Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

"ვისწავლოთ ერთად" - ინკლუზიური განათლება

066db6b13955

გალერეა "ჰობიში" ინკლუზიური განათლების პროექტის "ჩვენ ერთად ვართ" პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში მოეწყო  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  (შშმ) ბავშვების ფოტო-გამოფენა, მათი ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ბავშვების შესაძლებლობების გამოვლენა-განვითარების, ჯანმრთელობისა და განათლების პირობების გაუმჯობესების, მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და საზოგადოებასთან ინტეგრირების მიზნით ახორციელებს პროექტს "ჩვენ ერთად ვართ." ამავე პროექტისა და ბავშვთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 35-მდე ბავშვი, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს, ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში იმყოფებოდა.

ამ ინიციატივის მხარდამჭერები იყვნენ: ფონდი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" და ასოციაცია "ახალგაზრდა ტრენერთა თაობა." საქართველოს სხვადსხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა ბავშვების ინტეგრირებულმა ჯგუფმა ბოდბის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა და წმინდა ნინოს საფლავი მოილოცა. "ვფიქრობთ, პროექტის - "ჩვენ ერთად ვართ" - ფარგლებში ბოდბეში გატარებული დღე დაუვიწყარი იქნება ამ ბავშვების, მათი მშობლებისა და ჩვენთვისაც. სამინისტრო კი ამ პროექტს მომავალშიც გააგრძელებს, რადგან ამ მიმართულებით მუშაობა მისთვის პრიორიტეტულია. გამოვთქვამთ იმედს, რომ ეს მიზანი გაგვაერთაინებს როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს და ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული სპეციალური პროგრამები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ პირების გონებრივი და ფიზიკური აქტივობის გაზრდას, სოციალური ინტეგრაციის პროცესს და ზოგადად, მათ კეთილდღეობას ჩვენს ქვეყანაში." - ამბობენ პროექტის ორგანიზატორები.

ღონისძიების ფარგლებში თანამედროვე მხატვრების  ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო. შემოსული თანხა უნარშეზღუდული ბავშვებისა და მოზარდებისათვის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას მოხმარდება. "განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები საზოგადოებისგან განსაკუთრებულ ყურადღებასა და სიყვარულს ელოდებიან. თავად საზოგადოება კი, ხშირად სათანადოდ ვერ აფასებს ასეთი დამოკიდებულების გამჟღავნების მნიშვნელობას. არადა, ეს ბავშვები თანატოლებისგან გამოირჩევიან იმითაც, რომ განსაკუთრებული სითბოსა და მადლიერების გამოხატვის უნარი აქვთ. თუ გულისყურით ჩავხედავთ მათ თვალებში, იქ სევდასთან ერთად, ჩვენგან გასაცემი სიყვარულისა და ზრუნვის მოლოდინსაც ამოვიკითხავთ. ამიტომაც, საზოგადოებას არ აქვს მორალური უფლება, მათ იმედები გაუცრუოს." - ამბობს აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი მანანა ქვაჩახია.

გალერეა "ჰობიში" პროექტის პრეზენტაციას და ფოტო-გამოფენას უნარშეზღუდული ბავშვებიც ესწრებოდნენ. "მე და ჩემი მეგობრები ავტობუსით წავედით ექსკურსიაზე ბოდბეში. ჩვენთან ერთად იყო მსახიობი ბიჭი. ის სურათებს გვიღებდა, გვამხიარულებდა და გვართობდა. ჩავედით ბოდბის მონასტერში, ვიყავით ეკელსიაში, ვნახეთ წმინდა ნინოს საფლავი. მე ძალიან მომეწონა ეკლესია-მონასტრის ეზო. ბოდბეში არის წმინდა ნინოს - სამკურნალო წყარო, ჭაში წყალი ძალიან ცივი იყო, გამიგია ეს წყარო ჰკურნავს, ამისთვის საჭიროა ჭაში სამჯერ ჩაყვინთო. პირველად, რომ ჩავედი წყალში, სიცივისგან გულმა ბაგა-ბუგი დამიწყო, მერე ცოტათი შევეჩვიე. მერე ბუნებაში გავშალეთ სუფრა, ბავშვებმა ვითამაშეთ, ვიცინეთ ბევრი. ბოლოს საჩუქრებიც დაგვირიგეს. ქალაქში დაღლილი, მაგრამ ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი. მადლობა ყველას, ვინც ეს ლამაზი დღე მაჩუქა." - გვითხრა 17 წლის ლალი დავლაძემ.

პროექტში მონაწილე ბავშვების მშობლებს და საზოგადოების წარმომადგენლებს დაურიგდათ ბროშურები, რომელშიც სალამანკას დეკლარაცია და სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა განათლების სამოქმედო გეგმაა დაბეჭდილი.

დეკლარაცია სპეციალური საჭიროების მქონე პირთა განათლების მსოფლიო კონფერენციამ ესპანეთში 1994 წლის 7-10 ივნისს მიიღო, სადაც ერთმანეთს 92 მთავრობისა და 25 საერთაშორისო ორგანიზაციის, 300-ზე მეტი მონაწილე შეხვდა, რათა ხელი შეეწყოთ "განათლება ყველასათვის" - მიზნისათვის და ინკლუზიური განათლების მიდგომის წინსვლისათვის. დეკლარაციაში გადმოცემულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა განათლების სამოქმედო გეგმა. პროექტის ქართველი ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ დეკლარაციაში გადმოცემული გეგმა ცოტათი მაინც დაგვეხმარება ვისწავლოთ უნარშეზღუდულ ადამიანებთან ურთიერთობა.