Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

პროექტი დიალოგისთვის - საუბრები ფიროსმანის მაგიდასთან

b9d2e4d3632d

ნიკო ფიროსმანი ოცნებობდა, მხატვრები ერთ მაგიდასთან დამსხდარიყვნენ და ხელოვნებაზე ელაპარაკათ. როგორც ბევრ სხვა რამეს, ნიკალა ვერც წარმოიდგენდა, რომ მისი ეს ოცნება წლების შემდეგ მსოფლიო ხელოვანებისთვის საინტერესო გახდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი, რაც ნიკო ფიროსმანის სახელს უკავშირდება, საზოგადოებაში ინტერესს იწვევს - მასზე შექმნილი სიმღერები, ფილმები, გამოფენები და სხვადასხვა არტ-პროექტები, მრავალი ასეთი ფაქტის მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოება მას მაინც ნაკლებად იცნობს. სწორედ თანამედროვე ევროპისათვის ფიროსმანის გაცნობის მიზნით, საქართველოში უკვე მესამედ ხელოვნების ბიენალე "შეხვედრა ფიროსმანთან III" ტარდება, რომლის ორგანიზატორი საქართველო-გერმანიის საზოგადოებაა, ხოლო მისი ჩატარების იდეა გერმანელ მოქანდაკეს ჰანს შაიბს ეკუთვნის. "ფიროსმანთან ჩვენ უნდა ჩავიდეთ" - ასეთი იყო გერმანელი ხელოვანის მიზანი, როცა იგი პროექტის მომავალზე საუბრობდა. პროექტის ორგანიზატორმა, მხატვარმა გოჩა ღულელაურმა, ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაისახა მიზნად, რომ თანამედროვე ევროპისათვის ფიროსმანის გაცნობას სისტემური ხასიათი უნდა მისცემოდა და ეს უნდა ყოფილიყო არა კამპანია, არამედ ხელოვანთა ურთიერთობებზე აგებული ქმედებები. "ფიროსმანის შემოქმედების პოპულარიზაცია იყო და არის პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შემოქმედებითი დიალოგი და ადამიანური ურთიერთობები, რომელსაც ნიკო ფიროსმანაშვილი გულისხმობდა თავის ცნობილ სიტყვაში, 1916 წელს ქართველ მხატვართა შეკრებაზე: "ჰოდა, რა გვინდა, ძმებო, იცით? - უსათუოდ საჭიროა ავაშენოთ დიდი ხის სახლი სადმე, ქალაქის შუაგულში, რომ ყველასთვის იყოს ახლო. ავაშენოთ დიდი სახლი, რომ შევიყარნეთ ხოლმე, ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ, და ვილაპარაკოთ ხელოვნებაზე... თქვენ კი ეს არ გინდათ, თქვენ სულ სხვას ლაპარაკობთ."

გერმანელმა ხელოვანმა ჰანს შაიბმა 2004 წელს მირზაანში, ნიკალას მუზეუმში მაგიდა და სამოვარი ნახა, გაკვირვებულმა თქვა, - ეს ასე უფუნქციოდ რატომ გაქვთ, ნიკალას სურვილი უნდა გააცოცხლოთ. მან ჩამოაყალიბა პროექტის განვითარების ხაზი. თითოეული მონაწილე კი თავად ხდება, პროექტის ერთგვარი თანაორგანიზატორი; მომავლისთვის თავად ცდილობს მოიზიდოს და ჩართოს პროექტში სხვა დაინტერესებული ადამიანები. ადამიანები ფიროსმანის შემოქმედების, ქართული კულტურისა და ხელოვნების კეთილი ნების ელჩნი თავად ხდებიან. ინტერესი დიდია ფიროსმანის თემის მიმართ, ამიტომ უცხოელი მონაწილეები საკუთარი ხარჯებით ჩამოდიან და პროექტში - "შეხვედრა ფიროსმანთან" მონაწილეობას იღებენ. მომავალ ბიენალეში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს მხატვრებმა ისრაელიდან, ამერიკიდან, ინგლისიდან." - ამბობს გოჩა ღულელაური.

პროექტი "შეხვედრა ფიროსმანთან" პირველად 2006 წელს განხორციელდა. მაშინ საქართველოში ის მხატვრები ჩამოვიდნენ, ვინც უკვე იცნობდა ფიროსმანს, ქართულ მხატვრობას და ინტერესი ჰქონდათ, საქართველოში გამართულ გამოფენაში მონაწილეობა მიეღოთ. წელს პროექტს ახალი მონაწილეები შეუერთდნენ და 110 ხელოვანი მონაწილეობს. ფიროსმანის მაგიდასთან ხელოვნებაზე სასაუბროდ მხატვრები, მწერლები, ფოტოხელოვანები გაერთიანდნენ. 20 ოქტომბერს გოეთეს ინსტიტუტში ლიტერატურული საღამო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას გერმანელი და ქართველი მწერლები იღებდნენ: ჰელგა კურცხალია (გერმანია), გუდრუნ ლეემანი (გერმანია), ანა კორძაია-სამადაშვილი (საქართველო), დავით ჩიხლაძე (საქართველო), თემო ჯავახიშვილი (საქართველო), ზვიად რატიანი (საქართველო).

გოეთეს ინსტიტუტში გამართულ ლიტერატურულ შეხვედრაზე გერმანელი და ქართველი მწერლები შეეცადნენ, ერთმანეთისთვის შემოქმედებით სიახლეებზე მოეთხროთ. ჰელგა კურცხალიამ და გუდრუნ ლეემანსმა ქართველ კოლეგებს ახალი წიგნები წარუდგინეს. ჰელგა კურცხალიას წიგნი "აქ", საიდანაც მან პატარა ამონარიდიც წაიკითხა, გერმანიაში მცხოვრებ, ყველა კუთხის, ეროვნებისა და საზოგადოებრივი ფენის ადამიანებზე გვიყვება. როგორც ავტორმა ახსნა, ეს წიგნი არის გეოგრაფიულ და მენტალურ საზღვრებზე. ჰელგა კურცხალია 30 წელია ქართველების რძალია და მისთვის საინტერესო აღმოჩნდა, საბჭოთა იმპერიის ნგრევის პროცესისათვის თვალის დევნება. "მეორე წიგნი "ლამარას წერილები", რომელიც ეპისტოლარული ჟანრის მხატვრული ნაწარმოებია, სწორედ ამ პროცესის გამოძახილია. ორივე წიგნი რაღაცით კიდეც ჰგავს ერთმანეთს: პირველ წიგნში ნაჩვენებია, როგორ ხედავენ გერმანელები გერმანიას, მეორე წიგნი იმაზე გვიყვება, როგორ ხედავს ლამარა გერმანიას, რა ინტერესები აქვს მას ევროპაში და როგორ ხედავენ მისი ნაცნობი უცხოელები ახალ საქართველოს." - ამბობს ჰელგა კურცხალია. წიგნის პრეზენტაცია მალე თბილისის ლიტერატურის მუზეუმში გაიმართება.

გუდრუნ ლეემანის ინტერესის საგანი კი რუსი მწერლის - დანიელ ჰამსის ცხოვრება და შემოქმედება აღმოჩნდა. მან დიდი მონოგრაფია მიუძღვნა ჰამსის პიროვნებას, რომელიც ლექსებს, მოთხრობებს, პიესებს წერდა და   მე-20 საუკუნის დასაწყისის პეტერბურგში წარმოდგენებს მართავდა . გუდრუნ ლეემანმა პატარა პერფორმანსიც გაითამაშა, მან სახე გამჭვირვალე შარფით დაიფარა, თავზე ქუდი ჩამოიმხო, და ასე წაიკითხა ჰამსის პატარა ნაწარმოები, ისევე როგორც დანიელ ჰამსი წარმოადგენდა ხოლმე თავის პიესებს პერფორმანსის სახით. ის, რაც შემდეგ საბჭოთა იმპერიაში აიკრძალა და მოისპო , ხოლო დასავლეთმა მას 60-იან წლებში "მიაგნო." "ჰამსზე დიდი გალენა მოახდინა თბილისელმა ფოტოხელოვანმა ტერენტიევმა, რომელიც პეტერბურგში გადასახლდა. მან გააცნო ჰამსს საუკუნის დასაწყისის საქართველოში არსებული კულტურული მიმდინარეობები. დღეს, როცა ამ წიგნს თქვენ წინაშე წარმოვადგენ, სწორედ იმ კავშირს ვგრძნობ, რაც ჰამსს და თბილისს შორის იყო." - თქვა გუდრუნ ლეემანმა.

ქართული მხრიდან ლიტერატურულ საღამოში მონაწილეობას მხატვარი და პოეტი თემო ჯავახიშვილი, პოეტი და არტ-ხელოვანი დათო ჩიხლაძე, მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი და პოეტი ზვიად რატიანი იღებდნენ.

თემო ჯავახიშვილის მინიმალისტური პოეზია 90-იან წლებში დაიბადა, როცა იგი ცემენტის ობიექტებზე მუშაობდა და ზედ პატარა ტექსტებს აწერდა, რამაც შემდეგ პოეზიის სახე მიიღო. გერმანელ სტუმრებს ძალიან, რომ არ გაჭირვებოდათ ქართული პოეზიის აღქმა, ზვიად რატიანმა ერთი თავისი ლექსის გერმანული თარგმანი გაიხსენა და ამით შთაბეჭდილება შეუქმნა პუბლიკას, რა სტკივა მას, როგორც პოეტს. სტუმრებისთვის ცოტა გაუგებარი დარჩა დათო ჩიხლაძის ლექსი "წითელი დროშა", რომელიც არაპარტიულ, თავსმოხვეულ და იდეოლოგიურ, არამედ თავისუფალ, სექსუალურ, სიცოცხლით სავსე ფერს აღვიძებს ჩვენს ცნობიერებაში, ჩატკეპნილი სტერეოტიპის სანაცვლოდ.

ანა კორძაია-სამადაშვილმა ჯერ ქართულად წაიკითხა, მერე კი გერმანულ ენაზე შეეცადა გადმოეცა შინაარსი თავისი ბოლო პერიოდის მოთხრობისა "მე მომკლეს, დე", რომელიც საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომის გამოძახილს წარმოადგენს.

21 ოქტომბერს "ქარვასლაში" გამოფენა "ფიროსმანი და თანამედროვე ხელოვნება" გაიხსნა, ქართველი და გერმანელი მხატვრების მონაწილეობით, რომელიც 7 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოფენაზე წარმოდგენილია ქანდაკება, ფოტოგრაფია, ვიდეო-არტი. ეროვნულმა მუზეუმმა ფიროსმანის 5 ორიგინალი სამუზეუმო სივრციდან გამოიტანა და გამოფინა. თანამედროვე მხატვრებისთვის კი დიდი სტიმული და სიხარულია, რომ ფიროსმანთან ერთად იფინებიან. გამოფენა ერთგვარი დიალოგია და ეს დიალოგი დგება როგორც მხატვართა შორის, ასევე საზოგადოებასთან. ამავე მიზანს ემსახურება საგამოფენო კატალოგის გამოცემაც.
22 ოქტომბერს გოეთეს ინსტიტუტში გერმანული ფილმის ჩვენება შედგა, ხოლო 23 ოქტომბერს პროექტის მონაწილეები მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ, სადაც ფიროსმანის მაგიდასთან ხელოვნების შესახებ დისკუსია მოეწყო.
"შეხვედრები ფიროსმანთან" ფინანსურად არავისზე დამოკიდებული არ არის. ევროპელი ხელოვანები საქართველოში საკუთარი ხარჯით ჩამოდიან, მათი სურვილი ფიროსმანის შემოქმედებისა და ქართული კულტურის გაცნობაა, ხოლო საორგანიზაციო საკითხებს საქართველო-გერმანიის საზოგადოება აგვარებს. პარტნიორებიც ტრადიციულად არიან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, "დოიჩე ბანკი", საქართველოს ეროვნული მუზეუმი, გრიშაშვილის სახელობის თბილისის მუზეუმი, ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი, სერგეი მავრიცკის ფონდი.

"საქართველო გერმანული კულტურისათვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა. თანამედროვე ქართული ხელოვნება ევროპისაკენ არის ორიენტირებული, რაც ცხადად იგრძნობა, ცუდი და კარგი კი ყველგანაა. სამწუხაროდ, გერმანიაში ხელოვნების კრიტიკოსებიც კი ნაკლებად იცნობენ ფიროსმანის შემოქმედებას, ის მხოლოდ ნაივური მხატვრობის წარმომადგენლად მიაჩნიათ, მაგრამ როცა მხატვარს შეუძლია ორი მოსმით დაგიხატოს წიწილა ან მხატვარი, ეს უკვე თანამედროვე ხელოვნებაა. ფიროსმანი თვითონ გკარნახობს, როგორ მიუდგე მას, რა გააკეთო, რა არ ეკადრება. ფიროსმანს, პირველ რიგში, გაფრთხილება და იმ ადგილის დამკვიდრება ეკადრება, რაც თავისი შემოქმედებით დაიმსახურა. აღნიშნული ბიენალეც სწორედ ამისთვის ტარდება." - ამბობს  პროექტის გერმანელი ორგანიზატორი მათიას უნგერი.

ფიროსმანზე წერენ:

1962 წლის UNESCO-ს ჟურნალ "კურიერში" დაიეჭდა, საფრანგეთის საელჩოს მოსკოვში კულტურის ყოფილი ატაშეს, ხელოვნების კრიტიკოსთა  საერთაშორისო ასოციაციის წევრის ჟან ა. კეიმის წერლი - "ნიკო ფიროსმანი - სახალხო მხატვარი." ამონარიდები წერილიდან:

"ფიროსმანი მტკიცე და ამაყი ადამიანი იყო, არასოდეს წუწუნებდა თავის ბედზე. მისი ნამუშევრები საოცრად უბრალო და ბუნებრივია. ის ხატავს იმას, რასაც ხედავს. ფიროსმანის ნახატები ერთგვარი სტატიკურობით გამოირჩევა, მაგრამ იმავდროულად კაცთმოყვარეობით, უშუალობითა და ლირიზმითაა განმსჭვალული. მთელი მისი შემოქმედება ხალხურ საწყისს ეყრდნობა და ლირიზმი და დეკორატიულობა ახასიათებს..."

"დღეს, გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ, სიცოცხლეში უღიარებელი მხატვარი დიდი წარმატებით სარგებლობს, თუმცა არასოდეს უძებნია ეს წარმატება და არც ჰქონია ამის იმედი..."

"ამ მხატვრის მნიშვნელობა სცდება საქართველოს ფარგლებს: თავისი ჰუმანიზმითა და ტალანტით ნიკო ფიროსმანაშვილი მსოფლიო ხელოვნების საკუთრებაა..."

ესსე ფიროსმანზე, მწერალი გუდრუნ ლეემანი წერს:

"ნიკო ფიროსმანი პოპულარული მხატვარი იყო თბილისში - დუქნებისა და აბრების გამფორმებელი. ეს უბრალო, უპრეტენზიო ადამიანი განდგომილი, მოხეტიალე ხელოვანის ცხოვრებით ცხოვრობდა და თავისი მოწოდებით შორს იდგა სალონური მაღალი კულტურისგან. როგორც თვითნასწავლი მხატვარი ის ორიენტირებული იყო შუასაუკუნეების ქართულ კულტურაზე, სპარსულ მინიატურულ მხატვრობაზე, აღმოსავლურ ფოლკლორზე, ფრესკის ხელოვნებაზე, ასევე ფოტოგრაფიასა და თავისი დროის ბულვარულ ცხოვრებაზე..."