- This event has passed.
ღმერთის გაგება ნეოპლატონიზმსა და ქრისტიანობას შორის დაძაბულობის ველში
დეკემბერი 11, 2023 @ 5:00 pm
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა გთავაზობთ ანა ქირიას საჯარო ლექციას თემაზე – „ღმერთის გაგება ნეოპლატონიზმსა და ქრისტიანობას შორის დაძაბულობის ველში“
„ღმერთის“ სახელის ხსენებაზე ყველა, უნდა თუ არ უნდა, ცბუნდება: მორწმუნეები ღვთისადმი დიდების აღვლენაში აძლევენ გასაქანს თავიანთ შეცბუნებას, ურწმუნოები კი ჯიუტად გმობენ ღმერთს და მორწმუნეთა „უგუნური“ გულუბრყვილობის „აგდებაში“ ცდილობენ გაატარონ თავიანთი შეცბუნება. არიან კიდევ სიბრძნისმოყვარეებიც, რომლებიც შორიდან აკვირდებიან ჭრელ-ჭრელი შეხედულებებისა და განცდების ადამიანურ „ბაზარს“ და უფიქრდებიან, რა ან ვინ არის მაინც ეს „ღმერთი“.
ძველ აღთქმაში წერია: „რაჲსათჳს ესრეთ მკითხავ მე სახელსა ჩემსა? და იგი არს საკჳრველ“ (მსაჯ. 13:18). რუსთაველი ამბობს: „რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა.“ არისტოტელეს ფიქრით, ღმერთი ამოძრავებს მთელ სამყაროს მარადიულად, ისე, რომ თავად უძრავია, ხოლო მისი ეს უძრაობა თავის თავს მოტრიალე აზროვნების აზროვნებაა. რას ნიშნავს „აზროვნების აზროვნება“? რა მოაქვს „შემოქმედ ღმერთს“? რას უნდა მივყავდეთ იმის აღიარებამდე, რომ ღმერთი გამოუთქმელია? იქნებ, ნიცშეს „მკვდარი ღმერთიც“ გამოუთქმელობაში ჩვენ მიერ მიტოვებული ღმერთი იყოს? ამ საჩოთირო საკითხების გარკვევას (ნეო)პლატონიზმსა და ქრისტიანობას შორის დაძაბულობის ველის წარმოჩენის ფონზე ვცდით.
შეხვედრა გაიმართება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მისამართზე: მ. ალექსიძის II შესახვევი N3 (სპორტის სასახლის მიმდებარედ)
დასწრება თავისუფალია, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/p6MxTkBvAPWVQqoy6