Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ქუჩის ბუკინისტების თავისტკივლი და ზაალ სამადაშვილის პატიოსანი სიტყვა

20-09-2010
მზევინარ ხუციშვილი
"ახალი 7 დღე"
ქუჩის ბუკინისტების თავისტკივლი და ზაალ სამადაშვილის პატიოსანი სიტყვა ორი კვირაა, რაც თბილისის ქუჩები ქუჩის ბუკინისტებისგან დაცარიელდა. ბევრი დავწერეთ და ვთქვით ამის შესახებ. ვისაც როგორ შეგვეძლო, ისე გამოვხატეთ, გულისტკივილიც და მათდამი თანადგომაც. მე კი გადავწყვიტე, ერთ-ერთ ბუკინისტს შევხვედროდი და მისი ისტორია მომესმინა. მეგობრის წყალობით ნაპოვნი არტური ტელეფონზე საუბრისას შეხვედრაზე დამთანხმდა, თუმცა არ მოვიდა და ტელეფონიც გამორთო. მის ძებნაში სხვა ბუკინისტს შევხვდი, ინგას, რომელსაც უკვე სამი წელია დიღმის მასივში ბუკინისტური წიგნების მაღაზია აქვს. ბევრი ვილაპარაკეთ და თავისი ისტორიაც მომიყვა.

- პროფესიით მათემატიკოსი ვარ. წიგნები ძალიან მიყვარს. მათი გაყიდვა არასდროს მიფიქრია. ჩემი ოცნება დღესაც სავარძელში ჯდომა და ამ წიგნების კითხვაა. მაგრამ მეუღლე მაშინ გარდამეცვალა, როცა ქვეყანაში დიდი გაჭირვება იყო. მაშინ არც პენსია მქონდა. სახლში გასაყიდი აღარაფერი დამრჩა, თუ რამე გამაჩნდა, ყველაფერი ადრეულ წლებში გავყიდეთ. წინა ხელისუფლება არაფერს გვიშლიდა, ყველაფერს ქუჩაში ვყიდდით. საარსებო წყარო მჭირდებოდა და წიგნების ჯიხურებში ჩაბარება დავიწყე. სამი წლის წინ, როცა ჯიხურების განადგურებაც დაიწყეს, მეუღლის ბინა გავყიდე და დიღმის მასივში ეს პატარა მაღაზია გავაკეთე.

- წიგნებს ყიდულობთ?

- თავიდან ჩემი წიგნები მქონდა, მერე ნაცნობებისგან ვყიდულობდი, ან მჩუქნიდნენ. ბევრი საინტერესო წიგნი აქვთ და გადაყრა ენანებათ.

- სად იდექით?

- თავისუფლების მოედანზე ერთი თვე ჩემი მეგობრის ადგილზე ვიდექი. ყველას ვიცნობ, ვინც იქ იდგა. მათ ხშირად მეც ვუკვეთდი წიგნებს. ყველაფერი იციან, გიყვებიან, გეხმარებიან. წიგნები ნებისმიერი ქვეყნის ქალაქის ქუჩებს ალამაზებს. თუ ქალაქში ხალხი წიგნებს კითხულობს, ეს ნიშნავს, რომ ის ქალაქი ცოცხალია და ყველა შიმშილით არ კვდება. წიგნებისა და ბუკინისტების განადგურება ძალადობაა.

- თქვენთან, ძირითადად, ვინ ყიდულობს წიგნებს?

- ეგრეთ წოდებული ინტელექტუალური ელიტა - რეჟისორები, მხატვრები, მსახიობები, სამხატვრო აკადემიის ლექტორები... ყველა ჩემი მაღაზიის მეგობარია, ისინი ხშირად სხვა საჩუქრებითაც მანებივრებენ. სულ ცოტა ფინანსური შესაძლებლობა რომ მქონდეს, მაღაზიაში კლუბს გავაკეთებდი. ადამიანებს მოსწონთ ასეთი სიახლოვე.

- დედაენის ბაღი მოგწონთ? თქვენ იქ ადგილი გაქვთ...

- რა თქმა უნდა, არ მომწონს. იქ წიგნები გამიფუჭდა წვიმისგან, მზისგან და სინესტისგან. ნახეთ, ეს იშვიათი გამოცემებია - 1964-1969 წლებში გამოცემული ქართული გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია. ეს წიგნები ვინმემ რომ მოითხოვოს, ვერც შევთავაზებ, სირცხვილია. ერთი მხრივ, დედაენის ბაღში, ერთ ადგილზე, ყველა წიგნით მოვაჭრის თავმოყრა კარგია, მაგრამ იქ ხალხი არ ივლის. შეიძლება მხოლოდ შაბათ-კვირას გამოიარონ, ისე, უბრალოდ, დასათვალიერებლად მყიდველები ნაკლებად მოვლენ. მე, ძირითადად, ისევ მაღაზიაში ვიქნები. იქ სამუშაოს შემდეგაც მოდის ხალხი.

- დედაენის ბაღში ადგილი ფასიანია?

- დიახ, თვეში 30 ლარს ვიხდი. ოთხი თვეა, ეს ადგილი მაქვს და ჯერ არაფერი გამიყიდია. ვნახოთ, რა იქნება. ტექნიკური ლიტერატურა მინდა შემოვიტანო. ელექტროტექნიკის შესახებ ლიტერატურა ქალაქში არავის აქვს. სიმართლე გითხრათ, წიგნებისთვის განთავსებული ყუთები რომ კარგ მდგომარეობაში იყოს და ხალხი დადიოდეს, იქ ყოფნა ჩემთვისაც საინტერესოა.

- საერთოდ, რა სახის ლიტერატურას ყიდით?

- ყველანაირი ლიტერატურა მაქვს ნებისმიერ ენაზე.

- ოჯახი გყავთ?

- ადამიანს, რომელსაც ოჯახი ჰყავს, წიგნებში ამდენ ფულს და დროს ვერ დახარჯავს...

ამ ინტერვიუსთვის მე და ინგა შაბათს დიღმის მასივში შევხვდით. კვირას კი დედაენის ბაღში ინგას ისევ გადავაწყდი. აქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი, საკრებულოს წევრები, მწერლები და, უბრალოდ, წიგნის მოყვარულები შეიკრიბნენ. მათ წიგნის მოვაჭრეებისათვის მხარდასაჭერი აქცია – წიგნის ბაზრობა – გამართეს. მისვლისთანავე ზაალ სამადაშვილს ინგა გავაცანი და დაზიანებული წიგნები ვაჩვენე. ინგამ კი ზაალ სამადაშვილს დედაენის ბაღში არსებული პრობლემები აუხსნა. საკრებულოს თავმჯდომარემ ჩემს ბუკინისტს მადლობა გადაუხადა პრობლემების გაცნობითვის, პატიოსანი სიტყვა მისცა, რომ ყველანაირი ხარვეზი გამოსწორდება და დედაენის ბაღში მათთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნება. „თუ არსებობს პრობლემები, თითოეულ ბუკინისტს აქვს საშუალება, მიმართოს გამგეობის წარმომადგენლებს, რომლებსაც ამ ადგილის მოწესრიგება ევალებათ. ისინი ყველაფერში დაეხმარებიან. პირადად მე, წიგნის მოყვარულებს, ლიტერატორებს, მწერლებს გვინდა, ქალაქის ძველ უბანში ერთი ადგილი იყოს, ეგრეთ წოდებული პრომენადი, რაც სასეირნო ადგილს ნიშნავს. აქ ადამიანები არა მხოლოდ წიგნის საყიდლად მოვლენ, არამედ კოლექციონერებს საშუალება ექნებათ, წიგნები გაცვალონ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დედაენის ბაღი წიგნის სამყაროდ ვაქციოთ. ეს არის ჩვენი შეკრების პირველი დღე, მაგრამ გპირდებით, რომ აქ არაერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული აქცია განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს წიგნის პოპულარიზაციას,“ - ამიხსნა ზაალ სამადაშვილმა.

მწერლებს შორის მწერალი მიხო მოსულიშვილიც იყო. აზრი მასაც ვკითხე.

- ჩემს ქუჩასთანაც იდგნენ ჭადრებთან ბიჭები, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან. მეც ხშირად მათ გვერდით ვიდექი, წიგნებზე და ლიტერატურაზე ვსაუბრობდით. ქალაქში გაფანტულ ბუკინისტებს დადებითი ის აქვთ, რომ სამსხურიდან მოდიხარ, ჯიბეში მანეთი გიდევს, უცებ შეხვდები კარგ წიგნს და იყიდი. მაგრამ ახლა ბესარიონ გაბურის წიგნს ვეძებ, მთელი ქალაქი უნდა შემოვიარო, რომ ეს წიგნი ვინმესთან ვიპოვო. ერთ ადგილზე რომ არიან, მივალ და მოვძებნი. უკვე ვიცი, რომ აქ უნდა მოვიდე. იცი, ამ თემას გაპოლიტიკურება არ სჭირდება.

- ბუკინისტები ამბობენ, რომ აქ წიგნები ფუჭდება...

- გარკვეული დროის შემდეგ წიგნი მაინც ზიანდება. დრო თავისას აკეთებს. ეს ბუნებრივი პროცესია. დროთა გამავლობაში ყველა წიგნი ყვითლდება, იცრიცება. ეს ადგილი ახალი გაკეთებულია. შევხედოთ, ვნახოთ, ხალხი როგორ მიიღებს და შეეგუება. საერთოდ, ყველა კულტურულ, მოწესრიგებულ და ნორმალურ ქალაქში ერთ ადგილზე უნდა იყვნენ ბუკინისტები და იმ ადგილს მათი სახელი უნდა ერქვას. მართალია, ეს ადგილი ცოტა მოშორებულია, აქ ხალხი ხშირად არ დადის, მაგრამ წინასწარ მაინც ვერ ვიტყვით, კარგია თუ ცუდია.

მიხო მოსულიშვილთან დამშვიდობების შემდეგ კიდევ ერთი ბუკინისტი, ალექსნადრე (საშა) ოსიპოვი გავიცანი. აღმოჩნდა, რომ ქუჩის ბუკინისტების დედაენის ბაღში გადაყვანის იდეა, სწორედ, მას ეკუთვნის. ინტერვიუზე დამთანხმდა, მაგრამ ჩვენი საუბარი არ შედგა.

- ბატონო საშა, რატომ შეარჩიეთ დედაენის ბაღი?

- რთული საკითხია, ვერ გიპასუხებთ, არ ვიცი...