Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

იაპონური კიმონოების გამოფენა

a64711103337

კიმონოს ტრადიციული მნიშვნელობა და მისი ესთეტიკა იაპონური კულტურის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია. მისი მრავალსახეობა და მრავალფეროვნება დიდ ყურადღებას იქცევს მთელ მსოფლიოში. თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოდგენილი კიმონოების ექსპოზიცია სწორედ იაპონური ტრადიციების მრავალფეროვნებას წარმოაჩენს. გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იაპონიის საელჩო საქართელოში. აღნიშნული გამოფენა მეორეა, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის და იაპონიის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. 2009 წლის ოქტომბერში თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოდგენილი იყო ტრადიციული იაპონური თოჯინების გამოფენა.

გამოფენის გახსნას დაესწრნენ: იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ბატონი მასაიოში კამოჰარა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და კიმონოს ოსტატი - ქალბატონი ფუმიე იუგუჩი, რომელმაც სტუმრებს კიმონოს ისტორია და მისი მნიშვნელობა მოუთხრო. "ჩვენი ბებიების თაობას კიმონო წელიწადის ნებისმიერ დროს ეცვა – ზამთარში თუ ზაფხულში. რა თქმა უნდა კიმონოს ნაჭერი და ფერი განსხვავდებოდა იმის და მიხედვით, თუ სად ეცვათ კიმონო - შინ თუ გარეთ. ჩვენი დედების თაობას კიმონოზე მეტად დასავლური სამოსი აცვია. ჩვენ კიმონოს ვიცვამთ მხოლოდ სხვადასხვა ღონისძიებაზე. სხვა დროს ძალიან იშვიათად თუ ნახავთ კიმონოში ჩაცმულ იაპონელს." - გვითხრა კიმონოს ოსტატმა ქალბატონმა ფუმიე იუგუჩმა.

"იაპონიის საელჩო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან. ისინი მზა პროექტებით მოდიან. გამოფენაზე წარმოდგენილი კიმონოები ძალიან ლამაზია და ერთგავრი ესთეტიკის ნიმუშებია. მას აგრეთვე საგანმანთლებლო მნიშვნელობაც აქვს. ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყნის კულტურას უნდა ვიცნობდეთ და მათ შორის იაპონურ კულტურასაც." - მიიჩნევს ეროვნული მუზეუმის გენერეალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

კიმონოს ისტორია

კიმონო – იაპონური ჩასაცმელია. კიმონოსთვის დამახასიათებელი ფორმებია, დიაგონალური საყელო, ფართო მკლავები, დიდი ქამარი – ობი, რომელიც  სამოსის წინა ნაწილს იკავებს. ეს ყველაფერი გამოსახულია ჩინური სამეფოს „კას“ მმართველის ქანდაკებაზე. ეს სამეფო 4000 წლის წინ არსებობდა. ჩინურმა კულტურამ გავლენა იქონია არა მხოლოდ იაპონურ, არამედ სხვა კულტურებზეც. მაგალითად, ვიეტნამურ და ბუტანურ კულტურებზე. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ უკვე III საუკუნეში იაპონელებს კიმონოს მსგავსი სამოსი ეცვათ.  VII -VIII საუკუნეებში არსებულ მდგომარეობაზე კი ინფორმაციას ძველი იაპონური წიგნებიდან ვგებულობთ, "კოჯიკი" და "ნიჰონშიოკი." იაპონელი არისტოკრატების საზეიმო ტანისამოსი ძალიან ჰგავს კოსტუმებს, რომლებსაც ჩინეთის სუის დინასტიის დროს იქმნებოდა. ამ პერიოდში, იაპონია აგზავნიდა საგანგებო დესპანებს ჩინეთში, და ბუნებრივია, რომ ჩინური კულტურის, ხელოვნებისა თუ ბუდიზმის გავლენა დიდი იყო იაპონიაზე. იმ პერიოდშიც კი, როდესაც იაპონია ჩინეთის კულტურის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, კიმონოში შეიმჩნეოდა იაპონური შტრიხები. მაგალითად, მნიშვნელოვანია განსხვავება კიმონოს ფერებში. იაპონიაში 603 წელს გამოიცა კანონი 12 რანგის შესახებ. იმის მიხედვით, თუ რომელი რანგის წარმომადგენელი იყო პიროვნება, მისი სამოსი და სამოსის ფერი განსხვავდებოდა.  რანგთა სისტემაში მოცემული ფერების თანმიმდევრობა იაპონელი ხალხის მენტალიტეტში  დიდი ხნით  ჩაიბეჭდა. თანმიმდევრობა შემდეგია (ზემოდან ქვემოთ): იისფერი, ლურჯი, წითელი, ყვითელი, თეთრი, შავი და ფერები, რომლებიც ამ ძირითადი ფერების კომბინაციიდან შედგებოდა.

719 წლის წესდების თანახმად, კიმონოს საყელო უნდა ჩაეტანათ მარჯვნიდან. ეს წესი დღესაც არის შემოჩენილი: მარჯვენა ზემოდან იფარება, მარცხენა კალთით (როგორც კაცის, ასევე ქალის კიმონო). ანუ, იაპონიამ ეს ტრადიცია შეინარჩუნა 13 საუკუნის განმავლობაში.

იაპონიამ შეწყვიტა დესპანების გაგზავნა ჩინეთში 894 წელს. იაპონური თვითმყოფადი სამოსის განვითარება სწორედ ამის შემდეგ იწყება. არისტოკრატების სამოსი დაიხვეწა, უფრო მომხიბვლელი გახდა და წარმოიშვა 12-ფენიანი კიმონო. არსებოს ისტორიული დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ ფაქტს, რომ არსებობდა არა მხოლოდ 12-ი, არამედ 24-25-ფენიანი კიმონოც. ამ პერიოდიდან მოყოლებული ყურადრება ექცეოდა კიმონოს ფერს, რადგან ის პიროვნებას და მის ინტერესებს გამოხატავდა. მანამდე, ბალახების და ყვავილების გამოყენებით მიღებული საღებავები მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა. მნიშვნელოვანი იყო კიმონოს არა მხოლოდ გარეთა მხარე, არამედ შიდა მხარეც. დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა თვალისთვის ოდნავ შესამჩნევი პატარა დეტალის ფერსაც კი. XII საუკუნიდან უფრო მეტი ყურადღება ენიჭებოდა პრაქტიკული კიმონოს დამზადებას, ვიდრე ლამაზი კიმონოს. იაპონიაში პრაქტიკული და სადა კიმონოების დამზადება X IV საუკუნის ბოლოდან დაიწყეს, როცა ქვეყანაში ბამბა შემოიტანეს.
შენგოკუს პერიოდის ბოლოს (XV საუკუნის შუახანებიდან და XVII საუკუნის დასაწყისამდე) გაჩნდა კიმონოს მოხატვის, მოქარგვის, სხვადასხვა ტექნიკა. შენგოკუს პერიოდის ბოლოს იაპონელებმა დაიწყეს სილამაზის ძიება ნივთებში. 
ედოს პერიოდში (1600-1867) იაპონია იზოლირებული იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იაპონია თავისთავად ვითარდებოდა, ყოველგვარი უცხო ქვეყნების გავლენის გარეშე. 

იაპონიის რეგიონებში ხდებოდა ამა თუ იმ რეგიონისთვის დამახასიათებელი ქსოვილების დამზადების, შეღებვის  ტექნოლოგიების ჩამოყალიბება. შედეგად, კიმონო არა მხოლოდ სამოსი იყო, არამედ ის ტრადიციული იაპონური ხელოვნების ნიმუშად იქცა. იზოლაციის დასრულების შემდეგ (1868), იაპონიაში სხვადასხვა დასავლური ტანსაცმელი შემოვიდა. ცხოვრების სტილის შეცვლასთან ერთად კიმონოზე უფრო მეტად პრაქტიკული გახდა დასავლური სამოსის ჩაცმა და შესაბამისად იკლო იმ ხალხის რაოდენობამ ვისაც კიმონო ეცვა.
კიმონოს სხვადასხვა სახეობა არსებობს. კიმონო განსხვავდება რანგის მიხედვით, რადგან კიმონოს ნაჭერი, ნახატი და კიმონოს დანიშნულებაც განსხვავებულია. ქალი იცმევს სხვადასხვა კიმონოს იმის მიხედვით გათხოვილია ის თუ გასათხოვარი.

ფურისოდე – ყველაზე მდიდრული კიმონოა, რომელსაც გრძელი სახელო აქვს. ფურისოდეს მხოლოდ გასათხოვარი ქალები იცმევენ. გათხოვილ ქალს შეუძლია დაამოკლოს სახელოს სიგრძე, ან აჩუქოს უცვლელად სხვა გასათხოვარ ქალს ვინაიდან ფურისოდეს ქსოვილის ნახატი სრულყოფილად შენარჩუნებულია.

 უჩიკაკე - ყველაზე ოფიციალური ტრადიციული კიმონოა, რომელსაც მხოლოდ პატარძალი იცმევს. უჩიკაკე შეიძლება იყოს სპეტაკი თეთრი ან ფერადი, რომელშიც დომინირებს წითელი ფერი.

ტომესოდე - ოფიციალური კიმონოა, რომელსაც მხოლოდ გათხოვილი ქალები იცმევენ. ძველი ტრადიციის მიხედვით ფურისოდეს გრძელ სახელოებს ქალიშვილის გათხოვების შემდეგ ამოკლებდნენ, რომ სახლის საქმეში ხელი არ შეშლოდა. ასე იქმნებოდა ტომესოდე. ტომესოდე სხვა კიმონოსგან იმით განსხვავდება, რომ მასზე ნახატი მხოლოდ წელს ქვემოთაა. ტომესოდეზე დატანილია სამი ან ხუთი საგვარეულო ნიშანი, რომელიც ამ კიმონოს ოფიციალურობაზე მეტყველებს.  ტომესოდე - ორნაირია: კუროტომესოდე (შავი კიმონო, წელსქვემო ნახატით) და ირო ტომესოდე (წელსზემო ნახატით). კუროტომესოდეს იცმევენ მხოლოდ ახლო ნათესავები ქორწილში; ირო-ტომესოდეს კი საიმპერატორო ოჯახთან დაკავშირებულ ოფიციალურ ღონისძიებებზე. ტომესოდეს ხუთი საგვარეულო ნიშანი აქვს წინ და უკან.

ჰომონგი - ნიშნავს ვიზიტის დროს ჩასაცმელ კიმონოს. ჰომონგი შეიძლება როგორც გათხოვილმა, ასევე გასათხოვარმა ქალმა ჩაიცვას. ჰომონგის იცმევენ როდესაც სტუმრად მიდიან არაფორმალურ შეხვედრებზე, ჩაის ცერემონიაზე, ყვავილების გამოფენაზე, ან ახალ წელს.

კომონი - ყოველდღიური  მოდური კიმონოა, რომელიც გაფორმებულია პატარა ერთნაირი ნახატით. კომონზე შეიძლება სადა ან ოფიციალური ობი (ქამარი) გაიკეთო და ასე გახვიდე ქალაქში. კომონი შეიძლება ჩაიცვას, როგორც გათხოვილმა, ისე გასათხოვარმა ქალმა.

მონ-ცუკი - ოფიციალირი კიმონოა, რომელსაც საგვარეულო ნიშნები აქვს. მონ-ცუკის მხოლოდ კაცები იცმევენ. კიმონოს შეიძლება ერთი, სამი ან ხუთი მონი (საგვარეულო ნიშანი) ჰქონდეს. შესაბამისად გამოირჩევა სამი ტიპის მონ-ცუკი კიმონო: იცუცუ მონ (5 საგვარეულო ნიშანი), მიცუ მონ (3 საგვარეულო ნიშანი) და ჰიტოცუ მონ (1 საგვარეულო ნიშანი). მონ-ცუკი კიმონოს ძირითადად ჰაკამასთან ერთად იცმევენ.

ჰაკამა - ქვედაბოლოს მაგვარი შარვალია. თავდაპირველად ჰაკამას მხოლოდ კაცები იცმევდნენ, მაგრამ დღესდღეობით ქალებიც იცმევენ. კაცები ჰაკამას იცმევენ როგორც ოფიციალურ ასევე არაოფიციალური შეხვედრების დროს. ქალებს კი ჰაკამას ჩაცმა შეუძლიათ მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლის ცერემონიის დროს ანდა იაპონური ტრადიციული სპორტის დროს, ისეთი როგორიც არის კიუდო, აიკიდო და კენდო. ჰაკამას კიმონოს ზემოთ იცმევენ.

ნაცუმონო - გრილი, მსუბუქი კიმონოა, რომელსაც ზაფხულის დასაწყისში იცმევენ. ნაცუმონო მზადდება ჰაეროვანი, თხელი აბრეშუმის ნაჭრისაგან. უფრო ხშირად შეხვდებით ნაცუმონოს, რომელზეც დატანილია ზამბახის ნახატი, ასევე ხანდახან გამოსახულია ჭრიჭინა, ხვართქლა ბალახი, წყლის სიმბოლო, თევზი, კობრი, ან შუშხუნა. სიგრილესთან შეხამებული სილამაზის ელფერი უნდა დაჰკრავდეს ნაცუმონოს.

თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა 14 ნოემბრამდე გაგრძელდება.