Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ასე ხშირად ხდება?

წიგნის კითხვა დაიწყეთ და უცებ ტელეფონის შემოწმების ძლიერი სურვილი გაგიჩნდათ. ან ერთმა შეტყობინებამ მნიშვნელოვან საქმეს მოგწყვიტათ და voilà, reels-ების სამყაროში ხართ, ეკრანზე მიჯაჭვული და გაბრაზებული.

ბევრი ფიქრობს, რომ  ინფორმაციულმა ნაკადმა ჩვენი კონცენტრაციის უნარი შეამცირა.

მაგრამ მეცნიერება რაღას ამბობს?

არსებობს თეთრი, შავი და  გრადაციები. რეალობაც გაცილებით კომპლექსურია, ვიდრე მეინსტრიმული მოსაზრება, რომ ეკრანი ყურადღებას ამცირებს, უმისამართოდ ფანტავს და საერთოდაც, რა საჭირო იყო ეს სმარტფონები?

ნამდვილად მცირდება ჩვენი ყურადღების უნარი?

ბოლო წლებში გვესმის, რომ თანამედროვე ადამიანს კონცენტრაცია სერიოზული გამოწვევის წინაშეა. ზოგჯერ ამტკიცებენ, რომ ციფრულმა ტექნოლოგიებმა ჩვენი ყურადღების ხანგრძლივობა დრამატულად შეამცირა.

თუმცა  მოსაზრება სამეცნიერო ფაქტი არ არის.

ყურადღება  რთული კოგნიტური პროცესია, რომელსაც ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. მაგალითად, ჩვენი მიზნები, მოტივაცია, გარემო და ისიც, თუ როგორ ორგანიზდება ინფორმაცია ჩვენს გარშემო.

ფართოდ გავრცელებული აზრი, რომ ადამიანის ყურადღება ლამის თევზისას გაუტოლდა, მცდარია. განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ თევზის მეხსიერებაც არაა ისეთი მოკლე, როგორადაც წარმოვიდგენთ. 

სინამდვილეში,  ყურადღების უნარი კი არ  დაგვიქვეითდა, არამედ ციფრულ ეპოქა მის გონივრულ მენეჯმენტს მოითხოვს.

რატომ გვიფანტავს ყურადღებას სმარტფონი?

ადამიანები სტიმულებზე ბუნებრივად რეაგირებენ. შეტყობინების ხმა, ეკრანზე გაჩენილი ახალი ინფორმაცია ან სოციალური ქსელები ტვინის ისეთი გამაღიზიანებლებია, რომელიც ყურადღებას განსხვავებულ მიმართულებას აძლევს. ამაში გასაკვირი არაფერია – ტვინი ევოლუციურად ისე განვითარდა, რომ გარემოში ცვლილებები დროულად შეემჩნია.

ციფრული გარემოს თავისებურება ის არის, რომ ეს სტიმულები მუდმივად, ქაოსურად და უკონტროლოდ მოედინება.

ყოველი ახალი შეტყობინება ყურადღებას განსხვავებულ რეჟიმზე მომართავს. ერთი ამოცანიდან მეორეზე სწრაფად გადასვლა კი ტვინისთვის გამოწვევაა და  კონცენტრაციასაც ძალიან ართულებს.

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ტექნოლოგიებმა ყურადღება მოგვპარა, რადგან მედალს ორი მხარე აქვს. ჭკვიანმა მოწყობილობამაც შეიძლება ზიანი მოიტანოს ან  ცოდნის მიღების, სწავლისა და შემოქმედების ინსტრუმენტად იქცეს.

ამიტომ ეკრანთან გატარებული დრო კი არა, შინაარსია მნიშვნელოვანი:

რას ვაკეთებთ ამ დროს?

რა მიზნით ვიყენებთ ტექნოლოგიას?

მოაქვს ამ აქტივობას რაიმე ბენეფიტი?

არსებობს თუ არა სმარტფონზე დამოკიდებულება?

სავარაუდოდ, ჩვენი ეპოქის ასაღწერად ყველაზე გავრცელებულ ტერმინებად  „სმარტფონზე დამოკიდებულება“, „ინტერნეტდამოკიდებულება“ ან „სოც. ქსელებზე დამოკიდებულება“ იქცევა.

თუმცა მეცნიერება შეფასებებში ფრთხილია.

სმარტფონის ხშირი გამოყენება ავტომატურად კლინიკურ დამოკიდებულებას არ ნიშნავს. ადამიანი ტელეფონს ყველაზე ხშირად სამუშაოდ, სწავლისთვის, განტვირთვისთვის ან კომუნიკაციისას მოიხმარს.

პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა ტექნოლოგია თავად იქცევა ნების გამკონტროლებლად და ყოველდღიურობას აფუჭებს – მაგალითად, ხელს უშლის ძილს, მუშაობას, სწავლას ან სოციალიზაციას.

ამიტომ აქაც შინაარსის ძიება და სწორად დასმული კითხვა დაგვეხმარება:

-როგორ მოქმედებს გაჯეტთან გატარებული დრო ჩემს ნამდვილ ცხოვრებაზე?

რატომ დავკარგეთ ყურადღება, თუ ყურადღება არ დაგვიკარგავს?

თუ მეცნიერება ამბობს, რომ ჩვენი ყურადღება არსად გამქრალა, აბა რატომ გვაქვს ამის ძლიერი განცდა?

მიზეზი ყოველდღიური გამოცდილების ცვლილებაა.

ადრე ინფორმაციის მიღება  ნელი პროცესი იყო – ერთი  წიგნი, ერთი სტატია, ერთი წყარო.. დღეს კი ყველაფერს ერთი ეკრანი აერთიანებს. ჩვენი ტვინს მუშაობასთან ერთად, არჩევანის გაკეთებაც უწევს, რომელი ინფორმაციისკენ მიმართოს ყურადღება და რომელი უგულებელყოს.

ასე რომ, თანამედროვეობის უპირველესი გამოწვევა  ყურადღების დაკარგვა კი არა,  ყურადღების მართვის არცოდნაა.

ეკრანი თუ უნებისყოფობა? – რომელია ნამდვილი პრობლემა

ტექნოლოგიებზე საუბრისას ხშირად მარტივ პასუხს ვეძებთ – კარგია თუ ცუდი ეკრანი? მეცნიერება კი უფრო დაბალანსებულ ხედვას გვთავაზობს.

ტექნოლოგია არც მტერია და არც მხსნელი. მნიშვნელოვანი ის ჩვევები და გარემოა,  რომლებიც მის გამოყენებას ახლავს.

სოციალურმა ქსელებმა დრო შეიძლება ფუჭად გაგვაფლანგინოს, თუმცა ამავდროულად   სწავლის, პროფესიული განვითარების და ახალი ცოდნის მიღების  სივრცეებადაც გვევლინება.

მთავარია, ტექნოლოგია ნებისყოფით ვმართოთ.

და მთავარი, როგორ ვკონცენტრირდეთ?

ყურადღება კონსტიტუციური უნარი არაა – მასზე გავლენას ჩვენი ყოველდღიური გარემო და ჩვევები ახდენს.

კონცენტრაციის მოსაკრებად, რამდენიმე მარტივი მიდგომა შეიძლება დაგვეხმაროს:

-ერთდროულად ბევრი საქმის კეთების შემცირება;

მულტიტასკინგი ეფექტურობის ილუზიას ქმნის, თუმცა რეალურად რთულ ამოცანებზე ფოკუსირებას ამცირებს.

-დროის გამოყოფა  კონცენტრაციისთვის;

კითხვა, წერა, კვლევა და შემოქმედებითი მუშაობა ის აქტივობებია,  როცა მხოლოდ ერთზე ვკონცენტრირდებით.

ციფრული ჩვევების გააზრება:

მთავარი იმის გააზრებაა, რამდენად გონივრულად ვიყენებთ ტექნოლოგიურ ხელსაწყოებს.

ამგვარად, ციფრული ეპოქაში  მთავარი გამოწვევა ახალი უნარის შეძენაა: ვისწავლოთ ყურადღების მართვა სამყაროში, სადაც ჩვენი ყურადღების მოსაპოვებლად უამრავი რამ  იბრძვის და ერთმანეთს ეცილება.

წყაროები:

Pete Etchells — The Observer / The Guardian:

American Psychological Association — Cognitive Science Research