კოსმოსი სავსეა საიდუმლოებით მოცული ობიექტებით, დაწყებული
„მოუხელთებელი“ შავი ხვრელებით, რომლებიც მოძრაობენ, დამთავრებული
საიდუმლო პლანეტებით, რომელთა ამოხსნასაც მეცნიერები ცდილობენ.
წარმოგიდგენთ სამყაროს ხუთ უცნაურ სანახაობას, ასევე, მოგითხრობთ მათი
შესაძლო წარმომავლობის შესახებ.
შეიძლება თუ არა უხილავი პლანეტა იმალებოდეს ჩვენი მზის სისტემის კიდეზე?
შეუძლიათ თუ არა შავ ხვრელებს კოსმოსში რიკოშეტირება გალაქტიკათშორისი
ბილიარდის ბურთების მსგავსად? მილიონობით წლის წინ, აფეთქების შედეგად,
,,გაიღვიძა” თუ არა ჩვენივე გალაქტიკის შავმა ხვრელმა და შეიძლება თუ არა ეს
ფაქტი კიდევ განმეორდეს?
შესაძლოა ეს ის კითხვები არაა, რამაც ათასობით წლის წინ პირველად აიძულა
ადამიანები, შეესწავლათ ვარსკვლავები. მაგრამ, როდესაც ასტრონომები სულ
უფრო ღრმად იყურებიან კოსმოსის ე. წ. მტვრიან კუთხეებში, უჩვეულო
აღმოჩენები აიძულებენ მათ გადაჭრან სულ უფრო უცნაური საკითხები ჩვენი
სამყაროს ბუნებისა და საზღვრების შესახებ, თუ რა შეიძლება იმალებოდეს იქ.
ჩვენივე კოსმოსური სამეზობლოდან ადრეული სამყაროს შორეულ სიღრმეებამდე
წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე იდუმალ ობიექტს, რომლებიც მეცნიერებმა
აღმოაჩინეს კოსმოსში და საუკეთესოდ ახსნეს.
მეცხრე პლანეტა
მხატვრის მიერ ასახული ჩვენი მზის სისტემის შორეული პლანეტა
ნეპტუნის ორბიტის მიღმა, იდუმალი, მასიური ობიექტი შეიძლება მოძრაობდეს
ყინულოვანი ობიექტების რგოლში, რომელიც გარს აკრავს ჩვენს მზის სისტემას.
მისმა შემსწავლელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ათზე მეტი კლდოვანი
ობიექტის ორბიტები ოდნავ იცვლებიან, თითქოს გრავიტაციის ძალით იზიდავს
მათ უზარმაზარი, უხილავი პლანეტა, რომელიც ცნობილია როგორც თეორიული
ობიექტი – მეცხრე პლანეტა.
მეცნიერების შეფასებით, ეს დამალული სამყარო დედამიწაზე 5-10-ჯერ უფრო
მასიურია და მზის გარშემო მისი ერთი ბრუნვის დასრულებას 10000 წელი
სჭირდება. მაგრამ მეცხრე პლანეტის არსებობის კონკრეტული მტკიცებულება
ჯერ კიდევ არ არსებობს. თუ ის იქ არის, ნელ-ნელა ბრუნავს მზიდან 500-ჯერ
უფრო შორს, ვიდრე – დედამიწა, იდუმალი სამყარო ზედმეტად ბუნდოვანია,
რათა ამჟამინდელმა ტელესკოპებმა დააფიქსირონ.
თუმცა, Vera C. Rubin-ის ობსერვატორია, რომელიც ამჟამად შენდება ჩილეში და
საბოლოოდ ჩაწერს ღამის ცის 10-წლიან შენელებულ ვიდეოს, შეძლებს
აღმოაჩინოს უფრო მეტი მტკიცებულება მიუწვდომელი სამყაროს შესახებ, რაც
პოტენციურად ერთხელ და სამუდამოდ დაადასტურებს, ან უარყოფს მის
არსებობას.
,,გაქცეული” შავი ხვრელი
შავი ხვრელის ილუსტრაცია, რომელიც საკუთარი გალაქტიკიდან შორს მიემართება, მას
კვალდაკვალ მიჰყვება ვარსკვლავების რიგი
2023 წლის აპრილში, ასტრონომებმა განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს ისეთი რამ, რაც
აქამდე არ უნახავთ: „გაქცეული“ შავი ხვრელი, რომელიც არ არის მიბმული
რომელიმე გალაქტიკასთან და მიქრის კოსმოსში სიჩქარით, რომელიც 4500-ჯერ
აღემატება ბგერის სიჩქარეს, მას კვალდაკვალ მიჰყვება ვარსკვლავების
უზარმაზარი რიგი.
შეფასებულია, რომ შავი ხვრელი მზის მასას 20 მილიონჯერ აღემატება, ხოლო
მისი კაშკაშა კუდი შეიძლება იყოს 200 000 სინათლის წელზე მეტი სიგრძის
(დაახლოებით ირმის ნახტომის დიამეტრზე ორჯერ მეტი). ჰავაიზე კეკის
ტელესკოპის დაკვირვებამ აჩვენა, რომ ამ ვარსკვლავური ბილიკის ერთი ბოლო,
როგორც ჩანს, დაკავშირებულია შორეულ ჯუჯა გალაქტიკასთან, საიდანაც
შესაძლოა, თავისუფლად მბრუნავი შავი ხვრელი იყო გამოტყორცნილი.
შავი ხვრელები ქმნიან ჩვენი ირმის ნახტომის მსგავსი დიდი გალაქტიკების
გულებს, რომლებიც აკავებენ გარშემო მდებარე გაზს, მტვერს და ვარსკვლავურ
სისტემებს. მაშ, როგორ შეუძლია ამ კოსმოსური გიგანტებიდან ერთ-ერთს,
უბრალოდ გაიქცეს? კვლევის ავტორების თქმით, შესაძლებელია, რომ შავი
ხვრელი ოდესღაც მეორე შავი ხვრელის გარშემო ბრუნავდა იშვიათი ორობითი
განლაგებით – შემდეგ, როდესაც გალაქტიკების შერწყმისას მესამე შავი ხვრელი
სისტემაში შემოვიდა, ქაოტურმა გრავიტაციულმა ურთიერთქმედებამ ერთი შავი
ხვრელი გატყორცნა სრულ სიბნელეში. თუ შემდგომი კვლევებით ეს მოვლენა
დადასტურდება, ეს იქნება პირველი მტკიცებულება იმისა, რომ შავ ხვრელებს
შეუძლიათ გაექცნენ თავიანთ გალაქტიკებს.
James Webb-ის ტელესკოპის JUMBO-ები
Orion Nebula-ს სურათი, რომელიც გადაღებულია ჰაბლისა და სპიცერის კოსმოსური ტელესკოპის
მიერ.
მხოლოდ შავი ხვრელები არ არიან შემჩნეული გაქცევაში; გაცილებით დიდი
რაოდენობის პლანეტებიც შენიშნეს გაქცევის დროს. 2023 წელს ჯეიმს უების
კოსმოსურმა ტელესკოპმა (JWST) აღმოაჩინა 500-ზე მეტი თავისუფლად
მოხეტიალე პლანეტა, რომლებიც მოძრაობდნენ Orion Nebula-ზე. მათგან
დაახლოებით 80 დაფიქსირდა, რომ ერთმანეთის გარშემო წყვილად ბრუნავდა –
ეს არის ფენომენი მკაფიო ახსნის გარეშე. იმის გამო, რომ ეს მოხეტიალე
სამყაროები დაახლოებით ისეთივე დიდია, როგორც იუპიტერი, მეცნიერებმა მათ
უწოდეს იუპიტერის მასის წყვილი ობიექტები – ან JUMBO-ები.
NASA-ს შეფასებით, ჩვენს გალაქტიკაში შესაძლოა ტრილიონობით მოხეტიალე
პლანეტა იყოს, რომელთაგან ბევრი ორბიტიდან გარიყული იყო ვარსკვლავური
სისტემის ადრეული ფორმირების ქაოტურ დღეებში. თუმცა, ამჟამინდელი
მოდელები ვერ ხსნიან JUMBO-ების არსებობას. ერთი თეორია ვარაუდობს, რომ
ეს უცნაური ობიექტები წარმოიქმნა პირდაპირ ვარსკვლავთშორის სივრცეში
გაზისა და მტვრის ღრუბლების კოლაფსის შედეგად, რაც ვარსკვლავების
ფორმირების მცირე ვერსიას წარმოადგენს. სხვა თეორია ამტკიცებს, რომ
გამვლელ ვარსკვლავს შეეძლო ობიექტების ორბიტიდან განდევნა, თუმცა
მოდელებმა აჩვენეს, რომ ეს ახსნა ნაკლებად სავარაუდოა. ამ დროისთვის,
JUMBO-ები ასტრონომებისთვის უზარმაზარ თავსატეხს წარმოადგენენ.
Fermi-ს ბუშტები
Fermi-ს უზარმაზარი ბუშტები მხოლოდ გამა-სხივების შუქზე ჩანს.
ჩვენი გალაქტიკის ცენტრში არსებული შავი ხვრელი (იმედია) ახლო მომავალში
არსად წავა, მაგრამ ის გაუთვალისწინებლად მოქმედებდა არც თუ ისე შორეულ
წარსულში. ასტრონომებს შეუძლიათ დაინახონ ჩვენი შავი ხვრელიდან მასიური,
ენერგიული ამოფრქვევის მტკიცებულება ორი უზარმაზარი ბუშტის სახით,
რომლებიც ცნობილია როგორც Fermi-ს ბუშტები და eROSITA-ს ბუშტები. ისინი
ჩვენს გალაქტიკას ზემოდან ეფარება. ირმის ნახტომის ცენტრში გადაჭიმული ეს
ორი ბუშტი უზარმაზარ ქვიშის საათს ჰგავს, რომელიც დაახლოებით 25000
სინათლის წლის მანძილზეა განფენილი ჩვენი ცენტრალური შავი ხვრელის
ზემოთ და ქვემოთ. ერთად აღებული, ეს ბუშტები გალაქტიკის სიგანის
დაახლოებით ნახევარს მოიცავს.
მიუხედავად მათი არაჩვეულებრივი ზომისა, მათ ცაზე ვერ ვხედავთ; Fermi-ს
ბუშტების შემჩნევა, რომლებიც სავსეა სწრაფად მოძრავი ნაწილაკებით,
სახელწოდებით კოსმოსური სხივები, შეიძლება მხოლოდ ტელესკოპებით,
რომლებიც აფიქსირებენ გამა-სხივებს, ხოლო eROSITA-ს ბუშტები, რომლებიც
სავსეა უკიდურესად ცხელი გაზით – მხოლოდ რენტგენის სხივების სახით ჩანს.
ასტრონომებმა ზუსტად არ იციან, როგორ წარმოიქმნა ბუშტები, მაგრამ 2022
წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ისინი წარმოიქმნენ უზარმაზარ შავი
ხვრელის აფეთქების შედეგად, რომელიც დაიწყო დაახლოებით 2,6 მილიონი
წლის წინ, როდესაც დიდი რაოდენობის ნივთიერება შევიდა შავ ხვრელში და
გაგრძელდა 100 000 წელზე მეტხანს. თუ დადასტურდება, ეს ჰიპოთეზა
მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენი შავი ხვრელი უფრო ცოტა ხნის წინ აქტიურობდა,
ვიდრე ადრე ეგონათ.
დიდი კითხვა
ვარსკვლავური შუქის შესწავლისას, რომელიც ცნობილია როგორც Herbig-Haro
46/47, JWST-მა აღმოაჩინა რაღაც კიდევ უფრო იდუმალი მისი გამოსახულების
შორეულ ფონზე – ცხელი გაზის ნაკადი ღრმა კოსმოსურ სივრცეში, რომელიც
კითხვის ნიშნის მსგავსი იყო.
გაურკვეველია, ეს ობიექტი ზუსტად რა არის, ან რამდენად შორს არის, მაგრამ
მისი მოწითალო ფერით JWST სურათებში ივარაუდება, რომ ობიექტი
უძველესია, მისი სინათლე გადაჭიმულია წითელი ტალღის სიგრძეზე, როდესაც
ის კვეთს უზარმაზარ კოსმოსურ დისტანციებს ჩვენამდე მოსასვლელად. ეს
შეიძლება იყოს გალაქტიკა, ან შესაძლოა რამდენიმე გალაქტიკა ქაოტური
შერწყმის პროცესში ერთმანეთს რომ ანაწევრებენ, განუცხადეს მკვლევარებმა
Live Science-ის დამხმარე საიტს Space.com-ს 2023 წელს.
რაც არ უნდა იყოს, კოსმოსური კითხვის ნიშანი – ეს არის მრავალი თავსატეხიდან
მხოლოდ ერთ-ერთი, რომელიც წარმოიქმნა JWST-ის ინოვაციური დაკვირვებების
შედეგად. მისმა გამორკვევამ შესაძლოა უფრო აქტუალური კითხვები უკანა
პლანზე გადასწიოს – მაგალითად, სამყაროს სრულიად არასწორად აღვიქვამთ,
თუ არა?