ღია მეცნიერება ეს არის პრინციპების და პრაქტიკების ერთობლიობა [კოლექტიური ევროპული ინიციატივა], რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კვლევის ყველა სფერო, სამეცნიერო კვლევის შედეგები და მისი მონაცემები ხელმისაწვდომი გახადოს მეცნიერებისა და ფართო საზოგადოებისთვის (UNESCO, 2023).
ამასთან, ღია მეცნიერება უზრუნველყოფს არა მხოლოდ მეცნიერული ცოდნის ხელმისაწვდომობას, არამედ იმასაც, რომ თავად ამ ცოდნის წარმოება იყოს ინკლუზიური, სამართლიანი და მდგრადი (UNESCO, 2023).
ღია მეცნიერებას აქვს პოტენციალი დააჩქაროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მათი გამოყენების უთანასწორობის შემცირებით ან აღმოფხვრით.
ღია მეცნიერება:
- ხელს უწყობს კვლევების ხილვადობის და მეცნიერის/მკვლევრის ციტირების ინდექსის ზრდას;
- ამცირებს ფინანსურ ბარიერებს, რადგან ხელს უწყობს გამოქვეყნებული სტატიის გაცნობასთან დაკავშირებული ხარჯების დაზოგვას. ადამიანებს, კვლევით ორგანიზაციებს არ მოუწევთ სტატიის გაცნობისთვის ფულის გადახდა;
- ზრდის სამეცნიერო კოლაბორაციის და ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობას;
- მრავალენოვან სამეცნიერო ცოდნას ღიად ხელმისაწვდომს და ხელახლა გამოყენებადს ხდის ყველასთვის;
- მეცნიერული ცოდნის შექმნის, შეფასების და კომუნიკაციის პროცესებს უფრო გამჭვირვალეს ხდის ყველასთვის.
შესაბამისად, ის სამეცნიერო პროცესს უფრო გამჭვირვალეს, ინკლუზიურს და დემოკრატიულს ხდის.
დღევანდელ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროს სჭირდება ღია მეცნიერება, რომელიც ხელს შეუწყობს რთული სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრას და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.
UNESCO წევრ სახელმწიფოებს ღია მეცნიერებასთან დაკავშირებით აძლევს რეკომენდაციას, რომ:
- ხელი შეუწყონ ღია მეცნიერების საერთო/გაზიარებულ გაგებას და დასახონ მისი მიღწევის სხვადასხვა გზა;
- განავითარონ ღია მეცნიერებისთვის ხელსაყრელი პოლიტიკური გარემო;
- ინვესტიცია ჩადონ ისეთ ინფრასტრუქტურასა და აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობს ღია მეცნიერებას;
- ინვესტიცია ჩადონ ტრენინგში, განათლებაში, ციფრული წიგნიერების და შესაძლებლობების განვითარებაში, ღია მეცნიერების მხარდასაჭერად;
- ხელი შეუწყონ ღია მეცნიერების კულტურის განვითარებას და დაიწყონ მისი მხარდაჭერის სტიმულირება;
- ხელი შეუწყონ ღია მეცნიერების ინოვაციურ მიდგომებს სამეცნიერო პროცესის ყველა ეტაპზე;
- წაახალისონ საერთაშორისო და მრავალ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა თანამშრომლობა ღია მეცნიერების კონტექსტში, რათა შემცირდეს უთანასწორობა ტექნოლოგიასა და ცოდნაში.
ღია მეცნიერება ეფუძნება FAIR პრინციპს
“FAIR“ წარმოადგენს პრინციპების ერთობლიობას, რომლის მიხედვითაც “FAIR“ კვლევის მონაცემი არის ისეთი მონაცემი, რომელიც უნდა იყოს პოვნადი, ხელმისაწვდომი, ურთიერთთავსებადი და ხელახლა გამოყენებადი.
პოვნადი
მონაცემების და მეტამონაცემების მოძიება მარტივი უნდა იყოს, როგორც ადამიანისთვის, ასევე კომპიუტერისთვის. მანქანით წაკითხვადი მეტამონაცემების არსებობა აუცილებელია მონაცემებისა და სერვისების ავტომატური აღმოჩენისათვის.
ხელმისაწვდომი
მას შემდეგ, რაც მომხმარებლები მოძებნიან საჭირო მონაცემებს, მათ უნდა იცოდნენ, თუ როგორ შეიძლება მოიპოვონ წვდომა, მათი ავთენტიფიკაციისა და ავტორიზაციის ჩათვლით.
ურთიერთთავსებადი
ჩვეულებრივ საჭიროა მონაცემების სხვა მონაცემებთან ინტეგრირება. გარდა ამისა, საჭიროა მონაცემების თავსებადობა აპლიკაციებთან მათი გაანალიზების, შენახვისა და დამუშავების მიზნით.
ხელახლა გამოყენებადი
“FAIR“-ის საბოლოო მიზანი მონაცემების ხელახალი გამოყენების ოპტიმიზაციაა. ამის მისაღწევად, მეტამონაცემები და მონაცემები კარგად უნდა იქნას აღწერილი, რათა მოხდეს მათი კვლავწარმოება და/ან კომბინირება სხვადასხვა ვითარებაში.
ღია მეცნიერების 12 კომპონენტი
1. ღია წვდომა
ღია წვდომა (OA) არის პრინციპებისა და პრაქტიკების ერთობლიობა, რომელიც სამეცნიერო კონტენტს ხდის თავისუფლად ხელმისაწვდომს, რის შედეგადაც შესაძლებელია მათი უფასოდ წაკითხვა, გამოყენება და გაზიარება.
2. ღია ინფრასტრუქტურები
ღია სამეცნიერო ინფრასტრუქტურები წარმოადგენს ერთიან კვლევით ინფრასტრუქტურებს (როგორც ვირტუალურს, ისე ფიზიკურს. მათ შორისაა ღია წვდომის სამეცნიერო პლატფორმები, რეპოზიტორიუმები, არქივები, ღია ლაბორატორიები, მიმდინარე კვლევის საინფორმაციო სისტემები, ღია ბიბლიომეტრიული და მეცნიერომეტრიული სისტემები სამეცნიერო დარგების შესაფასებლად და ანალიზისთვის და სხვ.), რომელიც წარმოადგენს ღია მეცნიერების განვითარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს და გამოიყენება საზოგადოებების სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
3. ღია საგანმანათლებლო რესურსები
ღია საგანმანათლებლო რესურსები წარმოადგენს თავისუფლად ხელმისაწვდომ, ღია ლიცენზიის მქონე დოკუმენტებს და მედიას, რომლებიც გამოიყენება სწავლების, სწავლისა და შეფასებისთვის, ასევე კვლევითი მიზნებისთვის.
4. ღია მონაცემები
ღია არის მონაცემები, რომელთა გამოყენება, ხელახალი შექმნა და გავრცელება შეუძლია ყველას. ღია კვლევის მონაცემები შეიძლება მოიცავდეს ტექსტურ ვიზუალურ, აუდიო, რიცხვით, კოდურ ფორმატებს.
5. ღია ლაბორატორიები
„ღია ლაბორატორიის“ კონცეფცია ეხება სამეცნიერო კვლევის ერთობლივ, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომ მიდგომას, სადაც პროცესები, მონაცემები, მეთოდები და ზოგჯერ ფიზიკური ლაბორატორიული სივრცეც კი ღიად არის ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის.
6. კოლექტიური დაფინანსება/Crowd-Funding
ქრაუდფანდინგი არის დაფინანსების მოძიების ალტერნატიული ფორმა, რომელიც ონლაინ პლატფორმების მეშვეობით აკავშირებს მათ, ვისაც შეუძლია თანხის გაცემა მათთვის, ვისაც სჭირდება აღნიშნული რესურსი კონკრეტული პროექტისათვის. ღია მეცნიერებასთან დაკავშირებული პროექტები ხშირად სწორედ საზოგადოების მხარდაჭერას და crowd-funding-ს ეყრდნობა.
7. ღია ჩანაწერი / Open Notebook
ღია რვეული არის პრაქტიკა, რომლის საშუალებითაც კვლევითი პროექტის სრული პირველადი ჩანაწერი საჯაროდ ხელმისაწვდომი ხდება ფართო საზოგადოებისთვის. ეს გულისხმობს მკვლევრის პირადი, ან ლაბორატორიული ჩანაწერების რვეულის ონლაინ განთავსებას საჯაროდ, ყველა ნედლ, დამუშავებულ მონაცემს და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მასალასთან ერთად.
8. ღია ინოვაცია
„ღია ინოვაცია“ არის ბიზნეს და ინოვაციური მოდელი, რომელშიც ორგანიზაციები აქტიურად ეძებენ და აერთიანებენ გარე იდეებს, ტექნოლოგიებს და რესურსებს თავიანთ შიდა ინოვაციურ პროცესებში, ასევე უზიარებენ საკუთარ ინოვაციებს გარე პარტნიორებს.
ღია ინოვაცია, ასევე გულისხმობს ბევრად მეტი აქტორის ჩართვას კვლევით პროცესში: მკვლევრების, მეწარმეების, მომხმარებლების, მთავრობების და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მონაწილეობით. ჩვენ გვჭირდება ღია ინოვაცია, რათა ვისარგებლოთ ევროპული კვლევებისა და ინოვაციების შედეგებით. ეს ნიშნავს სწორი ეკოსისტემების შექმნას, ინვესტიციების გაზრდას და მეტი კომპანიისა და რეგიონის შემოყვანას ცოდნის ეკონომიკაში.
9. სამოქალაქო მეცნიერება
სამოქალაქო მეცნიერება არის პროცესი, როდესაც კვლევა ტარდება ფართო საზოგადოების, ან მოყვარული/არაპროფესიონალი მკვლევრების ან მონაწილეების ჩართულობით, მრავალი სხვადასხვა დისციპლინის მიმართულებით (მონაცემთა შეგროვებიდან ანალიზამდე). შესაბამისად, ეს არის პროცესი, როდესაც სამეცნიერო კვლევაში ჩართული არიან ადამიანები აკადემიის მიღმა, აკადემიური საქმიანობის გამოცდილების არმქონე პირები.
10. ღია შეფასება
ღია შეფასება წარმოადგენს სამეცნიერო კვლევების შეფასების პროცესს, რომელიც ტარდება ღიად, გამჭვირვალედ და ინკლუზიურად და მჭიდროდ არის დაკავშირებული ღია მეცნიერების პრაქტიკებთან.
11. ღია მოწყობილობა/ Open Hardware
ღია მოწყობილობის ქვეშ მოიაზრება, რომ ფიზიკური მოწყობილობის დიზაინები, სქემები და ხშირად თანმხლები პროგრამული უზრუნველყოფა თავისუფლად არის გაზიარებული. ეს საშუალებას აძლევს სხვებს შეისწავლონ, შეცვალონ, გაავრცელონ და გააუმჯობესონ მოწყობილობა სამართლებრივი შეზღუდვების გარეშე.
12. ღია წყარო/ Open Source
ღია პროგრამული უზრუნველყოფა, წარმოადგენს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც უფასოდ არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისათვის, ღია ლიცენზიით. ეს აძლევს მომხმარებელს მისი შესწავლის, გამოყენების, გაფართოების და მოდიფიცირების საშუალებას.
ღია მეცნიერება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომლის მთავარი მისიაა მეცნიერების და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა ქვეყანაში, აქტიურადაა ჩართული ღია მეცნიერების პოპულარიზაციას და განვითარებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში.
სამეცნიერო კონტენტზე ღია წვდომის უზრუნველყოფისა და ღია სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურების განვითარების მიზნით, ბიბლიოთეკას აქვს ორი ღია ელექტრონული რეპოზიტორიუმი openscience.ge და openlibrary.ge, ასევე ღია ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალების პლატფორმა openjournals.ge.
ღია მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, ბიბლიოთეკა გეგმავს თემატურ ღონისძიებებს (პრეზენტაციებს, საკონსულტაციო შეხვედრებს, ტრენინგებს, კონფერენციებს, სხვადასხვა აქტივობებს) სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მკვლევარ-მეცნიერთათვის, სტუდენტებისთვის ან უბრალოდ მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.