აშშ-ში ნეირომეცნიერებმა თაგვებს ადამიანის ტვინის ფუნქციური უჯრედები გადაუნერგეს. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ასე ფსიქიკურ დაავადებებსა და ნეიროგანვითარების ისეთ დარღვევებზე იმუშავებენ, რომლებიც მხოლოდ ადამიანებში გვხვდება.
ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის მიზანი იმ დაავადებების მკურნალობის გზების ძიებაა, რომელთა განკურნებაც ჯერჯერობით შეუძლებელია.
ზოგიერთი მდგომარეობის თაგვებზე შესწავლა აქამდე ვერ ხერხდებოდა, რადგან ტვინის ზოგიერთი დარღვევა მღრღნელებს არ უვითარდებათ.
აღნიშნულმა კვლევამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, „თაგვი ადამიანის ტვინით“ ზამზას მეტამორფოზას ან ფრანკეშტეინს გვახსენებს, თუმცა მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ ცდისპირი თაგვები ადამიანებივით არ აზროვნებენ, კვლევა კი ეთიკური რეკომენდაციების თანხლებით მიმდინარეობდა.
სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრის, სერგიუ პაშკას თქმით, კლინიკურ კვლევებში ყველაზე წარუმატებელი ფსიქიატრიის მიმართულებაა:
„ის წამლებიც კი, რომლებიც კლინიკური ცდების დროს ცხოველებში ეფექტურია, ადამიანებზე წარუმატებლად მუშაობს. ეს მიგვანიშნებს, რომ ადამიანის ბიოლოგიაზე ბევრი რამ არ ვიცით. შესაბამისად, კვლევას გარდამტეხი გავლენის მოხდენა შეუძლია ისეთი დაავადებების მკურნალობის პროცესში, როგორებიცაა ეპილეფსია, ცერებრალური დამბლა და აუტიზმი.

ცდა და ეთიკა
მეცნიერებმა კვლევისთვის გენური ინჟინერიის დახმარებით ისეთი თაგვები შექმნეს, რომელთაც ტვინის გარე ფენა ნაკლებად უვითარდებათ. ამ უბანს რუხ ნივთიერებასაც უწოდებენ, რომელიც მეხსიერებასა და შეგრძნებებს აკონტროლებს.
ადამიანის კანის უჯრედები ისე დააპროგრამეს, რომ მათგან ტვინის მსგავსი ქსოვილის ფრაგმენტები მიეღოთ. ფრაგმენტი კი ორგანოიდია და არა სრულქმნილი ტვინი.
თაგვის ტვინში გადანერგვის შემდეგ ადამიანის უჯრედები გამრავლდა, მღრღნელის ტვინის მუშაობის სტრუქტურაში ჩაერთო და თავისა და ზურგის ტვინის ნაწილებთან კავშირის დამყარებაც შეძლო. რამდენიმე თვეში ორგანოიდებმა თაგვის ტვინის გარე ფენის მსგავსი სახეც მიიღო. გადანერგვიდან 6 თვის შემდეგ, მეცნიერებმა თაგვების ქცევებზე დაიწყეს დაკვირვება, თუმცა ისინი ძირითადად ისევ ნორმალური თაგვებივით იქცეოდნენ.
ედინბურგის უნივერსიტეტის ბიოეთიკოსის, სარა ჩანის შეფასებით, არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ამ თაგვებს ადამიანებივით ფიქრი შეუძლიათ, ან რომ ეს ადამიანის ტვინია თაგვის სხეულში.
„ბიომედიცინა ცხოველთა ქიმერებს ათწლეულებია იყენებს, თუმცა საზოგადოების შეშფოთებას ადამიანისა და ცხოველის მოაზროვნე ჰიბრიდის შექმნის საფრთხე იწვევს. კვლევა გვაფიქრებს – რას ნიშნავს ცხოველის შემეცნებითი უნარების შეცვლა? რას გრძნობს ერთი ასეთი თაგვი და რა უნდა გავითვალისწინოთ ლაბორატორიულ თაგვებზე მუშაობისას?“ – ამბობს ჩანი.
სენტ ენდრიუსის უნივერსიტეტის მკვლევრის, ილარი ალოდის თქმით, რომელიც კვლევაში არ მონაწილეობდა, მეცნიერთა ნამუშევარი შთამბეჭდავია.
მისი თქმით, თაგვებს, რომლებსაც ორგანოიდები გადაუნერგეს, ისეთი უჯრედული ტიპები ჩამოუყალიბდათ, რომლებიც მხოლოდ ადამიანების და პრიმატების ტვინში გვხვდება,
„ადამიანის პროგრამას თაგვის სხეულში ინახავ. თითქოს თაგვი ინკუბატორია. მეცნიერები მუდმივად ცდილობენ ადამიანის ტვინის დარღვევებს ჩასწვდნენ, ხელთ გვაქვს თაგვები, თეფშზე დადებული უჯრედები და ნეირონული კავშირები კომპიუტერში, შესაბამისად ეს კვლევა სრულიად ახალი მიმართულებაა“, – განმარტა ალოდიმ.
კვლევა უფრო ვრცლად ჟურნალ Nature-ში შეგიძლიათ წაიკითხოთ. სხვა სამეცნიერო სიახლეებისთვის კი ჩვენს სამეცნიერო ბაზებსაც გაეცანით.
