგრამ კოსმოლოგიას ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი თვისება აქვს, ის მარტო აღმწერითი მეცნიერება არ არის, რომ უბრალოდ შეისწავლოს ქრონოლოგია, მას პირდაპირი გასავალი აქვს სამყაროს ფუნდამენტურ აგებულებაზე. თუ წარმოვიდგენთ, რომ სამყარო არის ჭურჭელი, სადაც მთელი ფიზიკა ვითარდება და შემდეგ ცხოვრობს, კანონები, რომლებიც მოქმედებს ელემენტარულ ნაწილაკებს შორის, განსაზღვრავს იმას, თუ როგორი იყო სამყაროს ისტორია. ის ურთიერთქმედებები, რაც არის ელემენტარულ ნაწილაკებს შორის ყველაზე მოკლე მანძილებზე, განსაზღვრავს იმას, თუ როგორი იყო კანონები ადრეულ სამყაროში და როგორი იქნება სამყაროს მომავალი. ამავე დროს სამყაროს კოსმოლოგიური შესწავლა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს არის ძალიან კარგი ლაბორატორია, ფუნდამენტური და, საერთოდ, სამყაროს მოწყობისა და აგებულების კანონების შესასწავლად. კოსმოლოგია ორი ნაწილისგან შედგება – ფიზიკის ელემენტარული ნაწილაკებისგან - მათ შორის - ურთიერთქმედებებისა და გრავიტაციისგან. ჩარჩოები, რომელშიც თანამედროვე კოსმოლოგია მოიაზრება, არის ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკას პლუს ეინშტეინის გრავიტაცია, რომელსაც ზოგადად ზოგადფარდობითობის თეორიას ვუწოდებთ და კოსმოლოგიური აპარატის ძირითადი შემადგენელი ნაწილებია. გრავიტაცია თამაშობს უდიდეს როლს სამყაროს ევოლუციაში, რადგან იგი არის სივრცისა და დროის ფიზიკა, რომელიც განაგებს გეომეტრიას, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.

–თქვენ, ალბათ, გაქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოში ფუნდამენტური მეცნიერებების მხრივ არც ისეთი სახარბიელო მდგომარეობა არის. საქართველოს ხელისუფლება ამზადებს კანონს, რომ შეიზღუდოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ფუნქცია. როგორია თქვენი აზრი?

–კონკრეტულ დეტალებს ვერ დავუწყებ კომენტირებას, რადგან ჩახედული არ ვარ, მაგრამ ზოგადად გაგცემთ პასუხებს. ალბათ, ბანალურობას ვიტყვი, მაგრამ ნებისმიერი ქვეყნისთვის, თუ ის ქვეყანას წარმოადგენს, მეცნიერება განუყრელი ნაწილი არის. მეცნიერება არის ქვეყნის ერთ–ერთი მთავარი ინგრედიენტი. იმაზე საუბარი და დროის დაკარგვა არც ღირს, რომ მეცნიერება ყველა ქვეყანაში განვითარებული უნდა იყოს. მეცნირება რომ განვითარდეს ქვეყანაში, საჭიროა ფული და პრიორიტეტების დასახვა. როგორც წესი, მეცნიერება არ არის გამოყოფილი ქვეყნიდან ცალკე. განვითარებულ და მოწესრიგებულ ქვეყნებს აქვთ განვითარებული მეცნირება, ხოლო განუვითარებელ და მოუწესრიგებელ ქვეყნებს არ აქვთ. პატარა ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერების განვითარება, რადგან, ფაქტობრივად, მეცნიერება არის ის ბერკეტი, რითიც პატარა ქვეყანას შეუძლია, მსოფლიოს არ ჩამორჩეს. მითუმეტეს, XXI საუკუნეში მეცნიერება გლობალური გახდა. გლობალიზაცია, ერთი მხრივ, საშუალებას იძლევა, მინიმალური დანახარჯებით მეცნირება შეინარჩუნონ პატარა ქვეყნებმაც კი, თუ სწორად მიუდგება სტრატეგიულად. ჩემი აზრით, ქვეყანამ მისი განვითარება პრიორიტეტად უნდა დაისახოს.

–ზოგადად, როგორია აუდიტორია საქართველოში და სხვა ქვეყნებში? დღეს როგორც ვხედავ, ლექციის მოსასმენად, ძირითადად, ახალგაზრდა თაობა მოვიდა...

– საერთოდ, როდესაც ადამიანები ასეთ ლექციებს ესწრებიან, ვთვლი, რომ საინტერესო პიროვნებები არიან. მათთან ურთიერთობა კი თავისთავად საინტერესოა. მიხარია, რომ ახალგაზრდები მოვიდნენ, რადგან მათზეც ბევრად არის დამოკიდებული, როგორ განვითარდება საქართველოში ფუნდამენტური მეცნიერებები.

 

საიტიდან "ახალი 7 დღე"