ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
რურუა, ვახტანგ. ფიროსმანი / მხატვ. ვ. რურუა; გამომც. გ. რურუა; მთარგმნ. ი. ბერიაშვილი. - თბ.: სიგნეტი, 2015. – 286 გვ. - ბიბლიოგრაფია: - გვ. 255-270.
ISBN 978-9941-0-7529-2
ეს ფართო ფორმატის, ფერადი, ილუსტრირებული ალბომი, საკმაოდ სრულყოფილი და განსაკუთრებულად უნიკალური ნაწარმოების განყენებულ სახეს ფლობს. იგი თავიდანვე იპყრობს ყურადღებას მისივე ავტორის მუშაობის პროცესში დაწერილ ხელნაწერის დატანილი ნიმუშით, საიდანაც მკითხველი გებულობს, თუ როგორ მზადდებოდა თვითონ ეს წიგნი, როგორც ფაქტობრივი მასალა. ავტორი წერს: „პროექტის განხორციელებას მრავალი არგუმენტი უჭერს მხარს: საქართველოში არ გამოცემულა ფიროსმანის ნამუშევრების სოლიდური სასაჩუქრო ალბომი (ერთადერთი პრეცენდენტი ერასტ კუზნეცოვის რუსეთში გამოცემული დიდი ალბომია, სამწუხაროდ უხარისხო პოლიგრაფიით),“ და აქვე: „სახელმწიფო მუზეუმებში დაცული ფიროსმანის სურათების გარდა, აუცილებელია კერძო კოლექციების გადამოწმება-ფოტოგრაფირება, შესწორებების შეტანა კატალოგებში.“
წიგნში გამოყენებულია ტიციან ტაბიძის, გრიგოლ რობაქიძის, გერონტი ქიქოძის, კირილ ზდანევიჩის, კოლაუ ჩერნიავსკის, ბენო გორდეზიანის, ერასტ კუზნეცოვის, გასტონ ბუაჩიძის ლიტერატურული მასალები, მათი მოგონებები და დამოკიდებულება დიდი მხატვრისადმი.
წიგნი ნარატივად გადმოცემული ქართული კულტურის ფუნდამენტური ინტერესების უკვე განხორციელებული პროექტია. მისი წინასიტყვაობა ერასტ კუზნეცოვს ეკუთვნის, რომელმაც ფაქტობრივად მთელი ცხოვრება ფიროსმანის შემოქმედების შესწავლას მიუძღვნა.
წიგნის შექმნაში ასევე უდიდესი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, ლიტერატურის მუზეუმსა და ს. ქობულაძის სახელობის ხელოვნების ძეგლთა ფიქსაციის ლაბორატორიას. წიგნს ერთვის ბიბლიოგრაფია, რომელიც წლების მიხედვით ანბანურად არის დალაგებული; მასში გამოყენებული ყველა სურათების შავ-თეთრი კატალოგი და ასევე მხატვრის ნამუშევრების პერსონალური და საერთო გამოფენების ნუსხა.
წიგნის პრეისტორიად კი გამოგდება ამავე ავტორის მიერ წლების წინ გამოცემული, ფიროსმანის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნი „ნიკო ფიროსმანი - 100 კვადრატი“
- new publications-ს ბლოგი
- Login to post comments