ომის ისტორია ადამიანური ტრაგედიების ამბავია. გვახსოვს ბრძოლები, თარიღები, გამარჯვებულები და დამარცხებულები. მაგრამ რა ემართება წიგნებს, როცა ქალაქი იწვის?
ეს კითხვა უხერხულად გაიჟღერებდა წუთიერი დუმილისას ან მაშინ, როცა სიცოცხლე გადარჩენისთვის იბრძვის. თუმცა, წიგნები ბრმა ტყვიას არასდროს ეწირებიან. როგორც წესი, ბიბლიოთეკა მტრის პირველ სამიზნედ იქცევა ხოლმე.
1992 წლის აგვისტოში სარაევოს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა სამი დღის განმავლობაში იწვოდა. ცეცხლის ალში დაახლოებით მილიონნახევარი წიგნი, ათასობით ხელნაწერი, გაზეთი, საარქივო დოკუმენტი და იშვიათი გამოცემა დაიფერფლა. ასე განადგურდა ყველაფერი, რაც მეხსიერებას ინახავდა.
ტყვიების ზუზუნში ბიბლიოთეკარები და მოხალისეები ცოცხალ ჯაჭვს ქმნიდნენ, რათა ცეცხლიდან გადარჩენილი წიგნები გამოეტანათ. მათ შორის იბრძოდა აიდა ბუტუროვიჩიც- ბიბლიოთეკარი, რომელიც წიგნების გადარჩენის მცდელობისას სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.
სინამდვილეში, მაშინ ცეცხლში იწვოდა ყველაფერი, რასაც ადამიანები საუკუნეების განმავლობაში აგროვებდნენ – ცოდნა, კულტურა და ერის ამბები. ამიტომ ბოსნიაში მომხდარს მკვლევარები მეხსიერების განადგურებასა და კულტურულ გენოციდს უწოდებენ.
სარაევო ერთია იმ მრავალთაგან, სადაც ომმა იერიში წიგნზე მიიტანა.
1258 წლის მონღოლთა შემოსევის დროს, ბაღდადის ცოდნის ცენტრები განადგურდა. მათ შორის იყო „ბაით ალ-ჰიქმა“ – ცოდნის სახლი, რომელიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო ადგილად ითვლებოდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, მაშინ ძვირფასი ხელნაწერები მდინარე ტიგროსმა წაიღო. მერე ისტორია მითებითაც ჩანაცვლდა, თუმცა ბაღდადის დაცემა ისტორიაში იმ ამბად დარჩა, როცა ადამიანებმა წყალში ეპოქალური ცოდნა ჩაყარეს.
პირველი მსოფლიო ომის დროს, 1914 წელს, გერმანული ჯარების მიერ ბელგიის ქალაქ ლუვენის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა განადგურდა. ეს იყო თავდასხმა ევროპული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილზე.
1933 წლის მაისში გერმანიის ქალაქების მოედნებზე უნივერსიტეტის სტუდენტები წიგნებს საჯაროდ წვავდნენ. ცეცხლში იფერფლებოდა ებრაელი ავტორების ნაწარმოებები, პაციფისტური ლიტერატურა და ყველაფერი, რაც „არაგერმანულად“ გამოცხადდა.
ეს იყო მმართველი კლასისა და საზოგადოების კოლაბორაციონისტული ნაწილის თავგანწირული მცდელობა, განესაზღვრა, ვის უნდა ეწერა, ეფიქრა ან ეარსება.
ცეცხლში ქაღალდი და იდეა გვერდიგვერდ იწვის. წიგნი მეხსიერებას ინახავს და ამიტომ თუ განადგურება გინდა, პირველად კულტურის კერებიდან უნდა დაიწყო.
ქალაქის აღდგენა შეიძლება. ხიდიც თავიდან აშენდება და კედლებიც, მაგრამ გამქრალი წიგნი მართლა ქრება და მასთან იკარგება ძველი ხმა, რომელიც ფურცლიდან ისმოდა.
თუმცა ისტორია გადარჩენის ამბებსაც ინახავს.
2012 წელს, როდესაც ისლამისტური დაჯგუფებები ტიმბუქტუს ძველი ხელნაწერების განადგურებით იმუქრებოდნენ, ადგილობრივმა ბიბლიოთეკარებმა და მოქალაქეებმა ათასობით ხელნაწერი უსაფრთხო ადგილას ფარულად გადაიტანეს.
მეხსიერების გარეშე წარსულს ვერ მოყვები, წარსულის გააზრების გარეშე კი მომავლის აშენებაც რთულია. სწორედ ამიტომ, ყოველი გადარჩენილი გვერდი მორიგი ფაქტია იმაზე, რომ შეიძლება ადამიანს სამშობლო, ქალაქი, ხმა ან სიტყვა წაართვა, მაგრამ მეხსიერების შენარჩუნებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
