Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თამაშის დროს, ზოგიერთ დელფინს პირი ღია აქვს. მომღიმარი გამომეტყველებით, დელფინები ყოველთვის ისე გამოიყურებიან, თითქოს კარგ დროს ატარებენ. ეს ღიმილი, რა თქმა უნდა,
არ არის ნამდვილი – მათ, უბრალოდ, პირები გვერდზე აქვთ გაწეული.
მაგრამ მკვლევარები ამბობენ, რომ მათ ამჯერად ამოიცნეს გამომეტყველება, რომელიც შეიძლება იყოს თამაშის ჭეშმარიტი ნიშანი
ზღვის ძუძუმწოვრებში.
iScience-ში დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, გუნდი აცხადებს, რომ
ჩვეულებრივი ბოთლისებური დრუნჩის მქონე დელფინები (Tursiops
truncatus) უფრო ფართოდ იღიმიან მათთან მოთამაშე სხვა დელფინებთან
მხიარულებისას, ვიდრე მარტო ან მათზე მზრუნველ ადამიანებთან
თამაშისას. მზერა ხშირად ასახავს იგივე მომღიმარ სახეს სხვა
დელფინებშიც, ავტორების თქმით – ერთგვარი მიმბაძველი ქცევა, რომელიც
ადამიანებში დაკავშირებულია ემოციების გაზიარებასთან.
იმის გათვალისწინებით, რომ სახის გამომეტყველებასა და მიმიკაზე
სამუშაოების უმეტესობა ჩატარდა პრიმატებზე, საინტერესოა მიდგომა,
რომელიც გამოიყენება ძუძუმწოვრების სრულიად განსხვავებულ ჯგუფზე,
აღნიშნავს პიტერ ტიაკი – ზღვის ძუძუმწოვრების შემსწავლელი ბიოლოგი
სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტიდან, რომელიც კვლევაში ჩართული არ
იყო. მაგრამ ის სიფრთხილეს იჩენს და თავს იზღვევს შედეგების ზედმეტი
ინტერპრეტაციისგან, აღნიშნავს რა, რომ ჯერ გაურკვეველია, თუ რას
გადმოსცემენ დელფინები ასეთი მზერით.
თამაში და განსაკუთრებით ჩხუბის თამაში ბევრი ცხოველისთვისაა
დამახასიათებელი. იმისათვის, რომ ასეთი ქმედება ნამდვილ ბრძოლაში არ
გადაიზარდოს, აღნიშნული არსებები თამაშის განზრახვას სხვადასხვა
გზით აფიქსირებენ. პრიმატებს პირი უჭირავთ მოდუნებულ ღია პოზაში,
რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, წარმოიშვა როგორც მომზადება
სხვა მოთამაშის საკბენად. ამ გამომეტყველებით შესაძლებელია თამაშის
გაგრძელება კბენის გარეშეც, ამბობს ელიზაბეტა პალაგი, პიზას
უნივერსიტეტის ეთოლოგი და ახალი კვლევის თანაავტორი.
პალაგის სურდა გაეგო, იყენებენ თუ არა მსგავს გამომეტყველებას
დელფინები, რომლებიც ასევე თამაშობენ ჩხუბს. მან და მისმა კოლეგებმა
დაამონტაჟეს კამერები ორ ადგილას. თითოეულ ტერიტორიაზე 11 ზღვის
ძუძუმწოვარი იმყოფებოდა, ერთი – რომის მახლობლად ოკეანარიუმში,
ხოლო მეორე – ველური ბუნების პარკში, დასავლეთ საფრანგეთში.
რეზერვუარების მინიდან გადაღებისას ჯგუფმა დააფიქსირა ცხოველების
ქცევა წყალქვეშ იმ დროს, როდესაც მათ არ კვებავდნენ, ან არ
ავარჯიშებდნენ.
მკვლევარებმა დააფიქსირეს თამაშის ასობით ეპიზოდი დაახლოებით 80
საათიან ვიდეოჩანაწერში. ზოგჯერ დელფინები მარტო თამაშობდნენ –
სათამაშოებს უბიძგებდნენ, ან წყალზე ატყლაშუნებდნენ, სხვა
დელფინებთან ერთად ტრიალებდნენ. რაც შეეხება ადამიანებს,
მაგალითად, მომვლელებს წყალს აფრქვევდნენ. ორმა მამრმა, სახელად

ინდი და ზევსი, იმდენი დრო გაატარეს ერთად თამაშში, რომ გუნდის
მონაცემთა დაახლოებით ნახევარს მათი ჩანაწერები შეადგენდა. ამიტომ,
პალაგის გუნდს მოუწია ვითარების გამოსწორება, რათა მხიარულების
მოყვარულ დუეტს შედეგები არ გაეფუჭებინა.
საერთო ჯამში, ჯგუფმა დააფიქსირა 1000-ზე მეტი პოზიცია, რომლის
დროსაც დელფინებს პირი ღია ქონდათ – მათი აბსოლუტური
უმრავლესობა სხვა დელფინებთან თამაშის დროს დაფიქსირდა და
მხოლოდ ერთი – მარტო თამაშის დროს. გუნდმა აღმოაჩინა, რომ
დელფინები ყველაზე ხშირად ხსნიდნენ პირს, როდესაც მათთან მოთამაშე
დელფინს ხედავდნენ. ამ შემთხვევების დაახლოებით ერთ მესამედში,
მათთან მოთამაშე თითქმის მყისიერად პასუხობდა იმავე
გამომეტყველებით – ასე ისინი თითქმის არასოდეს მოიქცეოდნენ, თუ
პირველი მოთამაშის მხრიდან ღიმილს არ შენიშნავდნენ.
პალაგის თქმით, კვლევის შედეგები აჩვენებენ, რომ ღია პირებს
დელფინებში თამაშის სიგნალის მსგავსი ფუნქცია აქვთ, როგორც
პრიმატებში და დელფინები ბაძავენ ერთმანეთის გამომეტყველებას.
გუნდი აგროვებს მეტ მონაცემს ამ მიმიკის შედეგების გამოსაკვლევად,
დასძენს იგი, რათა დაინახოს, მაგალითად, აღნიშნული მიმიკები
დელფინებს სათამაშო ქცევის სინქრონიზაციაში ეხმარება, თუ – თამაშის
ხანგრძლივობას ზრდის.
თუმცა, ტიაკს აქვს შესწორებები გუნდის დასკვნებთან დაკავშირებით. ის
აღნიშნავს, რომ ღია პირით დელფინები დაფიქსირებული არიან თამაშის
გარდა სხვა კონტექსტში, მათ შორის სექსუალური ქცევის და აგრესიის
დროს. ის ამტკიცებს, რომ კვლევა ასევე არ აჩვენებს ნამდვილ მიმიკას,
რადგან ის მოიაზრებს სახის მხოლოდ ერთ გამომეტყველებას. ამას გარდა,
მიმიკის შესახებ ზოგიერთი სხვა კვლევა, შეისწავლის სხვა მრავალ
გამომეტყველებას, რათა აჩვენოს, რომ ცხოველი იმეორებს ზუსტად იმას,
რაც დაინახა, აღნიშნავს იგი.
რჩება ერთი დიდი კითხვა – ასეთი ქცევები შეინიშნება თუ არა ველურ
დელფინებშიც, ამბობს კატრინ ჰოლმსი, ცხოველთა ქცევის მკვლევარი
ჩიკაგოს ბრუკფილდის ზოოპარკის სარასოტას დელფინების კვლევის
პროგრამაში, რომელიც სამუშაოში არ იყო ჩართული. დელფინები,
რომლებსაც ის შეისწავლის ფლორიდაში, ცხოვრობენ მღვრიე წყალში,
სადაც ღია პირის გამომეტყველება შეიძლება ძნელად შესამჩნევი იყოს სხვა
დელფინებისთვის. მაშ, ცხოველები უფრო მეტად იღიმიან, როცა წყალი
უფრო გამჭვირვალეა? მისი თქმით, ამაზე დაკვირვება საინტერესო
იქნებოდა.