Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ნორვეგიის ერთ-ერთ მდელოზე, სადაც მანამდე ცხვრები ძოვდნენ, ცხოველის ნამარხი  აღმოაჩინეს. სხეულს სამგანზომილებიანი სტრუქტურა აქვს შენარჩუნებული. ნამარხი – Charnia 560 მილიონი წლის წინანდელია, როცა დედამიწაზე სიცოცხლის რთული ფორმები პირველად გამოჩნდა. ამ პერიოდს  ედიაკარულის სახელით ვიცნობთ.  

იმდროინდელი ნამარხების ძირითადი ნაწილი ორგანზომილებიანი ანაბეჭდის სახით შემორჩა და ჰერბარიუმის ყვავილივით ბრტყელია. Charnia კი პირველი დადასტურებული სამგანზომილებიანი აღმოჩენაა, რაც რბილი სხეულის მქონე ორგანიზმების შემთხვევაში, უკიდურესად იშვიათია.

კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრების განმარტებით, რადგან ობიექტი ნალექის მასურ ჩამონაშალში მოჰყვა, მისი სხეული შეივსო და სამგანზომილებიანი ფორმაც შეინარჩუნა. სწორედ ამ ფორმის დამსახურებით მოახერხეს კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა  ცხოველის დეტალურად შესწავლა.

KT 2a55bimage story 1

ჟურნალ Palaeontology-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ უძველესი ცხოველების გავრცელების არეალი, იმაზე ფართო იყო, ვიდრე გვეგონა.  შესაბამისად, საიდუმლოებები შეუსწავლელ ტერიტორიებზეც უნდა ვეძიოთ.  

ედიაკარულ პერიოდის ორგანიზმებს რბილი სხეულები და ჯერ კიდევ  განუვითარებელი ჩონჩხი ჰქონდათ, ამიტომ ბევრი განამარხებული ნეშტი მხოლოდ ანაბეჭდის სახით შემოგვრჩა.

„ისინი ქანების ქვეშ მოექცნენ და გაიჭყლიტნენ“ – ამბობს კვლევის თანაავტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი ნილ დეივისი და განმარტავს, რომ ედიაკარული პერიოდის ნამარხები აქამდე სულ რამდენიმე ადგილას  ჰქონდათ ნაპოვნი, ამიტომაცაა ეს სიახლე განსაკუთრებით საინტერესო.

გარდა ამისა, მკვლევრებმა მაშინდელი ეკოსისტემის კვალსაც მიაგნეს და მეტის მოლოდინი აქვთ.

„შესაძლოა, იქ უძველესი ორგანიზმების ჯერ კიდევ აღმოუჩენელ ერთობას მივაკვლიოთ. უცნაური, პატარა, ქოლგის ფორმის წარმონაქმნებსა და ისეთ ორგანიზმთა ჯგუფს, რომელიც მეცნიერებისთვის დღემდე უცნობია“ – ამბობს დეივისი.

ამ და სხვა უახლეს კვლევებს შეგიძლიათ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დახმარებით, სხვადასხვა სამეცნიერო ბაზაში გაეცნოთ.