Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თუ უკვე 20 წუთია სქროლავ, დროა 20-20-20-ის ცნობილი წესი გაიხსენო:  ყოველ 20 წუთში 20 წამის განმავლობაში უყურე შენგან 20 ფუტით (6 მეტრით) დაშორებულ ობიექტს, ეს თვალის სიმშრალისა და გადაღლილობის შემცირებაში დაგვეხმარება, თანაც მეცნიერები იკვლევენ ამ წესის ეფექტურობას შეძენილი ახლომხედველობისგან თავის დასაცავად.

ამჟამინდელი მონაცემებით, ახლომხედველობა ანუ მიოპია ყოველი სამი ადამიანიდან ერთს აწუხებს, პროგნოზი კი უარესია, 2050 წლისთვის, შესაძლოა 4.8 მილიარდი ადამიანი დაავადდეს მიოპიით, რაც დედამიწის მოსახლეობის ნახევარია. სამედიცინო სფეროში ამ სურათს „გლობალურ ეპიდემიასაც“ უწოდებენ.

რაც ყველაზე შემაშფოთებელია, მიოპია ბადურის აშრევების, მაკულის დეგენერაციისა თუ გლაუკომის განვითარების რისკებს ზრდის, განსაკუთრებით,  მაღალი ხარისხის ახლომხედველებში ( -6D, საგნების აღქმა მხოლოდ თვალთან ახლოს მიტანისასაა შესაძლებელი). ამჟამად ასეთი მსოფლიოში 500 მილიონი ადამიანია, თუმცა მომავალ 25 წელიწადში, მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი.

მნიშვნელოვანია, რომ, ახალშობილთა დიდი ნაწილი შორსმხედველი იბადება, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად, თვალიც იზრდება და მხედველობაც ავტომატურად სწორდება, რის შემდეგაც თვალი ზრდას ანელებს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში თვალის კაკალი ზედმეტად გრძელდება და შედეგად ბუნდოვან მხედველობას ვიღებთ.

დიდი ხნის განმავლობაში, მიოპია გენეტიკურ დაავადებად მიიჩნეოდა, რადგან ის ხშირად ოჯახის რამდენიმე წევრს უვითარდება. დროთა განმავლობაში, მკვლევრებმა რამდენიმე გენეტიკური ვარიაცია აღმოაჩინეს, ეს ცვლილებები კი გენეტიკურ კოდში მიოპიის განვითარების ალბათობას ზრდის,  რასაც უარყოფითი გარემო ფაქტორებიც ყოველდღიურად ემატება, მათ შორისაა, ნაკლები დროის გატარება ბუნებრივ განათებაზე, D ვიტამინის დეფიციტი და დიდი რაოდენობით რაფინირებული შაქარი.

გარდა ამისა, ბავშვებში დაავადების განვითარების ალბათობა ზედმეტად ინტენსიური მეცადინეობის დროსაც იზრდება, მაგალითად: ჩინეთში, სკოლის 6 სკოლის მოსწავლეებს ახლომხედველობის მაღალი მაჩვენებელი აქვთ, ამავე ასაკში სკოლამდელი განათლების გაგრძელების შემთხვევაში კი მიოპიის მაჩვენებლი დაბალი იყო.

მსგავსი პროცესები გვხდება აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიის სხვა ქვეყნებშიც, რადგან სასკოლო ცხოვრება მეტად ინტენსიურია და ადრე იწყება. პარალელურად ისინი მეტ დროს ატარებენ სახლებში და ნაკლებს გარეთ.

ახლომხედველობამ მოიმატა Covid 19-ის პარალელურადაც, რაც ეხმაინება გარეთ გატარებული დროის ნაკლებობას.

კანბერას უნივერსიტეტის მკვლევრის, იან მორგანის ინფორმაციით, სიდნეის სკოლების 4 000 მოსწავლეზე ჩატარებული კვლევის თანახმად, ახლომხედველობის შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა იმ ბავშვებში, ვინც ნაკლებ დროს ატარებდა დღის სინათლეზე.

კვლევები აჩვენებს, რომ ბუნებრივი შუქი უბიძგებს ბადურას, დოფამინის გამოყოფისკენ, რაც ხელს უშლის თვალის კაკლის დაგრძელებას. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ  დღის სინათლეზე გატარებული დრო მიოპიის პრევენციის საუკეთესო გზაა.

რაც გვიბიძგებს ბავშვების შენობებში და გარეთ გატარებული დროის დაბალანსებისაკენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, მკვლევართა აზრი იყოფა, რადგან ახლომხედველობის მაჩვენებელი მანამ გაიზარდა, სანამ ციფრული ეპოქა ძალას მოიკრებდა, თუმცა 2025 წელს, 300 00 ადამინზე ჩატარებული კვლევის თანახმად,  ეკრანთან გატარებული ყოველი 1 საათით მეტი, მიოპიის რისკს ზრდიდა 21 პროცენტით, თუმცა ეს კორელაცია მხოლოდ 4 საათიანი საეკრანო დროის შემთხვევაში ვრცელდებოდა.

ბრალი ამაში ხანგრძლივ კითხვასაც მიუძღვის, თუმცა აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია დაკვირვების ობიექტის თვალთან ახლოს მიტანაც, ეს ეხება წიგნსაც და სმარტოფნსაც.

საინტერესოა, რომ მიოპია ასწლეულის წინ ტექსტილის მუშაკებში იყო ფართოდ გავრცელებული.

მიუხედავად იმისა, რომ მიოპიის გამომწვევ ზუსტ მიზეზებზე ჯერ მკვლევრები ბოლომდე ვერ თანხმდებიან, ზემოთნახსენები 20-20-20 ის წესი, სასარგებლო თუ არა საზიანო მაინც ვერ იქნება. ამიტომაც, მონოქრომული კედლების ნაცვლად, ხშირად გავხედოთ ბუნებას რამაც, როგორც იან მორგანი იმედოვნებს, შესაძლოა შეამციროს ახლომხედველობის რისკები და სცენარი დრამატული განვითარება უკეთესობისკენ შეცვალოს.