11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა. მისი მიზანი მეცნიერებაში თანასწორუფლებიანობის, თანაბარი შესაძლებლობებისა და ქალი მეცნიერების წახალისებაა.
იუნესკოს მონაცემებით, მეცნიერებაში ქალების წილი დღესაც ერთ მესამედზე ნაკლებია, თუმცა არცთუ ისე შორეულ წარსულში, ქალების სახელები, რომელთაც სამეცნიერო საქმიანობაში უდიდესი წვლილი შეჰქონდათ, უბრალოდ იკარგებოდა ან უკანა პლანზე გადადიოდა.
მათ შორის იყო ესთერ ლედერბერგი, მიკრობიოლოგი, რომელმაც გენეტიკოსებისთვის უმნიშვნელოვანესი კვლევა ჩაატარა. უფრო კონკრეტულად, ძირითადი ტექნიკები შეიმუშავა გენის ფუნქციონირებაზე, რომლებიც მომავალი მეცნიერების კვლევებს ფუნდამენტად დაედო. ლედერბერგის ნაშრომები მის ქმარს, ჯოშუასაც დაეხმარა ნობელის პრემიის მიღებაში (1958), თუმცა დაჯილდოებისას ესთერის სახელი ნამდვილად არ უხსენებიათ.
ბრიტანელი ბიოფიზიკოსი როზალინდ ფრანკლინი კი პირველი იყო, რომელმაც დნმ-ს რენტგენი გადაუღო და მისი სპირალური ბუნებაც აღმოაჩინა. ეს სურათი მე-20 საუკუნის მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა, თუმცა ნობელის პრემია 1962 წელს, ფიზიოლოგიასა და მედიცინაში, ფრენსის კრიკმა, ჯეიმზ უოტსონმა და როზალინდ ფრანკლინის კოლეგამ, მორის უილკინსმა მიიღეს.
რაც შეეხება ლიზა მეიტნერს, მისი სამუშაო ბირთვული დაშლის აღმოჩენას უძღვოდა წინ და ფასდაუდებელი ღვაწლი გახლდათ ატომურ ბომბზე მუშაობის პროცესში. ბერლინში გადასვლის შემდეგ ქალი მეცნიერი ათწლეულების განმავლობაში ქიმიკოს ოტო ჰანთანაც თანამშრომლობდა, თუმცა ჰანმა მათი ნაშრომები ლიზა მეიტნერის ხსენების გარეშე გამოაქვეყნა. 1944 წელს კი ნობელის პრემიაც მოიპოვა ატომის გაყოფაში მონაწილეობისთვის.
არანაკლებ მნიშვნელოვანი ფიზიკოსი იყო ჩინ შიუნგ ვუ, რომელიც ,,მანჰეტენის პროექტის“ ფარგლებში, ატომურ ბომბზე მუშაობის პროცესში მონაწილეობდა, მაგრამ დღეს მისი სახელი ცოტამ თუ იცის. 1950 წელს, ორმა ფიზიკოსმა, ცუნგ ლიმ და ჩინ იანგმა ვუს დახმარება სთხოვა და მიიღო კიდეც, თუმცა 1957 წელს ნობელი მაინც ამ ორმა კაცმა ფიზიკოსმა მიიღო.
ვინმეს ერთი ქალი მეცნიერის დასახელება რომ ვთხოვოთ, პასუხად მხოლოდ მარია კიურის მივიღებთ, რაც გასაკვირი სულაც არაა, რადგან სუბიექტურ ან ობიექტურ მიზეზთა გამო, სხვა უამრავი ქალი მეცნიერის სახელი დამალული ან დაკარგულია.
ფოტო – Lost Woman of science
