Skip to content Skip to sidebar Skip to footer

„მაშინ, იმ 23 ივნისის ოთხ საათზე, ქანქარა მოძრაობდა … დედამიწა ბრუნავდა, მაგრამ წერტილი, საიდანაც ის თოკი ეშვებოდა, სამყაროს ერთადერთი უძრავი წერტილი იყო“.

დედამიწის ბრუნვის უწყვეტობას დამტკიცება აღარ სჭირდება, თუმცა 1851 წელს, ფიზიკოს ლეონ ფუკოს ექსპერიმენტული მექანიზმით, რომელიც ჩვენი პლანეტის 24 საათიან ბრუნვადობას ადასტურებს, მეცნიერებაში კიდევ  ერთი რევოლუციური სიტყვა ითქვა.ჟან ბერნარდ ლეონ ფუკოს (1819-1868) სამედიცინო განათლება ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით ფიზიკითა და ასტრონომიითაც დაინტერესდა. ფუკოს ქანქარასთან ერთად, მას ჰაერსა და წყალში სინათლის სიჩქარის გაზომვის მეთოდების მიგნება და გიროსკოპიც ეკუთვნის.

85f8eef2 cfa5 455c 9574 bf3ce8c4e88f0617827c454db4e8e1 GettyImages 115156340 1

ფუკოს ქანქარით დედამიწის უწყვეტი ბრუნვის დამადასტურებელი ექსპერიმენტის ჩვენება ჭერზე საკიდით დამაგრებული ტვირთის საშუალებით გახდა შესაძლებელი. საკიდი ჭერს ისე ერგება, რომ ქანქარა ნებისმიერ ვერტიკალურ სიბრტყეზე ქანაობს. 

ენციკლოპედია ბრიტანიკაზე დაყრდნობით, დედამიწის ბრუნვის პარალელურად, ფუკოს ქანქარა წინ და უკან ირხევა, რაც  მოძრაობებს შორის ფარდობითობას განაპირობებს.

ებსკოს ინფორმაციით, დედამიწის უწყვეტი ბრუნვის დამადასტურებელი ექსპერიმენტი, ლეონ ფუკოს ქანქარა, პირველად პარიზის ობსერვატორიაში წარადგინეს.  უფრო დიდი ვერსიის დემონსტრირებას კი სივრცე პარიზის პანთეონმა დაუთმო.

ab11e7c8 f10b 465e b953 01060e5f2074. CR0411454899 PT0 SX970 V1 1

ქანქარის სიგრძე 67 მეტრია, ბურთი  28 კილოგრამს იწონის.  ქვეშ  წრიული ღობეა, რომელიც ქვიშითაა სავსე და მასზე ბურთულა ფიგურებს გამოსახავს. ქანქარა დაახლოებით 32-34 საათში, სრულ წრეს ფარავს და საწყის პოზიციას უბრუნდება. ციკლის ხანგრძლივობაზე გავლენას პოლუსები და  საკიდის სიგრძეც ახდენს.

დღესდღეობით, ფუკოს ქანქარის ორიგინალი ვერსია კვლავ პარიზში, ხელოვნების და ხელობის მუზეუმში ინახება, თავდაპირველ ადგილსამყოფელზე კი, პანთეონში, მისი ასლის ხილვაა შესაძლებელი.  

ფუკოს ქანქარას  თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის ვესტიბიულშიც შევხვდებით. მისი შექმნის მიზანი მოსწავლეებისთვის რხევითი მოძრაობის, ნიუტონის კანონების, ინერციული და არაინერციული ათვლის სისტემების შესწავლა გახლდათ.

მექანიზმის გამოგონება გარდამტეხი აღმოჩნდა იმითაც, რომ კომპლექსური სამეცნიერო საკითხი ფართო მასებისთვის მარტივად გასაგები,  ხელმისაწვდომი და შთამბეჭდავი გახდა. სწორედ  ამიტომ მუზეუმებისა და საგანმანათლებლო ჰაბების ინტერიერებში მექანიზმი დღემდე  აქტუალურ და სასურველ ობიექტად ითვლება.

დროთა განმავლობაში გამოგონება კულტურული მეინსტრიმის ნაწილად და  ხელოვანთა შთაგონებად  იქცა. ამის დასამტკიცებლად  გენიალური ავტორის,  უმბერტო ეკოს „ფუკოს ქანქარაც“ გვეყოფა, რომელიც მწერლის რიგით მეორე რომანია.

297834

ამ მრავალშრიანი თავსატეხის თარგმნით, ხათუნა ცხადაძემ დიდ ლიტერატურასთან მშობლიურ ენაზე ზიარების საშუალება მოგვცა, რადგან წიგნი მისტიკითა და შეთქმულების თეორიებითაა სავსე.  

თუ გაინტერესებთ, როგორია უხილავ ძალებთან ბრძოლა, ან რა შეგრძნებაა, როცა ქანქარა გელაპარაკება, „დედამიწის, მზის სისტემის, ნისლეულებისა, შავი ხვრელების“ სახელით,  მაშინ ეროვნულ სამეცნიერი ბიბლიოთეკაში გელოდებით, რომანის  ადგილზე საკითხავად ან წიგნის სახლში გასატანად, რათა თავად გაიკვლიოთ გზა ოკულტურ მეცნიერებებში, საიდუმლო საზოგადოებებსა და შეთქმულების თეორიებში.