Skip to content Skip to sidebar Skip to footer

„ეს როზმარინი გამომართვი. ხსოვნისთვისაა. ჩემო ძვირფასო სიყვარულო, გთხოვ, სულ გახსოვდე“.

ამ სიტყვებს ოფელია სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ამბობს და ტრაგედიის სხვა პერსონაჟებს ყვავილებს ურიგებს. მცენარეების ცოდნა და სიყვარული ის საერთო მახასიათებელია, რომელსაც „ჰამნეტის“ ავტორი, მეგი ო’ფერალი შექსპირის ოფელიასა და მის ნამდვილ ცოლ – ენ ჰეთეუეისთან (რომანში აგნესთან) ხედავს.

„ჰამნეტში“ ავტორი არასწორხაზოვანი – ძველ და სათხრობ დროში მონაცვლეობით, შექსპირის 11 წლის ვაჟის „შავი ჭირით“ გარდაცვალების შესახებ გვიამბობს, თუმცა წიგნში ცენტრალური ფიგურა უფრო დრამატურგის ცოლი, აგნესია. ეს მწერლის შეგნებული გადაწყვეტილება უნდა იყოს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ შექსპირის ცხოვრება და შემოქმედება მუდმივი კვლევის საგანია,  მისი ცოლის შესახებ დღემდე ძალიან ცოტაა ცნობილი. ბიოგრაფიულ ცნობებში ხაზგასმულია ასაკობრივი სხვაობა წყვილს შორის ( ქორწინებისას შექსპირი 18 წლის იყო, ხოლო ჰეთეუეი 26-ის) და ის ფაქტი, რომ ქორწილი ენის ორსულობის გამო ნაჩქარევად ჩატარდა (Britannica Editors (2026, March 17).

2UnSo0yKNdK3GjT6TnZIyTw2Nl59hV0U8CF23SaN 1

ამ მონაცემზე და იმაზე დაყრდნობით, რომ უილიამი და ენი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, შევხვდებით ცნობებს იმის შესახებაც, რომ შექსპირს ცოლი არ უყვარდა.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩანაწერში ჰეთეუეი სახელი ენით არის მოხსენიებული, თუმცა მამამისის ანდერძში აგნესი წერია. ო’ფერალის ვარაუდით, შვილის სახელის სწორი ვერსია სწორედ მამას ეცოდინებოდა, ამიტომ ამბის აგნესის პერსპექტივით მოწოდებისას სახელის მამისეული ვერსია შემოგვთავაზა.  

ო’ფერელის გადაწყვეტილება, შექსპირის და მისი მეუღლის ურთიერთობა აგნესის პერსპექტივიდან შემოგვთავაზოს, ისტორიის ერთგვარი „გადასინჯვა“ და  კრიტიკული თვალით დანახვაა, რასაც მკვლევარი ედრიენ რიჩი ქალებისთვის გადარჩენის ტოლფასად მიიჩნევს.

„ყველამ ვიცით, რომ სხვა ამბავია მოსაყოლი, რადგან ქალები აღარ უნდა იყვნენ მხოლოდ დედები ან კაცების მუზები, არამედ მათ თავიანთი გზა და სამუშაო აქვთ“ ( ედიენ რიჩი, ამერიკელი პოეტი, 1971).

ისტორიას და მითოლოგიას მამაკაცური პერსპექტივით განსაზღვრულად მიიჩნევს „მეორე სქესის“ ავტორი, სიმონ დე ბოვუარი,  იშველიებს რა  მე-17 საუკუნის ფემინისტის, პულენ დე ბლარის ფრაზას „ ყველაფერი რაც მამაკაცებს ქალებზე დაუწერიათ, საეჭვოდ უნდა მივიჩნიოთ, რადგან კაცები ერთდროულად მოსამართლეებადაც გვევლინებიან და მომჩივნებადაც“.

hamnet by maggie ofarrell book club 44D5D507 A016 453B 8754 1B813256EBFE

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისტორიამ შემოგვინახა ინფორმაცია შექსპირის ცოლზე, როგორც მაცდურ ქალზე, სტრატფორდის სახლის მომვლელსა და 3 შვილის დედაზე, თუმცა ჩვენთვის არაფერია  ცნობილი ქალის ემოციებზე, განცდებსა და მეუღლესთან რეალურ ურთიერთობაზე. ამ დანაკლისის შევსების საშუალება მისცა ავტორმა აგნესს, ბუნების ველურ შვილს, ჰერბალიზმის მცოდნეს, მკურნალს, რომელიც ქმარს უყვარს და ვისი  როლიც უდიდესია უილიამის წარმატებაში.

აგნესის პერსონაჟის შექმნისას ო’ფერალმა ისტორიკოსი მამაკაცების მოსაზრებებში დაეჭვება გადაწყვიტა. ამას შეიძლება ამართლებდეს წერილიც, რომელიც, მართალია, 1978 წელს ჰერტფორდში, წიგნის ყდაში აღმოაჩინეს, მასში მოხსენიებული მისის  შექსპირის იდენტიფიცირება გასულ წელს მოხდა. წერილის შინაარსით დასტურდება, რომ შექსპირი და მისი ცოლი 1600-1610 წლებში ლონდონშიც ცხოვრობდენ ერთად და ის ქმარს სტრეტოფრში არ მიუტოვებია.

ასევე, პროფესორი მეთიუ სტიგელი ბრისტოლის  უნივერსიტეტიდან აღნიშნავს, რომ რადგან ისინი ერთად ცხოვრობდნენ, ეჭვის ქვეშ დგება დანარჩენი მოსაზრებებიც იძულებითი ქორწინების შესახებ.

62619670 205f 11f0 bfaa ab0539d45dd3.jpg

ისტორიული ცნობებით, ენმა წერა-კითხვა არ იცოდა, თუმცა ახალი წყაროებით ეს ცნობაც საეჭვოა.

„ჰამნეტის“ აგნესმა კითხვა იცის, თუმცა ცუდად. ის ქმარს ლონდონში არ მიჰყვება, რადგან თავად არ სურს. ქალისთვის წარმოუდგენელია ბუნებისგან სიშორე, მაგრამ უარს  იმ მიზეზით ამბობს, რომ უმცროსი ტყუპისცალი ლონდონამდე მგზავრობას და იქაურ კლიმატს ვერ შეეგუება.

მართალია,  მთხრობელი უილიამ შექსპირის სახელს არსად ახსენებს, თუმცა პირდაპირაა დასახელებული აგნესი და მისი სამი შვილი, სუზანა, ჯუდიტი და ჰამნეტი, რომელიც ინგლისურ ენაში ჰამლეტის პარალელური ფორმაა. აქვე წერს, რომ 11 წლის ჰამნეტის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, მამამისი წერს ტრაგედიას „ჰამლეტი“.

„ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჰამნეტს ვიპოვიდი „ჰამლეტში“, თუმცა მაინტერესებდა აგნესის პოვნას თუ შევძლებდი“.  

658366364 4246601125579316 2102868768038571365 n

ავტორი ასევე დასძენს:

„შეთხზული აგნესის მცენარეებსა და წამლებში განსწავლულობაც შექპირის შემოქმედებას უკავშირდება, კერძოდ კი ოფელიას მონოლოგს, როცა ის შეურაცხადად გამოიყურება და სხვა პერსონაჟებს ყვავვილებს ურიგებს.

„ეს როზმარინი გამომართვი. ხსოვნისთვისაა. ჩემო ძვირფასო სიყვარულო, გთხოვ, სულ გახსოვდე. იაჟუჟუნამ შენს ფიქრებში შეინახოს ჩემი სახელი“.  – ეს თარგმანი „ჰამლეტის“ ლელა სამნიაშვილისეული, 2019 წლის თარგმანიდანაა, მანამდე კი გვქონდა ივანე მაჩაბლის პოეტური თარგმანი, რომელშიც იგივე მონაკვეთი შემდეგნაირადაა შემოთავაზებული:

„აი საკმელას ბალახი: ეს ნიშნავს არ დამივიწყოო. გთხოვ, ჩემო საყვარელო, არ დამივიწყო. აგერ კიდევ ქვეყნის-გულა, გულიდამ არ ამომიღოო( გვ446“).

საკმელა და როზმარინი, თანამედროვე მონაცემებით, სხვადასხვა მცენარეებია, რაც ხაზს უსვამს მოცემულობას, რომ დროის გასვლასთან ერთად, ენას ახალი თარგმანები სჭირდება, მიუხედავად იმისა, რამდენად კარგია წინამორბედი.

ჰამნეტს“ რომ დავუბრუნდეთ, გარდა აგნესისა და მისი ქმრის ურთიერთობის, სიყვარულის თუ მისი თავისუფალი სულისა, ო’ფერალი განსაკუთრებული ემოციურობით აღწერს ტყუპების ურთიერთობას, ჯუდიტის და ჰამნეტის დაავადებას, თავგანწირვასა და სიკვდილს,  რომელსაც მშვიდად ვერცერთი მკითხველი წაიკითხავს.

თუ ამ და სხვა უამრავი ემოციის განცდა თავად გსურთ, წიგნის გატანის ან ადგილზე წაკითხვის საშუალებას „ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა“ გაძლევთ, შემდეგ კი შეგიძლიათ, არაჩვეულებრივ ეკრანიზაციასაც უყუროთ.

Britannica Editors. “Anne Hathaway.” Encyclopedia Britannica, March 17, 2026. https://www.britannica.com/biography/Anne-Hathaway-wife-of-Shakespeare.

Adrienne Rich, When We Dead Awaken: Writing as Re-Vision

Ophelia. By John William Waterhouse (1849- 1917). Oil on canvas

„ჰამნეტი“ – მეგი ო’ფერალი, თეონა ბითაძის თარგმანი

„ჰამლეტი“ – ულიამ შექსპირი, ივანე მაჩაბლის თარგმანი

„ჰამლეტი“ – უილიამ შექსპირი, ლელა სამნიაშვილის თარგმანი

‘History has treated her badly’: Hamnet and the 400-year-old mystery around Shakespeare’s wife and son
‘History has treated her badly’: Hamnet and the 400-year-old mystery around Shakespeare’s wife and son

‘History has treated her badly’: Hamnet and the 400-year-old mystery around Shakespeare’s wife and son

‘History has treated her badly’: Hamnet and the 400-year-old mystery around Shakespeare’s wife and son

მეორე სქესი : სინამდვილე და მითები, მეორე სქესი : ცხოვრებისეული გამოცდილება – სიმონ დე ბოვუარი