ლიტერატურული ნობელის გამოცხადებამდე ტრადიციული დისკუსია იწყება ხოლმე:
ვინ არის ფავორიტი? ვინ აიღებს ჯილდოს და რატომ ვერა ისმაელ კადარე?
ნობელის სეზონი სასიამოვნოდ დამაინტრიგებელია: ფავორიტები, მოულოდნელი
გამარჯვებულები და დისკუსიები, რომლებიც მომავალ დაჯილდოებამდე გრძელდება.
ლიტერატურის ამბავი იოლია, რადგან მწერლების სახელებსა და გვარებს ვიცნობთ.
მეცნიერების გვარები მწერლებზე იშვიათად გაიელვებს, არადა მათი აღმოჩენები
ქუხილია.
ვნახოთ, რა აღმოაჩინეს 2026 წლის მედიცინის, ფიზიკისა და ქიმიის ნობელის
ლაურეატებმა.
წმინდა სინათლე
წარმოიდგინეთ, რომ ტვინის კონკრეტული უჯრედის აქტივობის შესწავლა გინდათ.
მეცნიერებმა ამისთვის სინათლე გამოიყენეს.
2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში კარლ დეისეროთს, პეტერ
ჰეგემანსა და გეორგ ნაგელს მიენიჭათ – სინათლით აქტივირებადი იონური არხებისა და ოპტოგენეტიკის შესახებ აღმოჩენებისთვის.
ამბავი ერთუჯრედიანი წყალმცენარით დაიწყო. ჰეგემანმა და ნაგელმა აღმოაჩინეს ცილა, რომელსაც ლურჯი სინათლის ზემოქმედებისას იონური არხის გახსნა შეუძლია.
დეისეროთმა კი აღმოჩენა ნერვული უჯრედების შესასწავლად გამოიყენა.
მეთოდს ოპტოგენეტიკა ჰქვია. მისი დახმარებით გამოიკვლევენ ნერვულ წრედებს,
რომლებიც მეხსიერებაზე, ემოციებსა და ქცევებზე არიან პასუხისმგებელნი.
უხილავ ნაწილაკებზე სანადიროდ – ანტარქტიდის ყინულოვან მხარეში
ახლა, როცა ამ სტრიქონს კითხულობთ, თქვენს სხეულებში ნეიტრინოების აღლუმია.
მათგან უმეტესობა მატერიასთან არ ურთიერთქმედებს, ამიტომ დაფიქსირება
ექსტრემალურად რთულია. მეცნიერებისთვის ეს მოუხელთებელი ნაწილაკები
კოსმოსზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას იძლევიან.
ფიზიკაში 2026 წლის ნობელის პრემია ფრენსის ჰალცენს მიენიჭა – IceCube-ის
ნეიტრინოების ობსერვატორიაში შეტანილი გადამწყვეტი წვლილისა და
ასტროფიზიკური წარმოშობის მაღალი ენერგიის ნეიტრინოების აღმოჩენისთვის.
ობსერვატორია სამხრეთ პოლუსზე, ყინულის სიღრმეშია განთავსებული. მისი
სენსორები სუსტ ციმციმს აღიქვამს, რომლებიც ნეიტრინოების ყინულთან
ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება.
მოლეკულის მარჯვენა და მარცხენა მხარე
თუ მარჯვენა ხელი მარცხენად გეჩვენებათ, ეს სარკის ილუზიაა. ზოგიერთი
მოლეკულაც სარკისებურ ანარეკლებად არსებობს, მაგრამ ისინი არ არიან იდენტურნი.
განსხვავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცოცხალ ორგანიზმებში. მაგალითად,
ცილების შემადგენლობაში არსებული ამინომჟავების უმეტესობა ერთი კონკრეტული
სარკისებრი ფორმით გვხვდება. მოლეკულის ფორმას კი მნიშვნელობა აქვს მაშინ, როცა ის სხვა მოლეკულებთან ურთიერთქმედებს.
2026 წლის ნობელის პრემია ქიმიაში ანრი ბ. კაგანსა და კენსო სოაის მიენიჭათ –
ასიმეტრიულ ორგანულ სინთეზში არაწრფივი ეფექტებისა და ავტოკატალიზის შესახებ
აღმოჩენებისთვის.
ავტოკატალიზის დროს, რეაქციის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერება თავადვე უწყობს ხელს იმავე რეაქციის გაგრძელებას. კაგანისა და სოაის კვლევით, პროცესმა შეიძლება
მხოლოდ ერთი სარკისებური ფორმის მოლეკულის წარმოქმნა წაახალისოს. ეს ცოდნა
მნიშვნელოვანია ისეთი ნაერთების შესაქმნელად, რომელთა თვისებებიც მოლეკულის
ზუსტ სტრუქტურაზეა დამოკიდებული, მათ შორის მედიკამენტებზე მუშაობისას.
2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატებისა და მათი აღმოჩენების შესახებ მეტი
ინფორმაციისთვის ეწვიეთ ნობელის პრემიის ოფიციალურ ვებსაიტს, ასევე ისარგებლეთ ჩვენი სამეცნიერო ბაზებით, სადაც მუდმივად სანდო და განახლებად
ინფორმაციას გაეცნობით.
