Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რა პროფესიას უნდა დაეუფლოს ადამიანი, რომ ხელოვნურ ინტელექტთან კონკურენციაში არ დამარცხდეს?  AI ნამდვილად ინსტრუმენტია ადამიანის ხელში თუ ყველა, ვინც ჩათბოტს კეთილგანწყობით სწერს, წინდახედულობას იჩენს რობოტების ლმობიერების მოსაპოვებლად, მათი პოტენციური აჯანყებისთვის?

ჰუმანოიდი რობოტების ყოველდღიურობაში უფრო აქტიურად გამოჩენის შემდეგ, ადამიანის შიში იმაზე, რომ რობოტები ჩაგვანაცვლებენ და ჩვენს წინააღმდეგ გამოილაშქრებენ, გაიზარდა. პრობლემის ამგვარად გააზრებაზე სამეცნიერო ფანტასტიკა და პირველ რიგში, რობოტების მამა, აიზეკ აზიმოვი ჯერ კიდევ 1942 წელს ფიქრობდა:

1.რობოტს არ შეუძლია, ავნოს ადამიანს ან უმოქმედოდ იყოს, როცა მისი სიცოცხლე საფრთხეშია.

2. რობოტი უნდა დაემორჩილოს ადამიანის ბრძანებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ბრძანებები ეწინააღმდეგება პირველ კანონს.

3. რობოტმა უნდა იზრუნოს საკუთარი უშიშროებისთვის, როცა ეს არ ეწინააღმდეგება პირველ და მეორე კანონებს, – ეს აზიმოვის რობოტიკის სამი კანონია, რომელიც ავტორის შემოქმედების ბირთვია, თუმცა რობოტისა და ადამიანის ურთიერთობა  აზიმოვამდე  ფრენკ ბაუმმა ასახა, თავისი გმირის – წიკწიკას სახით (ინგილისურად TIK-TOK). შესაბამისად, ჩნდება მოსაზრება, რომ პირველი ლიტერატურული რობოტი სწორედ წიკწიკაა – „ მექანიკური კაცი“, წიგნიდან „ზურმუხტქალაქელი ოზმა“.

did the first robot come from oz 1050x700

ბაუმის მექანიკური კაცი ადამიანის ფორმისაა, თუმცა სრულად მექანიკური, რაც მის რობოტულ ბუნებას ადასტურებს. კიდევ ერთ დამადასტურებელ ფაქტორად კი Jstor-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ის სახელდება, რომ, წიკწიკა ადამიანმა შექმნა, აბსოლუტურად მექანიკური მეთოდით. ამასთანავე, წიკწიკა დანაწევრებულად მეტყველებს, ემოციები და გრძნობები კი არ გააჩნია. „მჭედლისა და ხელოსნის ნამუშევარი […] ფიქრობს, ლაპარაკობს, მოქმედებს, ყველაფერს აკეთებს, თუმცა ცოცხალი არ არის“ , – წერია სპილენძის კაცის აღწერის ბარათზე.

მნიშვნელოვანია, რომ წიკწიკას სამოქმედო სისტემა აზიმოვის კანონებშიც ჯდება, მიუხედავად იმისა, რომ ბაუმმა ის თავის წიგნში აზიმოვამდე აღწერა. „დღეიდან ერთ-გულ მსახურად მიგულე. თუ ჩემს მექანიზმს მომართულს დატოვებ, რა-საც მირძანებ, ყველაფერს სი-ხა-რუ-ლით შეგისრულებ“-, ეუბნება დოროთის – ოზის სამყაროს პროტაგონისტს, წიკწიკა, ადამიანის მსახური მექანიკური კაცი, რომელიც ლიტერატურაში 1907 წელს შემოვიდა,  თუმცა სიტყვა რობოტი დღევანდელი სახითა და ფუნქციით 1920 წელს,  ჩეხმა ძმებმა, ჩაპეკებმა  დაამკვიდრეს – ჩეხური სიტყვიდან, Robota- რაც მძიმე შრომას ნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ ტერმინის შერჩევაში კარლ ჩაპეკს დაეხმარა თავისი ძმა იოზეფი, რომელიც მისი შემოქმედების ილუსტრატორიც გახლდათ. რაც შეეხება R.U.R-ს (როსუმის უნივერსალურ რობოტები), ამ სამყაროს რობოტები აზიმოვის კანონებისგან  შორს დგანან.

1d08de1c81395227f20a57a7784ed6d6

იმის მიუხედავად,  რომ მათ პიესის დასაწყისში როსუმის რობოტებს გრძნობები და  ემოციები არ გააჩნიათ, დასასრულს კიდეც ტირიან, კიდეც უყვართ და ადამიანის წინააღმდეგაც მიდიან, იმდენად, რომ კაცობრიობასაც ანადგურებენ. სხვა ადამიანურ თვისებებთან ერთად, რობოტები შეცდომასაც უშვებენ. კაცობრიობის განადგურების შემდეგ, რობოტული რასის სიცოცხლე რომ გაგრძელდეს, ისინი გადაარჩენენ კაცს, ალკვისტს, მშენებელს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, როგორ იქმნება ახალი რობოტი.

ჭკვიანი მექანიზმები ხვდებიან, რომ მშენებლის ნაცვლად, ფიზიკოსი უნდა გადაერჩინათ.  ამ  უადამიანო სამყაროში, სადაც ალკვისტი რობოტების რასის გადარჩენის ხერხსაც ვერ პოულობს, ორ რობოტს, რომლებსაც ერთმანეთი თავგანწირვამდე უყვართ, ის ადამად და ევად მოიხსენიებს. მკითხველს  შეუძლია თავად გადაწყვიტოს,  ამ ლიტერატურული ეშმაკობით ავტორი რობოტების რასის გაგრძელებაზე მიანიშნებს თუ  გაადამიანებაზე. მომავალი მხოლოდ პარადიგმების დომინაციაშია? თუ ჯერ კიდევ არის ადგილი უენსდეისა და მისი თანამებრძოლებისთვის ამ სამყაროში?